მოდერატორი: თეკლა თარგამაძე
წამყვანი საერთაშორისო მედიასაშუალებები, თანამედროვე კრიტიკოსები და ჟურნალისტები ქართული წიგნების თარგმანს ეცნობიან… უთმობენ დროს… ამუშავებენ ტექსტებს, ანალიზს უკეთებენ. საერთაშორისო მედია სივრცე გაჯერდა პოზიტიური სტატიებით საქართველოს და ქართული ლიტერატურის შესახებ.
მწერლები უფრო თვითდაჯერებულნი…
ქართველი მოსახლეობა კი ლიტერატურის კულტურული ღირებულების გადახარისხების პროცესში ჩაკარგული.
ეს ყველაფერი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრობის შედეგია. მსოფლიოს უმნიშვნელოვანესმა კულტურულმა პლატფორმამ და საქართველოს წარმატებულმა პროექტმა, ქართულ ლიტერატურას ახალი ძალა აპოვნინა. აღსანიშნავია, რომ ამ წარმატების მიღმა უზარმაზარი გუნდი, უამრავი ადამიანის დაუღალავი შრომა, ენთუზიაზმი და ძალისხმევა დგას.
მათგან ორს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორს – დეა მეტრეველს და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ბორდის თავმჯდომარეს – გვანცა ჯობავას, წიგნიერებასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხზე საუბარი შევთავაზეთ.
ღირსების პროექტის თანაშემქმნელი ქალები – Forbes Woman Georgia-სთვის.
წიგნიერების პოპულარიზაციის მნიშვნელობა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის
გვანცა ჯობავა: ზოგადად, ჩემი ორგანიზაციის საქმიანობა, პირველ რიგში, საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას ემსახურება. წლის მოვლენა საერთაშორისო პროექტები იყო, თუმცა მიგვაჩნია, რომ საქართველოს მასშტაბით წიგნიერების გავრცელება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. იმ პროექტებსაც კი, რომლებსაც პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო დონეზე ვაკეთებთ, ადგილობრივ ბაზარზე უნდა ჰქონდეს გავლენა. ხშირ შემთხვევაში ასეც არის ხოლმე, იმიტომ რომ ის, რაც პოპულარული ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ, ხშირად ადგილობრივ დონეზე იწვევს მკვეთრ ინტერესს.
ცნობიერების ამაღლებას, რა თქმა უნდა, დიდწილად სწორედ წიგნიერება განაპირობებს. პირველი, რაც საზოგადოებაში უნდა განვითარდეს და რამაც ხელი უნდა შეუწყოს, ზოგადად, ქვეყნის განვითარებას, არის განათლება და, შესაბამისად, წიგნიერება. იმ მნიშვნელოვანი პრობლემების და აქტუალური თემების მოწესრიგებას, რაზეც ხშირად საუბრობს არასამთავრობო სექტორი, იქნება ეს თანასწორობა, ქალთა უფლებები თუ სხვა, წიგნიერება უწყობს ხელს. განათლება განაპირობებს ნაკლებ აგრესიას, საზოგადოება ხდება ნაკლებად ძალადობრივი, იმიტომ რომ წიგნი და ლიტერატურა გვეხმარება უფრო ლმობიერები გავხდეთ ერთმანეთის მიმართ და უკეთ გავიგოთ იმ ადამიანების ცხოვრებაც კი, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია.
დეა მეტრეველი: ვეთანხმები გვანცას, თუ ჩვენ გვინდა ჯანსაღი და თავისუფალი თაობა, ჩვენ მათ უნდა შევაყვაროთ წიგნები, უნდა დავანახოთ თუ რატომ არის კარგი წიგნების კითხვა. თუ გადავხედავთ, რა როლი ჰქონდა ქართულ ლიტერატურას, ენას და მწერლებს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისკენ სწრაფვის პროცესში, ვნახავთ, რომ ლიტერატურა ყველაზე კარგად ასახავდა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და იდენტობის შენარჩუნებისკენ სწრაფვას. შესაბამისად, ქართული ენა, ჩვენი იდენტობის მთავარი ღერძი, სწორედ ქართულმა ლიტერატურამ შემოინახა და ეს უდავოდ ქართველი მწერლების დამსახურებაა. თუ ვაღიარებთ იმას, რომ ვართ თანამედროვე მსოფლიოს ღირსეული ნაწილი, აუცილებელია, თანამედროვე სამყაროს განვითარებას ფეხი ავუწყოთ. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა თანამედროვე ავტორები იკითხონ იმიტომ, რომ მათ სამწერლობო ენას ვერ გამოაპარებ ვერც ერთ პრობლემას. ყველაფერს სარკესავით ასახავენ, ჩვენი საზოგადოების რეალურ სახეს, ზოგჯერ არც თუ ისე ლამაზს. ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებისთვის ლიტერატურა და წიგნები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
ქართული ლიტერატურის გავრცელება საერთაშორისო ასპარეზზე და ამ პროცესის კულტურული ღირებულება
დეა მეტრეველი: ქართული ლიტერატურა მსოფლიო ლიტერატურის მუდმივად განვითარებადი პროცესის ნაწილია. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან საინტერესო, რთულ, გამოწვევებით სავსე რეგიონში, ამიტომაც აქ ადამიანებს სხვანაირად სტკივათ, აქ ადამიანები მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს სხვა კუთხით უყურებენ. ამ სატკივარს ისე ვერასოდეს დაინახავს ევროპელი, როგორც შეიძლება ქართველმა მწერალმა დაინახოს და ასახოს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ჩვენი ლიტერატურის ძალიან საინტერესო წარდგენა, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, იმის რომ ქართველი ავტორები მნიშვნელოვანი არიან ევროპელი მკითხველისთვის.
გვანცა ჯობავა: ქართული ლიტერატურის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაცია იმ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ამ კუთხით ფაქტობრივად 1 საუკუნე გვაქვს დაკარგული. მაშინ, როცა საბჭოთა კავშირის პერიოდში, რკინის ფარდის მიღმა ვიყავით, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია მხოლოდ საბჭოთა სივრცეში და მეზობელ ქვეყნებში ხდებოდა. სწორედ ამიტომ დარჩენილი მსოფლიო და, რაც მთავარია, ევროპა საქართველოს თავისი ლიტერატურით ნაკლებად იცნობს. არსებობს მხოლოდ ცალკეული შემთხვევები და აქედან ერთ-ერთი არის ალბათ “ვეფხისტყაოსანი”, რომლის გენიალობის წინაშე რკინის ფარდაც უძლური აღმოჩნდა და ის 60-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი.
ჩვენ ხშირად ვცხოვრობთ ილუზიაში, რომ მსოფლიოში ჩვენი პრობლემები კარგად იციან. მეც და დეამაც საერთაშორისო ბაზრობებზე აღმოვაჩინეთ, რომ თუნდაც ისეთი მასშტაბური თემა, როგორიც რუსული ოკუპაციაა, რომელიც ამ საუკუნეში, 2008 წელს მოხდა და ჩვენ გვქონდა იმის განცდა, რომ ამის შესახებ ყველამ გაიგო, საზოგადოება საკმარისად ინფორმირებული არ არის. თანამედროვე ლიტერატურას სწორედ ეს შეუძლია, ერთი გენიალური ბესტსელერით გააგებინოს მსოფლიოს ჩვენი ტკივილი. ის ელჩობის ტოლფასია.
გამოცემის თავისუფლება და საავტორო უფლებების დაცვა
გვანცა ჯობავა: გამოცემის თავისუფლება არის თემა, რომელიც საქართველოში მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს მწერლებს შეუძლიათ დაწერონ ის, რაც სურთ და მათ არ ექნებათ გამოცემის პრობლემა. თუმცა, ამის მიღმა უამრავი პრობლემაა, თუნდაც საავტორო უფლებები. ჩვენს ქვეყანაში საავტორო უფლებების შესახებ ცნობიერება საკმაოდ დაბალია. ადამიანებისთვის ეს აბსტრაქტული ცნებაა, რადგან უჭირთ გაიაზრონ, რას ნიშნავს ინტელექტუალური ქონება, რომელიც ადამიანის საკუთრებაა და არ შეგვიძლია მისი ნებართვის გარეშე გამოვიყენოთ.
ჩვენ არ უნდა გვრცხვენოდეს იმის თქმის, რომ წიგნი არის კომერციული პროდუქტი და კულტურა და ხელოვნება, ასევე, არის კომერცია. პრობლემა იმაშიცაა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც ამ ყველაფერს დაარეგულირებს.
