ცნობისმოყვარეობა იგებს

ინტერვიუ ოთარ ბიჭიაშვილთან

ავტორი: ანა თავაძე

© ანა ბოკო

 

ალბათ წლების წინ ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ გაფუჭებული “სეგას” ჯოისტიკებთან ჩხირკედელაობის პროცესში გამოვლენილი ცნობისმოყვარეობა, ერთ დღეს “Microsoft“-ის პროგრამულ დეველოპმენტამდე მიიყვანდა. ეს დღეც დადგა და დღეს ოთარ ბიჭიაშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მულტინაციონალური კომპანიის, ტექნოლოგიის ინდუსტრიის გიგანტის, “Microsoft“-ის თანამშრომელია. გზა ბავშვობიდან – შრომით ბაზრამდე.

ქართველი Microsoft-ელი თავის ისტორიას გვიყვება.

საიდან გაგიჩნდათ ინტერესი ამ სფეროს მიმართ და რა ბუნებვრივი სასტარტო პირობები გქონდათ, რამაც გიბიძგათ ამ სფეროში მოღვაწეობისკენ?

ბავშვობიდან მიყვარდა კომპიუტერებთან და, ზოგადად, ელექტრონიკასთან თამაში, დაშლა და აწყობა. კომპიუტერები, ჯოისტიკები, დისტანციურად მართვადი მანქანები – რაზეც ხელი მიმიწვდებოდა, ყველაფერს ვშლიდი და ვნახულობდი, როგორ მუშაობდა. დაახლოებით ოთხის ვიყავი, როცა მშობლებმა მე და ჩემს დას “სეგა” გვაჩუქეს. სამწუხაროდ, “სეგას” ჯოისტიკები ხშირად ფუჭდებოდა. რამდენიმე გაფუჭებული ჯოისტიკის დაგროვების შემდეგ მათი გამოყენება დავიწყე და ერთ გამართულ ჯოისტიკს ვაწყობდი. ხშირად მიზიანდებოდა დისტანციური მანქანები, მათი შეკეთებაც ვისწავლე.

6 წლის ვიყავი, როცა მშობლებმა პერსონალური კომპიუტერი იყიდეს და ჩემი ყურადღებაც მასზე გადაერთო. მალევე ავითვისე, რა და როგორ მუშაობდა. შემდეგ უკვე კომპიუტერულმა თამაშებმა გამიტაცეს და დიდ დროს ამას ვუთმობდი. ახალი ცოდნის დაგროვებასთან ერთად, ჩემი ინტერესიც იზრდებოდა. ამ პერიოდში იყო პირველი ვებ გვერდების შექმნის მცდელობა. ონლაინ თამაშებიც საკმაოდ პოპულარული იყო და მეც დრო და დრო ვთამაშობდი. თამაშისას გამიჩნდა სურვილი, იმის ნაცვლად, რომ სხვის სერვერებზე მეთამაშა, ჩემი სერვერი შემექმნა, სადაც სხვა მოთამაშეები შეძლებდნენ თამაშს. ჯერ ერთი თამაშით დავიწყე, მეგობრებში გავავრცელე ინფორმაცია, რომ ჩემი სერვერი მქონდა და შეეძლოთ, იქ ეთამაშათ. საკმაოდ წარმატებული გამოვიდა და რამდენიმე კვირაში უკვე ხალხი აქტიურად თამაშობდა. შემდეგ უფრო მრავალმოთამაშიანი თამაშის სერვერის გაკეთება მინდოდა, რასაც უკვე მოგების მოტანა შეეძლო. ეს უფრო რთული აღმოჩნდა, მაგრამ ონლაინ მასალების გამოყენებით რამდენიმე დღეში გამართული სერვერი მქონდა. როცა ნაცნობებმა გაიგეს, რომ ჩემი სერვერი მქონდა, მთხოვეს, მათთვისაც გამეკეთებინა. მეც დავთანხმდი და გასამრჯელოს სანაცვლოდ რამდენიმე მსგავსი სერვერი გავმართე.

© ანა ბოკო

როგორი იყო თქვენი საგანმანათლებლო მოღვაწეობა და შემდეგ შრომით ბაზარზე გასვლა?

