სხეულის ავტონომიის დაცვა ადამიანის უფლებაა | ალანა არმიტაჯის ოპედი

მიმდინარე კვირა, პარიზში გამართულ თაობათა თანასწორობის ფორუმზე, ჩვენ გამოვდივართ სხეულის ავტონომიის დასაცავად, ყველა ქალისთვის, ყველგან.

ფოტო: დინუ ბუბულიჩი

მიმდინარე წლის აპრილის თვეში, დღისით, მამაკაცების ჯგუფმა გაიტაცა აიზადა კანატბეკოვა, 27 წლის ახალგაზრდა ქალი, როდესაც იგი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკის ერთ-ერთ ქუჩას ფეხით მიუყვებოდა. მამაკაცებმა იგი მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გაუჩინარდნენ. ახალგაზრდა ქალი, ორი დღის შემდეგ, იმავე მანქანაში იქნა ნაპოვნი, რომლითაც გაიტაცეს. ქალი გაგუდული იყო.

აიზადა კანატბეკოვას შემზარავი მკვლელობა სხეულის ავტონომიისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უმძიმესი ფორმით დარღვევის მაგალითია. თუმცა, ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მთელ მსოფლიოში, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ქალები და გოგონები საკუთარ სხეულსა და საკუთარ ცხოვრებას თავად ვერ აკონტროლებენ.

მსოფლიო მასშტაბით, უამრავი ქალი და გოგონა ხდება ისეთი სასტიკი პრაქტიკის მსხვერპლი, როგორიცაა ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება, ქალწულობაზე შემოწმება და გაუპატიურება, და, ძალიან ბევრ შემთხვევაში, ამგვარი ძალადობის ჩამდენი პირები დაუსჯელნი რჩებიან. იმ ქვეყნებში, სადაც მონაცემები ხელმისაწვდომია, ქალების თითქმის ნახევარს არ აქვს საშუალება თავად მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე სურს თუ არა ჰქონდეს სქესობრივი კავშირი პარტნიორთან, გამოიყენოს თუ არა კონტრაცეპტივები და ისარგებლოს თუ არა სამედიცინო დახმარებითა თუ ექიმის მომსახურებით.

აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, იმ ქალების წილი, რომლებიც მოკლებული არიან შესაძლებლობას თავად მიიღონ გადაწყვეტილება ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებიდან ერთ-ერთთან დაკავშირებით მაინც, შედარებით მცირეა, თუმცა მაინც საგულისხმო. უკრაინაში მათი წილი 19 პროცენტს შეადგენს, ყირგიზეთში – 23 პროცენტს, ალბანეთში – 31 პროცენტს, ხოლო სომხეთში – 34 პროცენტს. ტაჯიკეთში მათი წილი გაცილებით მაღალია: ქალების 67 პროცენტი მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ამ ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით.

სხეულის ავტონომია გენდერული თანასწორობისა და ადამიანის ყველა უფლებით სარგებლობის საფუძველს წარმოადგენს – მათ შორის ისეთი უფლებებით, როგორიცაა ჯანმრთელობის უფლება და ძალადობისგან თავისუფალი ცხოვრების უფლება – შესაბამისად, სოციალურ ნორმებსა და პრაქტიკაში დამკვიდრებული გენდერული უთანასწორობის ელემენტების აღმოფხვრა უმნიშვნელოვანესია. ჯერ კიდევ მრავლად არის ქვეყნები, სადაც, დაქორწინებულ წყვილთა შემთხვევაში, თანხმობის გარეშე სქესობრივი კავშირი გაუპატიურებად არ მიიჩნევა.

გოგონები და ბიჭები საჭიროებენ გაძლიერებას – რათა მათ შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა, უფლებებისა, რომლებიც უკავშირდება დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას და ჯანსაღ და უსაფრთხო ქცევას. აუცილებლად უნდა წარმოებდეს იმ კანონების აღსრულება, რომლებიც ემსახურება ქალების დაცვას მათი უფლებების დარღვევისგან, მათ შორის კანონებისა, რომლებიც კრძალავს ბავშვთა ქორწინებას და გენდერული ნიშნით ძალადობას.

აუცილებელია, ამ საქმეში უფრო მეტი მამაკაცი ჩაერთოს. უფრო მეტი მამაკაცი უნდა იყოს აქტიურად ჩართული გენდერული უთანასწორობისა და ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და სხეულის ავტონომიის დაცვის საქმეში. ამავდროულად, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მამობის ინსტიტუტის გაძლიერებას და მამების დეკრეტული შვებულებით სარგებლობის პოლიტიკას, რათა უზრუნველვყოთ ბავშვებზე ზრუნვაში  მამაკაცების სრულფასოვანი მონაწილეობა.

მიუხედავად იმისა, რომ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა საკმაოდ ამბიციურ მიზანს წარმოადგენს, იგი ასევე წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე შეთანხმებულ მიზანს – მდგრადი განვითარების მეხუთე მიზანს, პეკინის დეკლარაციისა და მისი სამოქმედო პლატფორმის ერთ-ერთ მიზანს, რომლის ოცდამეხუთე წლისთავსაც 2021 წელს აღვნიშნავთ.

