ლონდონის ბიზნეს სკოლის მაგისტრატურის პარალელურად, ანა ალექსანდრიამ მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკის , Morgan Stanley-ს ლონდონის ოფისში გასულ ზაფხულს საინვესტიციო ბანკინგის მიმართულებით გაიარა სტაჟირება. ზაფხული დატვირთული, მაგრამ საინტერესო და წარმატებული აღმოჩნდა: სტაჟირების დასრულების შემდეგ სამუშაო შეთავაზება მიიღო და მომავალ წელს, მაგისტრატურის დასრულებისთანავე ის Morgan Stanley-ს ლონდონის ოფისს შეუერთდება.
საქართველოში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტი იყო როცა თიბისი ბანკში, ფინანსურ დეპარტამენტში დაიწყო მუშაობა, ექვსი წლის შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ უფრო ფართო ბაზრებზე უნდა გამოეცადა თავისი შესაძლებლობები და მაგისტრატურაზე დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. ის ინტერვიუში გვიყვება განვლილ გზასა და მიღებულ გამოცდილებაზე.
როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა Morgan Stanley–სთან?
ლონდონის ბიზნესის სკოლაში სწავლის დაწყებიდან ძალიან მალევე მივხვდი, რომ საინვესტიციო ბანკინგი ჩემთვის ყველაზე საინტერესო სფერო იყო და გადავწყვიტე, ამ მიმართულებით გამევითარებინა კარიერა. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან უშუალოდ სტაჟირებაზე შემოთავაზების მიღებამდე ბევრი საინტერესო ეტაპი გავიარე: შევხვდი უამრავ საინტერესო ადამიანს, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება და ცოდნა გამიზიარეს და მივხვდი, რომ სწორედ Morgan Stanley იყო ის ადგილი, სადაც ჩემი კარიერის განვითარება მინდოდა. სტაჟირებამ კიდევ უფრო გაამყარა ჩემი გადაწყვეტილება და საბედნიეროდ, სამუშაო შეთავაზებაც მივიღე. მომავალ წელს სწავლის დასრულებისთანავე მათთან ლონდონის ოფისში დავიწყებ მუშაობას.
რა საფეხურები გაიარეთ აქამდე მისასვლელად?
მაგისტრატურაზე მოხვედრის შემდეგ, წამყვან ბიზნეს სკოლებში ხდება დასაქმების პროცესი ე.წ „campus recruitment“, სადაც გეძლევა საშუალება პოტენციურ დამსაქმებლებთან კავშირი დაამყარო. მინდა აღვნიშნო, რომ ფინანსური სერვისების გარდა ბევრი სხვა სფეროდანაც აჰყავთ ბიზნეს სკოლის სტუდენტები წამყვან დამსაქმებლებს. ეს პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება და საკმაოდ კონკურენტულია, თუმცა ამავდროულად გეძლევა საშუალება უფრო კარგად გაეცნო ბიზნესებს და დამსაქმებლებს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლო გადაწყვეტილების მიღებისთვის. მეც, რა თქმა უნდა, გავიარე ბევრი გასაუბრება და რამდენიმე თვეში, როცა ყველა ეს პროცესი დამთავრდა, სტაჟირების შემოთავაზება მივიღე.
რომ მოგვიყვეთ საქართველოში მიღებულ ცოდნასა და სამუშაო გამოცდილებაზე და რატომ აირჩიეთ საინვესტიციო ბანკინგის მიმართულება?
საქართველოში დავასრულე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი რაოდენობრივი ფინანსების მიმართულებით, ანუ ჯერ კიდევ მაშინ ჩაეყარა საფუძველი ჩემს ინტერესს და სიყვარულს ფინანსების მიმართ. უნივერსიტეტში ჩაბარების დროს ბევრი არ ვიცოდი ამ სფეროს შესახებ, თუმცა ანალიტიკურობამ, დამოუკიდებლად აზროვნების საშუალებამ, დინამიკურობამ და მრავალფეროვნებამ მიმიზიდა. მეოთხე კურსზე ბანკში დავიწყე მუშაობა, სადაც ჯამში 6 წელი ვიმუშავე. ძალიან საინტერესო და საჭირო ცოდნა მივიღე მანდ და კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ ფინანსები იყო ჩემთვის ყველაზე საინტერესო.
