უკრაინული კვალი ქართული ტურიზმის განვითარებაში

ინტერვიუ მარინა ჩაიკასთან

ავტორი: სოფო კარგარეთელი

ფოტო: ანა ბოკო

Welcome to Georgia! ანუ „ოსკარი“ ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროსთვის! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება წელს საიუბილეო თარიღს აღნიშნავს, წლის ბოლოს საუკეთესოები უკვე მეხუთედ გამოვლინდებიან. სპეციალურად შერჩეული ჟიური გამოავლენს საუკეთესო ზღვისპირა სასტუმროს, საუკეთესო სათხილამურო კურორტს, საუკეთესო ავიაკომპანიას, საუკეთესო ტრადიციულ რესტორანს, სულ 25 საუკეთესოს ინდუსტრიაში. ამ გზით, 5 წელია ქართული ტურიზმის განვითარებაში საკუთარი წვლილი მარინა ჩაიკას შეაქვს, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების თანადამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს.

რა იყო ის მიზეზი, რამაც ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დაარსება გადაგაწყვეტინათ, საიდან გაგიჩნდათ ასეთი იდეა?

პირველად საქართველოს როგორც ტურისტი 2011 წელს ვეწვიე. პირველივე დღეს მოვიხიბლე ქართველების სტუმართმოყვარეობითა და ხასიათით. მაშინვე შემიყვარდა ეს ქვეყანა. 2014 წლამდე ტურიზმისა და მასპინძლობის დაჯილდოებებს სხვადასხვა ქვეყნებში ვაორგანიზებდი. საქართველოშიც ჩავატარეთ კვლევა და აღმოჩნდა, რომ ტურიზის ეროვნული დაჯილდოების მსგავსი პროექტი არ არსებობდა. ამიტომ გადავწყვიტე და დავაფუძნე Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება. სწორედ ამ იდეით 2015 წლის აპრილში საქართველოში დავბრუნდი.

რა განსაზღვრავს ამ ჯილდოს პრესტიჟს და რა დრო დაგჭირდათ სექტორის მხრიდან აღიარებისთვის?

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მთავრი მისია ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის წახალისება, მისი პოპულარიზაციაა. ასევე, მაღალშემოსავლიანი ტურისტული კომპანიებისა და ბრენდების ცნობიერების ამაღლება, რომლებიც ქმნიან ქვეყნის პოზიტიურ იმიჯს მსოფლიოში. არ იყო მარტივი, დაგვერწმუნებინა კომპანიები, მიეღოთ მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. თავიდან იყო ცოტა სკეპტიკურად მიდგომები პროექტისადმი, თუმცა წლიდან წლამდე კომპანიები უკვე ენთუზიაზმით ეკიდებიან საკითხს. ისინი უკვე მოუთმენლად ელიან მომავალ დაჯილდოებებში მონაწილეობას. რთული იყო არა თავად იდეის, არამედ ინდუსტრიამდე იმ გზავნილის მიტანა, რომ ეს იქნებოდა მიუკერძოებელი კონკურსი, რათა სექტორი კიდევ უფრო მეტად წარმატებული ყოფილიყო. ჩვენ მოგვიწია ეს დაგვემტკიცებინა ყოველდღიურ რეჟიმში. თუმცა, ალბათ, როგორც ყველა კონკურსს, ჩვენც გვყავს უკმაყოფილო მოთამაშეებიც, რაც საკმაოდ ბუნებრივია.

რა როლი აქვს თქვენს დაჯილდოებას ქართული ტურიზმის განვითარებაში?

ეროვნული დაჯილდოების გარდა, ჩვენ ასევე ორგანიზებას ვუწევთ ტურიზმისა და მასპინძლობის ყოველწლიურ კონფერენციას. კონფერენცია წარმოადგენს ყოველწლიურ ღონისძიებას, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს ერთად შეკრიბოს შესაბამისი ინდუსტრიისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, მედია. ღონისძიება არის საუკეთესო გზა კომუნიკაციისთვის, ინფორმაციის გაცვლის, ტურიზმისა და მასპინძლობის, ასევე, ქართული ბიზნეს ინდუსტრიის სიახლეების გაზიარებისთვის. კონფერენციის ფორმატი ორიენტირებულია სამ ფასეულობებზე ‒ გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, განვითარება, შესაძლებლობები. კონფერენციის ფარგლებში ჩვენ ასევე ვუწევთ ორგანიზებას ტრენინგებს სექტორის მოთამაშეებისთვის.

კიდევ ერთი იდეა, რომელზეც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, ესა არის WTG მობაილ აპლიკაცია, რომელსაც შეუძლია მოგზაურთათვის შეასრულოს გიდის როლი საქართველოში. აპლიკაცია შესაძლებელს გახდის მომხმარებლის უკუკავშირს, შეფასებას, რომელსაც ჩვენ შემდეგ გამოვიყენებთ ნომინანტების შესაფასებლად რეალური მომხმარებლის გამოხმაურებების საფუძველზე.

დაჯილდოებას ფართო სარეკლამო კამპანია აქვს მთელი წლის მანძილზე. ჩვენ ბევრი საერთაშორისო მედია პარტნიორი გვყავს, რომელთა რესურსებსაც ვიყენებთ ნომინანტების, ფინალისტების, გამარჯვებულებისა და, ზოგადად, საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის. სწორედ ასე მივყვებით პროექტის გლობალურ მიზანს.

ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში არსებული კომპანიებისთვის რა სარგებელი მოაქვს თქვენს ჯილდოს, რატომ არის მისი ფლობა პრესტიჟული?

ყველა ქვეყანაში, სადაც ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია ვითარდება, არსებობს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებაც. ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის საუკეთესო შესაძლებლობა სექტორში მოღვაწე კომპანიების მოტივაციისთვის, რათა მათ გააუმჯობესონ მომსახურების ხარისხი. ეს არ არის მხოლოდ დაჯილდოება, ეს არის პლატფორმა, სადაც დარგის წარმომადგენლები ხვდებიან ერთმანეთს, უზიარებენ გამოცდილებასა და იდეებს ქვეყნის სამომავლო განვითარების ხედვასთან დაკავშირებით, ხდებიან პარტნიორები. ჩვენი პროექტი არის ერთადერთი პროექტი, რომელიც თავს უყრის დარგის ყველა მოთამაშეს. ჩვენი მიზანია, ეს ჯილდო გახდეს ერთგვარი „ოსკარი“ საქართველოს ტურიზმის სექტორში, არა მხოლოდ წითელი ხალიჩის ცერემონიისთვის, არამედ ბაზრის მოთამაშეების დამსახურების გამო.

ყოველწლიურად რა კრიტერიუმების მიხედვით ვლინდება ვინ არის საუკეთესო და იცვლება თუ არა კრიტერიუმები წლიდან წლამდე?

დამოუკიდებლობა და უმწიკვლო რეპუტაცია არის დაჯილდოების უმნიშვნელოვანესი ღირებულება. ნომინანტები ფასდებიან მიუკერძოებელი ჟიურის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ტურიზმისა და მასპინძლობის მსოფლიო და ადგილობრივი ექსპერტები. ყოველწლიურად ჩვენ ვაანალიზებთ შეფასების კრიტერიუმებსა და დაჯილდოების მთლიან პროცესს, რომელიც ეფუძნება ბაზრის განვითარებასა და კონკურენტუნარიანობას.

დაჯილდოების დამოუკიდებელი აუდიტორი ‒ BDO საქართველო, აჯამებს ჟიურის მიერ თითოეული ნომინანტისთვის მინიჭებულ ქულებს და გამოავლენს ფინალისტებსა და გამარჯვებულებს. შეფასება დაჯილდოების მეთოდოლოგიის საფუძველზე ხდება, რომელიც შეფასების კრიტერიუმების საერთაშორისო სტანდარტებს მოიცავს.

დაჯილდოვების თანაროგანიზატორია “საქართველოს ბანკი”; როგორ გახდით პარტნიორები?