მსოფლიოს ყველა ქვეყანას შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნისკენ სწრაფვაში, ვინაიდან მსოფლიოში ჯერ არ არსებობს ქვეყანა, სადაც გენდერული თანასწორობა სათანადოდ არის უზრუნველყოფილი. ქვეყნების მთავრობებმა წამყვანი როლი უნდა შეასრულონ ამ მიზნის მიღწევის საქმეში. ადამიანის უფლებათა დაცვის ისეთი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით, როგორიცაა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია და ბავშვის უფლებათა კონვენცია, მთავრობებს შეუძლიათ შეცვალონ ის სოციალური, პოლიტიკური, ინსტიტუციური და ეკონომიკური სტრუქტურები, რომლებიც აძლიერებს და ამკვიდრებს გენდერულ უთანასწორობას და მასთან დაკავშირებულ ნორმებს.

თუმცა, ჩვენ არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ვალდებულებებით და შესაძლებლობებიც უნდა გავითვალისწინოთ: ქალი, რომელიც აკონტროლებს საკუთარ სხეულს, უფრო ძლიერდება ცხოვრების სხვა სფეროებში. ამგვარად იგი იძენს არა მხოლოდ ავტონომიას, არამედ ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე, იღებს უკეთეს განათლებას, მეტს გამოიმუშავებს და მეტად არის დაცული მისი უსაფრთხოებაც. მას განვითარებისა და კეთილდღეობის მეტი შესაძლებლობა ეძლევა, ისევე როგორც მის ოჯახს.  

ჩვენთვის, გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის (UNFPA), კარგად არის ცნობილი, რომ ნებისმიერი თემი თუ ქვეყანა მხოლოდ იმ შემთხვევაშია წარმატებული, თუ იგი ზრუნავს ქალების გაძლიერებაზე, თუ ქალებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები, როგორც საკუთარ სხეულთან, ასევე საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებით. წარმოადგენს რა სხეულის ავტონომიასა და სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებული ღონისძიებების გასახორციელებლად შექმნილი კოალიციის თანათავმჯდომარეს, რომელიც ამ კვირაში პარიზში იკრიბება, თაობათა თანასწორობის ფორუმზე, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) გამოდის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და შესაბამის მომსახურებებზე წვდომის უფლების დასაცავად, რაც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ოჯახის დაგეგმვა, ადვოკატირება უსაფრთხო მშობიარობასა და დედათა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, გენდერული ძალადობისა და საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრა და ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების სრული მხარდაჭერა.

ჩვენ ვზრუნავთ ქალების გაძლიერებაზე, რათა მათ ისარგებლონ სხეულის ავტონომიის უფლებით, უზრუნველვყოფთ რა მათ სრული მომსახურებით, რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, და ხელს ვუწყობთ მათ განათლებასა და ინფორმირებას მათი სხეულისა და მათი უფლებების შესახებ. ჩვენ ხელს ვუწყობთ მამაკაცებს რათა ისინი იქცნენ გენდერული თანასწორობის ინიციატორებად, აიღონ თანაბარი პასუხისმგებლობა ბავშვების აღზრდაზე და ისწავლონ, როგორ ილაპარაკონ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. ჩვენ ვზრუნავთ ქალებისა და გოგონების, მამაკაცებისა და ბიჭების გაძლიერებაზე, რათა მათ გაითავისონ ჯანსაღი ქცევა და მოემზადონ ჯანსაღი ურთიერთობებისთვის. ჩვენ ვეხმარებით მთავრობებს სხეულის ავტონომიის დაცვის თვალსაზრისით არსებული სიტუაციის შეფასებაში, რათა მათ შეძლონ ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესის კონტროლი და პირნათლად შეასრულონ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით აღებული ვალდებულებები.

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მასშტაბით, მთავრობები, სამოქალაქო საზოგადოება და ცალკეული პირები მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ ყველა ადამიანის სხეულის ავტონომიის დასაცავად. მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობამ შემოიღო კანონები, რომლებიც ემსახურება გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას და გენდერული ნიშნით ძალადობისგან დაცვას, და იგი ასევე წარმოადგენს სხეულის ავტონომიასთან დაკავშირებული ღონისძიებების გასახორციელებლად შექმნილი კოალიციის თანათავმჯდომარეს.

უმნიშვნელოვანესია ქმედითი ღონისძიებების გატარება, რათა  აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მცხოვრებმა ქალებმა – ბიშკეკში მცხოვრები აიზადა კანატბეკოვას მსგავსმა ქალებმა – თავისუფლად შეძლონ ქუჩაში სიარული, ისე, რომ არ ჰქონდეთ შიში იმისა, რომ მათ ვინმე შეურაცხყოფს, თავს დაესხმება, გაიტაცებს ან მოკლავს. და ჩვენ ვითხოვთ თანადგომას ისეთი მსოფლიოს შენებაში, სადაც სამართლიანობა იზეიმებს და სადაც ადამიანების კეთილდღეობა იქნება უზრუნველყოფილი, რაც თითოეული ჩვენთაგანის სასიკეთოდ იმუშავებს.

ალანა არმიტაჯი – გაეროს მოსახლეობის ფონდის  (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი