,,2020 და 2021 წლებისთვის წარმოდგენილი ეკონომიკური ზრდისა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო სააგენტოების პროგნოზებთან შედარებით, ოპტიმისტურად გამოიყურება’’, – აღნიშნულია 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
ორგანიზაციის თქმით, ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებისას, მიმდინარე წლის ტენდენციებისა და ალტერნატიული წყაროების პროგნოზების მაქსიმალურად გათვალისწინებაა მიზანშეწონილი.
,,წარმოდგენილი ბიუჯეტის კანონის პროექტით, 2021 წლისათვის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.0%-ით განისაზღვრა, რაც ერთი პროცენტული პუნქტით აღემატება მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონზე თანდართულ BDD-ში მოცემულ ანალოგიურ მაჩვენებელს. პანდემიამდე არსებული პროგნოზითაც 2021 წელს ეკონომიკის ზრდა 5.0%-ით იყო განსაზღვრული, თუმცა შესაბამისი ნომინალური მშპ-ის საპროგნოზო მოცულობა 57.4 მლრდ ლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც განახლებული პროგნოზით იგი 2.9 მლრდ ლარით მცირდება და 54.5 მლრდ ლარს უტოლდება.
2021 წლის ბიუჯეტის კანონპროექტზე თანდართულ BDD დოკუმენტში 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა 2020 წლის ეკონომიკური ზრდის არსებული პროგნოზიც და -4.9%-ის დონეზე განისაზღვრა. სსიპ – სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის 8 თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ -5.6% შეადგინა’’, – წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო სააგენტოების მიერ შეფასებული ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები განსხვავებულია როგორც 2020, ასევე 2021 წლის შემთხვევაში.
,,კერძოდ, 2020 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შედარებით პესიმისტურია მსოფლიო ბანკის (WB), ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისა (EBRD) და Standard & Poor’s-ის პროგნოზების მიხედვით და შესაბამისად, -6.0%-ს, -5.5%-სა და -6.0%-ს შეადგენს. ანალოგიურად, BDD-ში მოცემულ პროგნოზთან (5.0%) შედარებით პესიმისტურია 2021 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც და მსოფლიო ბანკის (WB) შემთხვევაში 4.0%-ის, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) შემთხვევაში 3.5%-ის, ხოლო Standard & Poor’s-ის პროგნოზით 3.0%-ის დონეზეა განსაზღვრული,”- აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
Photo credits to: სახელმწიფო აუდიტის სამსახური