საქართველოს კანონპროექტში „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“, რომელიც მთავრობამ პარლამენტში განსახილველად 1 ოქტომბერს წარადგინა, წინა წელთან შედარებით, გარკვეული ცვლილებებია.
კერძოდ, ბიუჯეტის ბალანსში შედარებით გაზრდილია შემოსავლები 10.5%-ით, ხოლო ხარჯები შემცირებულია 7.9%-ით.
შემოსავლების ძირითადი ნაწილი, 10.45 მლდ ლარი, შეადგენს გადასახადებს, რომელიც 1.47 მლდ ლარითაა გაზრდილი წინა წელთან შედარებით. გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ზრდა ფიქსირდება აბსოლუტურად ყველა ტიპის გადასახადზე. ამასთან, გრანტები და სხვა შემოსავლები იკლებს თითქმის 400 მლნ ლარით.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გრანტების უდიდესი ნაწილი, 216.725 მლნ მიიღება საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. ევროკავშირიდან მიღებული 185 მლნ ლარის ოდენობის გრანტით მოსალოდნელია დაფინანსდეს ეკონომიკის და ბიზნესის განვითარება საქართველოში, ეკონომიკური მმართველობა და ფისკალური ანგარიშგება, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა, უნარების განვითარება და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, სახელმწიფო მდგრადობის და სხვა პროგრამები. 31.725 მლნ ლარი გათვლილია კაპიტალური დანიშნულებისთვის, რაც გულისხმობს თბილისსა და რეგიონებში ინფრასტრუქტურული და გარემოსდაცვითი პროეტების განხორციელებას.
მომავალი წლისთვის ბიუჯეტში 18.19 მლნ ლარია გაწერილი უცხო სახელმწიფოთა მთავრობებისგან მიღებულ გრანტებზე, რომლებიც, ასევე, კაპიტალური დანიშნულებისაა, და 50 მლნ ლარი – მიმდინარე გრანტები ცენტრალური სსიპ-ებიდან/ა(ა)იპ-ებიდან.
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დეტალური ანალიზი გვიჩვენებს, რომ 2021 წლისთვის შრომის ანაზღაურებაზე ხარჯი იზრდება 52.7 მლნ ლარით და პროცენტზე – 100 მლნ ლარით. გაზრდილია, ასევე, სხვა ხარჯებიც. შემცირებაა მოსალოდნელი საქონლისა და მომსახურების, სუბსიდიების, გრანტებისა და სოციალური უზრუნველყოფის ხარჯებზე. ფუნქციონალურ ჭრილში, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების, ეკონომიკური საქმიანობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ხარჯები იკლებს, ხოლო, თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, საბინაო-კომუნალური მეურნეობის, დასვენების, კულტურის, რელიგიის და განათლების ხარჯები და არაფინანსური აქტივები მომდევნო წლისთვის იზრდება.
საგულისხმოა ბიუჯეტის პროექტის მეხუთე თავი, სადაც გაწერილია პრიორიტეტები და პროგრამები. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ხელმისაწვდომი, ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. მე-15 მუხლის 1 პუნქტის თანახმად, მომდევნო წლისთვის „გათვალისწინებულია საპენსიო ასაკის მოსახლეობის პენსიის ზრდა.“
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის შემცირებული ხარჯები, ბიუჯეტის პროექტის განმარტებით, გამოწვეულია პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების გაუთვალისწინებლად. ამ ეტაპზე, მომავალი წლის ბიუჯეტში არ არის ასახული პანდემიასთან ბრძოლის ხარჯები, თუმცა, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის წარდგენამდე უფრო სრულყოფილი ინფორმაცია იქნება ცნობილი როგორც ეფექტური ვაქცინის გამოშვების პერიოდის, ასევე მსოფლიო ეკონომიკაში არსებული პროგნოზების შესახებ და შესაძლებელი იქნება, დაავადების გავრცელების მასშტაბის და მაკროეკონომიკური პროგნოზის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სისტემისთვის საჭირო რესურსების განსაზღვრა.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულია: „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისა და ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრების შედეგად საქართველო კავკასიის რეგიონში ქმნის ენერგეტიკული გაერთიანების/ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის გადმოტანის პრეცედენტს“, რაც საინტერესო ინიციატივაა როგორც რეგიონალური, ისე – გლობალური (ინტეგრაციის) თვალსაზრისით.
2021 წლის ბოლოსთვსის სახელმწიფო საგარეო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 25.078 მლდ ლარით, ხოლო საშინაო ვალის მოცულობა 6.926 მლდ ლარით.
წარდგენილი პირველადი დოკუმენტის განხილვა პარლამენტში გაიმართება 7-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით. ხოლო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის წარდგენის ვადა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილია 30 ნოემბრამდე.
წყარო – parliament