2025 წლისთვის Amazon-ი 29 მილიონ ადამიანს უფასოდ გადაამზადებს

კომპანია Amazon 2020 წლის დეკემბრიდან ახალ კამპანიას იწყებს, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმების მსურველი, ახალბედა კადრების გადამზადება იგეგმება.

photo – Bryan Angelo

პროგრამაში არსებული ტრენინგები და ონლაინ კურსები უშუალოდ ციფრულ სფეროსა და ღრუბლოვან სერვისებში სპეციალიზირებულ ადამიანებზე იქნება გათვლილი და ახალგაზრდა სამუშაო ძალას დასაქმებაში შეუწყობს ხელს.

კონკრეტული პროექტი, Amazon-ის 2019 წელს წამოწყებული Upskilling 2025 კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც უშუალოდ კომპანიის თანამშრომლების გადამზადებას ემსახურებოდა, თუმცა, ამჯერად, იგი ნებისმიერ მსურველს აძლევს განვითარების შესაძლებლობას.

ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, ციფრული და ღრუბლოვანი სფერო უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ხოლო სამუშაო ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტი იქმნება. Amazon სწორედ ამ სფეროებში დასაქმების მსურველების გადამზადებასა და გამოცდილების მიღებას შეუწყობს ხელს. იგი 500-მდე ინტერაქტიული ონლაინ კურსების, ტრენინგებისა და ვებინარების ჩატარებას სხვადასხვა უცხო ენებზე გეგმავს, რაც პროგრამას მეტად ფართო საზოგადოებას გააცნობს.

კომპანიის ვარაუდით, ციფრული სფეროს მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, მომავალში ამ სფეროში დასაქმებულთა რიცხვიც გაიზრდება. 2025 წლამდე Amazon 29 მილიონი ადამიანის გადამზადებასა და კარიერულ ხელშეწყობას გეგმავს.

No Comments Yet

Comments are closed