აბიტურიენტობის პერიოდში დიდ დროს სწავლას ვუთმობდი. განათლების გაგრძელება საზღვარგარეთ მინდოდა. გამოცდის შედეგები და ჩემი აპლიკაცია ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში გავაგზავნე. ყველგან მიმიღეს და ფინანსური მხარდაჭერაც გამომიყვეს, მაგრამ მათი უმეტესობა მაინც ხელმიუწვდომელი იყო. საბოლოოდ გადავწყვიტე Jacobs University Bremen-ში (ბრემენი, გერმანია) წავსულიყავი, კომპიუტერული მეცნიერების სასწავლებლად. უნივერსიტეტის დამთავრების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა სტაჟირების გავლა იყო. პირველი წლის შემდეგ, საქართველოში ვიყავი საზაფხულო არდადაგებზე ჩამოსული და ამ დროს გავიარე პირველი სტაჟირება თბილისში, UGT-ში.

უნივერსიტეტში დაბრუნების შემდეგ გავიგე, რომ Microsoft-ს ჰქონდა სტაჟიორებისთვის პროგრამა და მეც ჩემი აპლიკაცია გავაგზავნე. მეორე დღეს მომივიდა შეტყობინება, რომ ჩემს აპლიკაციას გადახედეს და “სკაიპით” უნდოდათ გასაუბრება. დაახლოებით ერთ საათი ვისაუბრეთ – რამდენიმე ლოგიკური ამოცანისა და თავსატეხის ამოხსნა მთხოვეს. შემდეგ, დაახლოებით 10 დღეში, გასაუბრებების შემდეგ ეტაპზე მივიღე მოწვევა, რომელიც დანიაში, კოპენჰაგენში უნდა შემდგარიყო. მეორე ეტაპი მოიცავდა 5 პირისპირ გასაუბრებას; აქ უფრო ტექნიკური შეკითხვები იყო და დაფაზე ამოცანის ამოსახსნელი კოდი უნდა დამეწერა. გასაუბრებების დასრულების შემდეგ, შემომთავაზეს ზაფხულში, ამერიკაში, Microsoft-ის სათაო ოფისში გამევლო 3 -თვიანი სტაჟირება და მეც სიამოვნებით დავთანხმდი. სტაჟირების ბოლოს მქონდა შეხვედრა ჩემს მენეჯერთან, სადაც ვისაუბრეთ, თუ როგორ ჩაიარა ამ სამმა თვემ, რა გავლენა იქონია ჩემმა სამუშაომ მომხმარებლებზე, და შემომთავაზეს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ დავბრუნებულიყავი როგორც სრულგანაკვეთიანი თანამშრომელი. ჩავთვალე, რომ აქ განვითარების დიდი პოტენციალი იყო, სამუშაოც – საინტერესო და სამსახურზე დავთანხმდი. სწავლის დასრულების შემდეგ, ზაფხული საქართველოში გავატარე და შემდეგ სიეტლში გადავედი, ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად. სამუშაო გარემოში ჩართვა საკმაოდ მარტივი იყო, გამოცდილება უკვე მქონდა, რა და როგორ მუშაობდა და სამუშაო პროცესიც ჩემთვის ბუნებრივი იყო. სწავლისას, საზღვარგარეთ მარტო ცხოვრების გამოცდილება უკვე დაგროვებული მქონდა, ამ მხრივაც არანაირი პრობლემა არ შემქმნია.

რას მოიცავს თქვენი სამსახურეობრივი მოვალეობები და რა გზების მეშვეობით ქმნის Microsoft კომფორტულ გარემოს პროფესიული ზრდისთვის?

ჩემი სამუშაო მოიცავს პროგრამული დეველოპმენტის სრულ ციკლს. პროგრამის ფუნქციონალური დიზიანის და არქიტექტურის შედგენა, განხორციელება, უზრუნველყოფა და ანალიზი. სამსახურში ყველანაირი ხელშეწყობაა, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნოთ და ჩვენი მომხმარებლებისთვის საუკეთესო პროდუქტები შევქმნათ. ყოველთვიურად ტარდება პანელი, სადაც განიხილება კომპანიის მდგომარეობა, როგორ ჩაიარა გასულმა თვემ, გეგმები მომავალი თვეებისთვის და ა.შ. ასევე, ამ პანელზე შესაძლებელია CEO-სთვის ნებისმერი კითხვის დასმა. ხშირია პირისპირ შეხვედრები მენეჯერებთან, სადაც ღირებულ შეფასებას იღებ, ავლენ რას აკეთებ კარგად და რა მხრივ შეიძლება აქტივობების გაუმჯობესება. ხშირად ვსაუბრობთ ჩვენი გუნდის სამომავლო ხედვაზე და ვგეგმავთ მომდევნო თვეებს. ძალიან სასიამოვნოა, როცა ამდენ ჭკვიან ადამიანთან გაქვს ურთიერთობა ყოველდღიურად, მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მუდმივად ვცდილობ, ისეთ საკითხებზე ვიმუშაო, რომლებიც ყველაზე გამომწვევი მეჩვენება. ახალი ცოდნის შეძენა და რთული პრობლემების ამოხსნა ყოველთვის სასიამოვნოა. ხშირად ვკითხულობ სტატიებს სხვადსხვა სფეროში სიახლეების შესახებ. ახალი რამის სასწავლად უმეტესად ონლაინ წიგნებსა და ინსტრუქციებს ვიყენებ.