ეს 4 წლიანი პარტნიორობის წარმატებული ამბავია. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ბანკის მიზანია ტურიზმის სფეროში ჩართული მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და წახალისება, ჩვენი პარტნიორობა ძალიან ლოგიკურია. ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტი აერთიანებს ტურიზმის მიმართულებით მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესებს და ინტენსიურად ახორციელებს საქართველოში ამ სექტორის პოპულარიზაციას. ასევე, ხელს უწყობს ინდუსტრიის განვითარებას და ახალისებს კომპანიებს მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

საქართველოს ბანკისა და ჩვენი საერთო ძალისხმევით, ბაზრისთვის უკეთესი, ინოვაციური პროდუქტისა და მომსახურების მიწოდების მიზნით, ვმუშაობთ ბევრ საინტერესო იდეაზე, საინტერესო კომპანიებთან და ბიზნესში წარმატებულ ქალებთან. ყველა ასეთი ნაბიჯი ხელს უწყობს სექტორის მოტივაციას, სტიმულირებას და ახალი იდეების მხარდაჭერას.

როგორ ხედავთ საქართველოს შესაძლებლობებს საერთაშორისო ბაზარზე? რა სჭირდება ქვეყანას მეტი აღიარებისთვის?

საქართველო პატარა ქვეყანაა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე სტრატეგიული მდებარეობით, სადაც ტურიზმი და მასპინძლობა ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი სექტორია. გვჯერა, რომ ჩვენი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია გლობალური თვალსაზრისით. ვხედავთ დიდ პოტენციალს ამ ინდუსტრიის შემდგომი განვითარებისთვის ქვეყანაში. არსებობს მრავალი ადგილი, რომლებიც ჯერ კიდევ აღმოსაჩენია, განსაკუთრებით რეგიონებში. გვჯერა, რომ უცხოელი სტუმრების შემოდინება რეკორდულ რიცხვს მიაღწევს. საქართველოში ყველა პირობაა ბევრი სექტორის და მათ შორის, მომსახურების სექტორის განვითარებისთვის. საქართველოს სტუმართმოყვარეობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს. თუმცა, არსებობს გლობალური მომსახურების სტანდარტები, რომლებიც უნდა დამკვიდრდეს და ქართული სტუმართმოყვარეობის ნაწილი გახდეს. საერთაშორისო სტანდარტებისა და ქართული სტუმართმოყვარეობის ღრმა ტრადიციის შერწყმით, ჩვენ რაღაც ნამდვილად უნიკალურს მივაღწევთ.

ეროვნული მნიშვნელობის საქმეში მარინა ჩაიკას გვერდით, „საქართველოს ბანკი“ უკვე ოთხი წელია დგას. ბანკი პროექტის ოფიციალური მხარდამჭერი და თანაორგანიზატორია. პარტნიორობის ფარგლებში „საქართველოს ბანკი“ ტურიზმის ინდუსტრიაში საუკეთესო ქალ მეწარმეს და მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით წლის ყველა მზარდ კომპანიას აჯილდოებს. დაჯილდოების ფარგლებში, „საქართველოს ბანკმა“ დააწესა სპეციალური ნომინაცია ‒ „#მევქმნი ‒ ყველაზე წარმატებული ქართული ბიზნესი ტურიზმის ინდუსტრიაში“. ამ ნომინაციებში გამარჯვებულებს ბანკი განსაკუთრებულ საჩუქარს გადასცემს. პროექტით, „საქართველოს ბანკის“ დაინტერესება ფინანსური ინსტიტუტის პრიორიტეტებიდან გამომდინარეობს, მათ შორის ტურიზმს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს.

„საქართველოს ბანკისათვის“ მნიშვნელოვანია იყოს ისეთი მასშტაბური პროექტის მხარდამჭერი და თანაორგანიზატორი, როგორიც ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებაა, რაც ხელს უწყობს სექტორის ზრდას, მასში დასაქმებული ბიზნესების განვითარებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. „საქართველოს ბანკისთვის“ მნიშვნელოვანია ეს პროექტი, რადგან ტურიზმი ჩვენთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მიგვაჩნია, რომ ტურიზმის სწრაფად მზარდი სექტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. ბანკის მხარდაჭერით, 2018 წლის მანძილზე, სექტორის დასაფინანსებლად განხორციელდა 153 მილიონი დოლარის ინვესტიცია, სასტუმროებში დასაქმდა 4,622 ადამიანი, ოთახების რაოდენობა განთავსების ობიექტებში გაიზარდა 6,701 ოთახით. 2018 წელს დადებული გარიგებების შესაბამისად, ბანკი სექტორს 150 მილიონი დოლარით დააფინანსებს“,-აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.