კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებული შტურმის შემდეგ, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა (Facebook, Amazon, Twitter, Google, Apple) პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სოციალური მედიის ანგარიშები დაბლოკეს ან დროებით შეაჩერეს. გარდა თავად პრეზიდენტისა, დაიბლოკა მისი ასიათასამდე მხარდამჭერის ანგარიშიც.
Facebook-ისა და Twitter-ის განცხადებების თანახმად, ეს ნაბიჯი ძალადობის წაქეზების თავიდან აცილების მიზნით იყო განხორციელებული. მათი თქმით, დონალდ ტრამპი სოციალური მედიის საშუალებით ხელს უშლიდა ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის პროცესს.
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ Twitter-ის აქციების ფასი 15.1%-ით, ხოლო Facebook-ის 8.5%-ით დაეცა.
კომპანიების ქმედებამ არაერთგვაროვანი გავლენა იქონია საზოგადოებისა და პოლიტიკოსების განწყობაზე, კონსერვატორების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს ტექნოლოგიური გიგანტების თვითნებურ ცენზურასთან, რომელიც, თავის მხრივ, ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერთა შორის არსებობს მოსაზრება, რომ ცენზურა უშუალოდ არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას სიტყვის თავისუფლების შესახებ და ის მოტივირებულია პოლიტიკური ნიშნით. ლიბერალთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ჩარევა აუცილებელი იყო ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და ძალადობის წაქეზების თავიდან აცილების მიზნით. მათი თქმით, სოციალურ ქსელებს აქვთ უფლება დაბლოკონ ისეთი მომხმარებლები, რომლებიც სხვებს ძალადობისაკენ მოუწოდებენ.
ტექნოლოგიური გიგანტების მიმართ პროტესტს გამოხატავს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც, მისი განცხადებით, აშშ-მა გერმანიის მაგალითი უნდა გაითვალისწინოს, კერძოდ, მიიღოს კანონები, რომლებიც ზღუდავენ კომპანიების თვითნებობას ინტერნეტ სივრცეში. მისი თქმით, რეგულაციებს უნდა იღებდნენ კანონმდებლები და არა კომპანიები, რომელთაც ამომრჩევლის მიმართ ანგარიშვალდებულება არ გააჩნიათ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში, აშშ-სგან განსხვავებით, კანონმდებლობა კომპანიებს აიძულებთ იყვნენ ანგარიშვალდებულნი და ცენზურა გონივრულად გამოიყენონ.
პროტესტის ტალღას უერთდება ილონ მასკიც, მისი განცხადებით, ტექნოლოგიური გიგანტების სიტყვის თავისუფლების დე ფაქტო არბიტრებად მოვლენა ბევრ ადამიანს გაანაწყენებს.
აშშ-ის კანონმდებლობით, სოციალური ქსელებს „კომუნიკაციის საშუალებების წესიერების აქტის“ 230-ე პარაგრაფი არეგულირებს. 1996 წელს მიღებული აქტის ეს პარაგრაფი წარმოადგენს ერთგვარ იმუნიტეტს სოციალური ქსელებისათვის, რომელიც კომპანიებს მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული შეტყობინებების შინაარსის იურიდიული პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს.
230-ე პარაგრაფის საფუძველზე, კანონი სოციალურ ქსელებს მედია გამოცემად არ განიხილავს, შესაბამისად, Facebook, Twitter, Instagram ცილისწამებისა თუ პატივისა და ღირსების შელახვის სასამართლო დავებისაგან დაცულნი არიან. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული განცხადება ეწინააღმდეგება სოციალური ქსელის შიდა წესდებას, კომპანიას ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე შეუძლია წაშალოს განცხადება, დროებით შეაჩეროს ან სამუდამოდ დაბლოკოს მომხმარებელი.
ტექნოლოგიური გიგანტების კრიტიკას უერთდება სტივ ფორბსიც, მისი თქმით, დიდი კომპანიები კონსერვატიული და მემარჯვენე იდეების ჩახშობით დიდ შეცდომას უშვებენ. ცენზურის ასეთი სახით გამოყენება პროტესტს გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, 230-ე პარაგრაფზეც აისახება. მისი თქმით, კომპანიებმა ცენზურა ობიექტური დარღვევების შემთხვევაში უნდა გამოიყენონ და მათი ქმედებები იდეოლოგიურად მიკერძოებული არ უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ ტექნოლოგიური გიგანტები ინტერნეტ სივრცეში ერთგვარ ოლიგოპოლიას წარმოადგენენ. ამის თვალსაჩინო მაგალითია: Parler-ის შემთხვევა.
Parler წარმოადგენს Twitter-ის ახალ ალტერნატივას, სადაც დაცულია მემარჯვენეთა იდეებიც და ცენზურა არ განსაზღვრავს თუ ვინ არის პლატფორმაზე ყოფნის ღირსი.
ოლიგოპოლიური ჰარმონიის შესანარჩუნებლად ტექნოლოგიურმა გიგანტებმა კოორდინირებული თავდასხმა განახორციელეს Parler-ის წინააღმდეგ. პირველ ეტაპზე, Google Play და Apple App Store-დან წაშალეს აპლიკაცია, შემდეგ უკვე Amazon-მა შეუწყვიტა სერვერებთან წვდომა, რაც პლატფორმის განადგურებას ნიშნავს.
ტექნოლოგიური გიგანტების ცენზურის ტალღამ ნეგატიური გავლენა იქონია საფონდო ბირჟისა და კომპანიების აქციების ფასებზე:
Twitter – 15.1%
Facebook – 8.5%
Google – 3.9%
Apple – 3.7%
Amazon – 2.4%
NASDAQ-100 – 2.3%
S&P 500 – 1.5%
Dow Jones – 0.9%
აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ ათეულობით სასამართლო სარჩელია შეტანილი, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი Parler-ის სარჩელია Amazon-ის წინააღმდეგ, რომელიც, ეკონომისტების აზრით, აგრეთვე ნეგატიურად იმოქმედებს აქციების ფასზე.
საზოგადოებაში გამოწვეული საპროტესტო განწყობა, პოლიტიკოსების განცხადებები, მედია გამოცემების მიერ გამოქვეყნებული სტატიები და გადაცემები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ინვესტორების განწყობასა და დამოკიდებულებაზე.
დებატების გაგრძელების შემთხვევაში, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასები კიდევ უფრო მეტად დაეცემა.
თავად ტექნოლოგიური გიგანტების ცენზურის პრობლემის გადაჭრა პოლიტიკურ ნებასთანაა დაკავშირებული. 230-ე პარაგრაფის შეცვლისა თუ გაუქმების საკითხი დემოკრატების მიერ კონტროლირებადი კონგრესის სურვილზეა დამოკიდებული.
არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით რადიკალურ ცვლილებები არ განხორციელდება და ინტერნეტ ცენზურის შემაკავებელი მექანიზმი აშშ-ის სამართლებრივ არსენალში არ გამოჩნდება.
სავარაუდოა, რომ აღნიშნული დისკუსია კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური – უნდა იდგეს თუ არა სოციალური ქსელები კონსტიტუციაზე მაღლა და სიტყვის თავისუფლების საკითხს სასამართლო უნდა წყვეტდეს თუ კომპანიები.