© ანა ბოკო

 

ბოლოს რა პროექტზე იმუშავეთ?

ბოლო 3 წელიწადში რამდენიმე პროექტზე ვიმუშავე. ძალიან სინტერესო იყო სრულიად ახალი სისტემის შექმნა მარკეტინგისთვის, რომელსაც დღეს უკვე უამრავი ადამიანი იყენებს. ამ ეტაპზე ვმუშაობ Microsoft-ის ერთ-ერთ ფლაგმან პროდუქტზე – PowerBI, რომელსაც ახალ შესაძლებლობებს ვამატებ Machine Learning-ის გამოყენებით.

რა არის იმისთვის საჭირო, რომ საქართველო გლობალურ კონკურენციაში შევიდეს ამ სფეროში და რა ფუნდამენტური ცვლილებები უნდა მოხდეს ამ მხრივ?

იმისთვის, რომ საქართველო გლობალურ კონკურენციაში შევიდეს ტექნოლოგიების ინდუსტრიაში, აუცილებელია გვყავდეს კვალიფიციური კადრები. კადრების მომზადებისთვის კი გადამწყვეტია, გვქონდეს რელევანტური და მუდმივად განახლებადი, ახალ ტენდენციებზე მორგებული სასწავლო პროგრამები ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით. ამ სფეროში იმდენად დინამიურად ვითარდება ყველაფერი, თუ ფეხი არ ავუწყვეთ ტენდენციებს, არ ვიქნებით კონკურენტუნარიანები. მნიშვნელოვანია, სტუდენტები სწავლის პროცესშივე მოემზადონ რეალური სამუშაო გარემოსთვის, თეორიის სწავლასთან ერთად მაქსიმალურად მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.

ასევე, ინტენსიურად გვჭირდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები ინფორმაციული ტექნოლოგიებით დაინტერსებული ახალგაზრდებისთვის – ჰაკათონები, შეხვედრები სფეროში გამოცდილ სპეციალისტებთან, ფორუმები, საგრანტო კონკურსები. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც ამ სფეროს განვითარებისთვის აკეთებენ ტექნოპარკი და Start Up Georgia. მათი დამსახურებაა ის, რომ ქართველ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ, მონაწილება მიიღონ ისეთ საერთაშორისო კონკურსებში, როგორიცაა Seedstars და მსოფლიოს გააცნონ არა მხოლოდ საკუთარი სტარტაპები, არამედ საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს იმის პრეტენზია, რომ გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი.

გამოცდილების გაზიარების მიზნით, რა რეკომენდაციას მისცემდით ახალგაზრდებს, ვისაც ამ სფეროში უნდათ მოღვაწეობის დაწყება ან გაგრძელება?

ახალგაზრდებს, და ზოგადად ყველას, ვისაც ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით სურს სწავლა ან მუშაობა, ვურჩევდი შემდეგს – დაიწყოთ პატარა პროექტებით, აპლიკაციებით და ნელ- ნელა გაართულოთ. ისეთი რამის გაკეთება დაისახეთ მიზნად, რისი სრულად გაკეთება ჯერ არ იცით, ეს გაიძულებთ, რომ ახალი რაღაცა ისწავლოთ და როცა რაღაცის გაკეთება გიჭირთ, თქვენითვე სცადოთ გამოსავლის პოვნა (ონლაინ ინსტრუქციები, ფორუმები, “stackoverflow”, …). ამგვარდ, თან ახალ ცოდნას შეიძენთ, თანაც უცნობი პრობლემები ბარიერებად აღარ მოგეჩვენებათ.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.