დეა მეტრეველი: მწერლებისთვის, მთარგმნელებისთვის, ვინც ამ საგამომცემლო სექტორს ემსახურებიან, ინტელექტუალური პროდუქტი უნდა იყოს შემოსავლის მომტანი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო პერიოდში ქართველმა ავტორებმა ირწმუნეს, რომ მათი ლიტერატურა საქართველოს საზღვრებს გარეთაც პოულობს მკითხველს და რომ ეს მათთვის შესაძლოა დამატებითი შემოსავლის წყაროც იყოს. არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს წიგნის საგამომცემლო სექტორი პატარაა, შესაბამისად, ახალი ბაზრების ძიება, როგორც ქართველი გამომცემლებისთვის, ისე ავტორებისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
გვანცა ჯობავა: უნდა ვახსენოთ საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციაც, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად იყო რუსეთის მხრიდან ზეწოლის ობიექტი. ეს ასოციაცია გაერთიანებულია რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში და მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სიზაკი, რომელიც 200-მდე ქვეყანას აერთიანებს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის არის რუსეთიც. თუმცა რუსეთმა, გვერდის ავლით შექმნა დამოუკიდებელი გაერთიანება, კონფედერაცია, სადაც შეიყვანა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, როგორიცაა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი. საქართველოსგანაც დაჟინებით ითხოვდა გაწევრიანებას. ცხადია, ქართული საავტორო უფლებების ასოციაციისგან მიიღო უარი. ზეწოლის რამდენიმე მცდელობისა და ჩვენი მხრიდან ბევრი უარის შემდეგ, ასეთი ალტერნატიული გზა მოიფიქრეს. ჩვენს საავტორო უფლებების ასოციაციაში არა მხოლოდ მწერლები და ლიტერატორები წევრიანდებიან, არამედ მუსიკოსებიც, მსახიობებიც, არტისტებიც. მათ ჰქონდათ მცდელობა შეექმნათ ალტერნატიული ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია ატარებდა შეხვედრებს ქართველ არტისტებთან და სთავაზობდა სამჯერ უფრო მეტ ჰონორარს, ვიდრე ისინი ღებულობდნენ საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციისგან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ე.წ. “რუსული ფული”, რითიც უნდოდათ ქართველი არტისტების ყიდვა. ეს გადაბირება ნიშნავს იმას, რომ მთელი კონტროლი არტისტების პირადი მონაცემების, მათი საქმიანობის, ჰონორარების შესახებ გადავიდოდა რუსული ორგანიზაციის ხელში.
საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციამ წამოიწყო კამპანია “არა ინტელექტის ოკუპაციას”, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი და ორგანიზაცია ჩაერთო. აქ მთავარი იყო ის, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ძლიერები და გაგვეანალიზებინა სინამდვილეში რა ხდებოდა. საინფორმაციო კამპანიას ჰქონდა ყველაზე დიდი მნიშვნელობა, რათა მაქსიმალურად ბევრ ადამიანს გაეგო, რომ ასეთი საფრთხეები არსებობს. როგორც კი ამ პრობლემის შესახებ შევიტყვეთ, მაშინვე სრული მხარდაჭერა გამოვუცხადეთ საავტორო უფლებების ასოციაციას, ვესაუბრე “საქპატენტსაც”, რომელიც სახელმწიფო ორგანიზაციაა და, სხვათა შორის, მათაც დამიდასტურეს, რომ მსგავსი მცდელობები რუსეთის მხრიდან მათთანაც არაერთხელ ყოფილა. ასეთი შემოტევები არსებობს და, სამწუხაროდ, საქართველო მუდმივად რუსეთის ინტერესის არეალში ხვდება, ინტელექტუალურ ფრონტზე ამგვარი შემოტევა კი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ რაოდენ განსმსაზღვრელ როლს ასრულებს კულტურის სფერო ჩვენი ქვეყნის ფორმირებაში.
ქალი ავტორები და მათი წარმატება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
დეა მეტრეველი: ბევრი უცხოელი გამომცემელი და, განსაკუთრებით, გერმანელები (არ ვიცი რატომ), ქართველი ავტორებით დაინტერესებისას, ხშირად გვთხოვდნენ ქალი ავტორები გვერჩია მათთვის. ჩემთვის, როგორც ფილოლოგისთვის, როგორც მკითხველისთვის, მიუღებელია მწერლის სქესობრივი ნიშნით დაყოფა, მწერალი მწერალია, თუმცაღა მისასალმებელი იყო ის, რომ ქალთა ლიტერატურული ხმების მიმართ ინტერესი ასეთი მაღალი იყო. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული ლიტერატურა ნამდვილად მრავალფეროვნად და საინტერესოდ იყო წარმოდგენილი. სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე ავტორები, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, და, რა თქმა უნდა, სქესობრივი ბალანსიც სრულად იყო დაცული. ბაზრობის გახსნიც ცერემონიალზეც კი, სადაც, როგორც წესი, ერთი ავტორი ამბობს მთავარ სიტყვას ქვეყნის სახელით, საქართველო ორმა მწერალმა – აკა მორჩილაძემ და ნინო ხარატიშვილმა – წარადგინა.
გვანცა ჯობავა: ზოგადად, ქართულ საგამომცემლო სფეროში ძალიან ბევრი ქალი მუშაობს, იგივე სურათია უცხოურ გამომცემლობებშიც, თუმცა ჩვენგან განსხვავებით, გადაწყვეტილების მიმღებ, ლიდერ პოზიციებზე კაცები ჭარბობენ. საქართველოს შემთვევაში, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ საგამომცემლო სფერო მასკულინური არ არის, საგამომცემლო სახლებს ხშირად ხელმძღვანელობენ ქალები. წიგნთან დაკავშირებულ ბევრ ორგანიზაციაში შეგხვდებათ ქალი ლიდერი. ფრანკფურტში ჩვენი წარდგენის პროექტი, ახალგაზრდა ქალების ხელმძღვანელობით შედგა. ეს დიდი პროექტი ძირითადად განახორციელეს ქართველმა რეალიზებულმა, შრომისმოყვარე ქალებმა. რაც შეეხება მწერალ ქალებს, უბრალოდ დავამატებდი იმას, რომ განსაკუთრებით 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მათი ხმა მწერლობაში, მკითხველში თავისუფალი აზროვნების ფორმირების საქმეში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
წიგნის საერთაშორისო დღე და წიგნთან დაკავშირებული პროფესიული ღონისძიებები
გვანცა ჯობავა: ძალიან მნიშვნელოვანია 23 აპრილი, წიგნის საერთაშორისო დღე, რომელსაც ჩვენ 2003 წლიდან სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა სივრცეში აღვნიშნავთ. ზოგადად, მთელ მსოფლიოში ეს დღე სახალხო დღესასწაულად ითვლება. ყველა მაქსიმალურად ცდილობს გამოვიდეს ქუჩაში, დაესწროს წიგნების გამოფენა-გაყიდვას. ასევე ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ტრადიციულად მაისის ბოლოს ტარდება ხოლმე. ეს ჩვენი ასოციაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ფესტივალის ისტორიაში კი, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, როცა 2018 წლის მაისში, საიუბილეო,
მე-20-ე ფესტივალზე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა თავის სტენდით ჩამოვიდა და, პირველად, ჩვენს ისტორიაში თბილისის ფესტივალი ბაზრობის პრეზიდენტმა გახსნა. ახლა კი, როცა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრობა წარმატებით ჩავატარეთ, რა თქმა უნდა, უკვე გვაქვს მეტის შექმნისა და განვითარების ამბიცია. გვინდა ის, რაც საერთაშორისო დონეზე კარგად გამოგვივიდა ყველას, ადგილობრივ ბაზარზეც აისახოს. წლევანდელ ფესტივალს გახსნის გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი, რაც ასევე ისტორიული მოვლენაა. გაიმართება მნიშვნელოვანი ღონისძიებები, დისკუსიები, სადაც ძალიან ბევრ აქტუალურ და პროფესიულ თემაზე, ქართული საგამომცემლო სექტორის გამოწვევებზე ვისაუბრებთ. ჩვენს ფესტივალს კიდევ ბევრი სიახლე და გეგმა აქვს, რომელიც ძალიან მალე გახდება ცნობილი.
დეა მეტრეველი: ცხელი მაისი გველის…
გვანცა ჯობავა: გეთანხმები, ლიტერატურის თვალსაზრისით ძალიან ცხელი პერიოდია ხოლმე, ამ პერიოდს ყოველთვის ზეიმის განცდა და განწყობა მოჰყვება…
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის 5 წლის იუბილე
დეა მეტრეველი: წიგნის ცენტრის გუნდისთვის, ეს 5 წელი იყო ღირსების 5 წელი. პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის უნდა დაგვემტკიცებინა ძალიან ბევრი რამ, დაგვეძლია უამრავი დაბრკოლება, დაგვეპყრო უამრავი “მწვერვალი” და გაგვჩენოდა უამრავი ახალი გამოწვევა. ამ 5 წლის განმავლობაში, ჩვენ ვგრძნობთ, რომ მწერლებისთვის და გამომცემლებისთვის ცენტრის არსებობა და ის პროცესი, რომელიც აქ მიმდინარეობდა, მათი ღირსებისთვის, მათი შემდგომი წამატებისთვის იყო და არის მნიშვნელოვანი. ამას რომ ვხედავთ, ვგრძნობთ და, შესაბამისად, ვართ უკიდეგანოდ მობილიზებულები. ეს წლები ნამდვილად იყო ღირსების წლები.