უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავკათ მირზიიოევმა, კირილიცას ანბანიდან ლათინურ ანბანზე გადასვლის დაჩქარებასთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა. 2019 წელს ტაშკენტის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უზბეკური ანბანის განახლების საბოლოო გეგმა პარლამენტს წარუდგინა. აღნიშნული პროექტის მიხედვით, ანბანი 30 სიმბოლოსგან შედგება.
21 ოქტომბერს გამოცემული განკარგულების მიხედვით, უზბეკეთის მთავრობის მიერ სპეციალური ლინგვისტური ჯგუფი შეიქმნება, რომელსაც ლათინურზე დაფუძნებული უზბეკური ანბანის შემუშავება დაევალება. გადამზადებები მთავრობის წარმომადგენლებს შორისაც მიმდინარეობს. 2021 წლის აპრილისთვის, მაღალჩინოსნები უზბეკურ ენას მაღალ დონეზე უნდა ფლობდნენ.
რეფორმა უზბეკური ენის გამოყენების გაზრდასა და უზბეკური იდენტობის გაძლიერებას ემსახურება. პრეზიდენტის მიერ გამოცემული დოკუმენტის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ 2030 წლისთვის საბავშვო ბაღების აღსაზრდელების 80% უზბეკურ ენაზე საუბრობდეს. ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებებში უზბეკური ენის სწავლების საათები გაიზრდება.
შავკათ მირზიიოევის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური მოსაზრებებითაც არის განპირობებული. ლათინურ ანბანზე გადასვლა შუა აზიის ქვეყნებში რუსულ გავლენას შეამცირებს. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად უზბეკები არაბულ დამწერლობას იყენებდნენ. 1920-იანი წლებიდან ლათინურ ანბანზე გადავიდნენ მანამ, სანამ საბჭოთა კავშირი სახელმწიფოში კირილიცას გაავრცელებდა. დამოუკიდებლობის მოპოვების მიუხედავად, დღესდღეობით, უზბეკეთში კირილიცა ფართოდ გამოიყენება.