რაც შეეხება, საინვესტიციო ბანკინგს, ყოველთვის მაინტერესებდა ეს სფერო და, როცა მესმოდა თუ რა ხდებოდა დიდ და განვითარებულ ბაზრებზე, მინდოდა მეც ვყოფილიყავი ამის ნაწილი. საქართველოში მიღებულმა გამოცდილებამ და ცოდნამ სტიმული და თავდაჯერება მომცა, რომ კარიერის ახალი ეტაპი დამეწყო და ძალიან მიხარია, რომ ჩემი მოლოდინები გამართლდა – სწორედ საინვესტიციო ბანკინგია, რაშიც ჩემს თავს ვხედავ სამომავლოდ.
როგორი შეგრძნებაა ასეთი წარმატება?
პირველ რიგში, ჩემთვის უდიდესი მოტივაცია იყო ეს სტაჟირება და ამხელა სასწავლო გამოცდილების მიღება. მართალია, საქართველოში მქონდა გარკვეული სამუშაო გამოცდილება, მაგრამ ამ სიახლეებთან შეხება საოცრად საინტერესო გამოწვევა იყო ჩემთვის, რადგან თან უნდა მესწავლა და ამეთვისებინა ახალი საქმე და თან უნდა მემართა გარკვეული სამუშაო პროცესები, მიმეღო გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად. სტაჟირების წარმატებით დასრულებამ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მოტივაცია მომცა და შესაძლებლობაც, რაც ამ ორი 2 თვის განმავლობაში ვერ მოვასწარი, გავაგრძელო სამსახურის დაწყების შემდეგ.
როდის და რატომ გადაწყვიტეთ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება?
ყოველთვის მქონდა საზღვარგარეთ სწავლის სურვილი, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ დრო იყო გამეგრძელებინა განათლების მიღება, ზუსტად 2 წელიწად-ნახევრის წინ მივიღე. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ძალიან მინდოდა ის გამოცდილება, რაც საქართველოს ბაზარზე დავაგროვე კიდევ უფრო ფართო მასშტაბებზე გამომეცადა. რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ საქართველოში მუშაობით საკმარისი გამოცდილება დავაგროვე და აწი დრო იყო უფრო მეტად განვითარების. გამიჩნდა იმის სურვილი, რომ თავი უფრო განსხვავებულ გარემოში, თუნდაც განსხვავებულ პროფესიაში უფრო დიდ ბაზარზე გამომეცადა, სადაც უფრო მეტ საინტერესო გამოწვევასთან მექნებოდა საქმე და, შესაბამისად, უფრო დიდ საქმეებს შევეჭიდებოდი.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ამ გადაწყვეტილების მიღებისას?
ყველაზე დიდი გამოწვევა საკუთარ გადაწყვეტილებაზე სრული პასუხისმგებლობის აღება იყო. მიდიხარ საერთოდ უცხო ქვეყანაში, შორდები ოჯახს და ყველაფერთან ერთად ეს ნაბიჯი დიდ ფინანსურ დანახარჯს უკავშირდება. განსაკუთრებით, როდესაც წამყვანი ბიზნეს სკოლის სტუდენტი ხდები, რომელიც მაღალკონკურენტული და ძვირადღირებულია. თავიდანვე ვფიქრობდი, რომ სწავლის დასრულების შემდეგ სამუშაო გამოცდილება ევროპასა ან ამერიკაში უნდა მიმეღო, ამიტომ გააზრებული მქონდა, რომ რაღაც პერიოდი სახლიდან შორს ყოფნა მომიწევდა. სახლში დიდ კომფორტის ზონაში ვიყავი და ამდენი ცვლილების ერთბაშად შეტანა ჩემს ყოველდღიურობაში უდიდესი გამოწვევა იყო, თუმცა ძალიან საინტერესოც.
