პოლონეთი აბორტის უფლების წინააღმდეგ

პოლონეთის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ნაყოფის დეფექტის შემთხვევაში, აბორტის ჩატარება არაკონსტიტუციურია. პოლონური კანონები აბორტის შესახებ ერთ-ერთი უმკაცრესია ევროპაში, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა გადაწყვეტილებამ თითქმის სრულად აკრძალა აბორტი ქვეყანაში.

Photo credits to foreignpolicy.com

აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ ორსულობის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ან ის გაუპატიურების მსხვერპლია.

გასულ თვეებში, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები მთავრობას მოუწოდებდნენ, რომ მას აბორტზე მეტი შეზღუდვა არ დაეწესებინა.

პოლონეთის ახალ კანონთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა, Twitter-ზე განაცხადა, რომ “დადგა მწუხარე დღე ქალთა უფლებებისთვის”. მიატოვიჩის თანახმად, აბორტის აკრძალვა არღვევს ადამიანის უფლებებს.ცნობისთვის, 1993 წელს დადგენილი კანონით, ორსულობის შეწყვეტა შესაძლებელი იყო ნაყოფის მძიმე დაზიანებების შემთხვევაში – სწორედ ამ მოტივით ჩატარდა აბორტების 98% პოლონეთში. გასულ წელს, პოლონურმა მმართველმა ნაციონალისტურმა პარტიამ „კანონმა და სამართალმა“ წარადგინა ინიციატივა აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლოსობა იმავე პარტიამ დაასახელა.

პოლონეთში თითქმის ყველა ლეგალური აბორტი ნაყოფის დეფექტების საფუძველზე ტარდება, შესაბამისად, სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ყველანაირ ორსულობის შეწყვეტას კრძალავს.

მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი ევროპის ერთ – ერთი ყველაზე მკაცრად კათოლიკური ქვეყანაა, საზოგადოებას აბორტის აკრძალვა არ მოუთხოვია. მეტიც, გამოკითხვებისა და სტატისტიკის მიხედვით, პოლონელთა აშკარა უმრავლესობა აბორტის აკრძალვას ეწინააღმდეგება.

აღსანიშნავია, რომ ეპისკოპოსები და საეკლესიო კათოლიკური ჯგუფები ზეწოლას ახდენდნენ მმართველ პარტიაზე და უფრო მკაცრი კანონების დაწესებას მოითხოვდნენ. „კანონი და სამართალი“ ყოველთვის მხარს უჭერდა ტრადიციულ კათოლიკურ ღირებულებებს, თუმცა საზოგადოებრივი წინაღობის გამო, ამგვარი მისთვის მსგავსი კანონების დადგენა პრობლემური იყო.

ცნობისთვის, 2016 წელს აბორტის კანონის გამკაცრების მცდელობა დაახლოებით 100 000 ადამიანმა გააპროტესტა.