რა არის თქვენი უახლოესი მიზანი?
პირველ რიგში, განვითარება ჩემს კარიერაში და არჩეული გზის ბოლომდე მიყოლა. ვფიქრობ, წინ ძალიან ბევრი საინტერესო წელი მელოდება და ასევე ბევრი საინტერესო რამ მაქვს სასწავლი, მოსასწრები და გასაკეთებელი. ძალიან მინდა, რომ ამ ახალ პროფესიულ საფეხურზე ყველა დასახულ მიზანს წარმატებით მივაღწიო.
როგორია სამშობლოდან შორს ყოფნა, აპირებთ დაბრუნებას და თქვენი კარიერის აქ გაგრძელებას?
საბედნიეროდ, საქართველოსთან ძალიან ახლოს ვარ და ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ლონდონში წამოვედი, მარტივად მიმოსვლის შესაძლებლობა იყო. მართალია, პანდემიამ ყველასთვის შეაფერხა გადაადგილების პროცესი, თუმცა მანამდე ძალიან ხშირად ჩამოვდიოდი საქართველოში ოჯახის წევრებისა და მეგობრების სანახავად, ამიტომ ის შეგრძნება, რომ შორს ვარ ჩემი ქვეყნისგან, არ მქონია. რაც შეეხება კარიერას, ჯერჯერობით აქ ვიპოვე ჩემი თავი, შესაბამისად აქვე ვაპირებ სწავლისა და მუშაობის გაგრძელებას. ამ ეტაპზე ვერ ვამბობ თუ რა იქნება უფრო გრძელვადიან მომავალში – წინასწარ ძალიან გამიჭირდება ამის თქმა.
რას ურჩევთ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ქალებს, რომლებიც თქვენს სფეროში მოღვაწეობენ?
ზოგადად განურჩევლად იმისა, რა სფეროში გადაწყვეტ მოღვაწეობას, ყოველთვის ვთვლიდი და ახლა კიდევ უფრო ნათლად ვხედავ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წვდომა ხარისხიან განათლებასა და ზოგადად ცოდნაზე. თუმცა შრომისმოყვარეობის და საკუთარ თავზე მუდმივად მუშაობის გარეშე, ესეც არაფერია. მსოფლიო ისეთი სწრაფი ტემპით ვითარდება და იმდენად საინტერესო რაღაცები ხდება ჩვენ გარშემო, მუდმივად უნდა გვქონდეს ცოდნის და ახლის შემეცნების სურვილი – ამ რესურსის გარეშე ძალიან რთული იქნება წინ წავიდეთ, როგორც პიროვნებები და ზოგადად, როგორც ქვეყანა და საზოგადოება. დღეს უსაზღვროა წვდომა ინფორმაციაზე – ცნობისმოყვარეობით, შრომისმოყვარეობით და საკუთარ თავზე მუშაობის სურვილით ძალიან ბევრის მიღწევაა შესაძლებელი.
გარდა ამისა, განათლება და ცოდნა თავდაჯერებასა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას გვაძლევს. ეს არის რესურსი, რომელიც გვაკარგვინებს კომფორტის ზონიდან გასვლის შიშს. რაც უფრო მეტად ვვითარდებით, უფრო მეტი გვინდება რომ ვაკეთოთ.
თუკი ვინმე გვეუბნება, რომ რაღაცის გაკეთება არ შეგვიძლია, ეს ასე არაა, რადგან ერთადერთი, ვინც რეალურად იცის რისი კეთება შეგვიძლია ჩვენ თავადვე ვართ. საბედნიეროდ, დღეს უამრავი შესაძლებლობაა ჩვენ ირგვლივ, ბევრი კარის შეღებაა შესაძლებელი. სირთულეები კი საინტერესოა და ჩვენზეა დამოკიდებული ყველა გადალახული დაბრკოლება მოტივაციად ვაქციოთ წინ წასასვლელად. წარმატების მთავარი ფორმულა საკუთარ თავზე მუდმივ მუშაობასა და უწყვეტ თვითგანვითარებას ეფუძნება.