რას გულისხმობს ბილაინის „იმუშავე საიდანაც გინდა“ პოლიტიკა და როგორ ახორციელებს კომპანია ახალ მიდგომას პრაქტიკაში – სწორედ ამ საკითხებზე ესაუბრა Forbes Woman კომპანიის პერსონალთან მუშაობისა და ადმინისტრაციულ საკითხთა დირექტორს, ლელა სალაყაიას.
პანდემიის პირობებში როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში ახალ რეალობასთან ადაპტირება ბიზნესისთვის მთავარი ამოცანაა. ბილაინის მიზანიც გამოწვევებზე სწრაფი რეაგირება და შესაბამისი აქტივობების დაუყოვნებლივი განხორციელება იყო.
ბილაინი პირველი იყო, ვინც დაანონსა გადასვლა მიდგომაზე „იმუშავე საიდანაც გინდა“. კომპანიის თანამშრომლებს უკვე სამი წელია აქვთ კვირაში ორჯერ დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა, რისთვისაც კომპანია იყენებს ყველა შესაბამის მოწყობილობასა თუ აპლიკაციას. ამრიგად, პანდემიის დროს დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა არ გასჭირვებიათ. გამოწვევა იყო სატელეფონო ცენტრის სრულიად დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა, მაგრამ ამასაც წარმატებით გაართვეს თავი და დღესაც ქოლ ცენტრი სრულიად დისტანციურია.
„იმუშავე საიდანაც გინდა განსხვავებული მიდგომაა. ამ ეტაპზე ჯანდაცვის რეკომენდაციებისა და სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით შემუშავებული გვაქვს გარკვეული გრაფიკი, რაც უზრუნველყოფს ოფისში ერთდროულად თანამშრომლების მინიმალური რაოდენობის თავშეყრას, მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ გრაფიკით განსაზღვრულ დღეებში მოსვლა ოფისში არავისთვისაა სავალდებულო და თანამშრომელს სურვილის შემთხვევაში შეუძლია მოვიდეს ოფისში, თუმცა მხოლოდ გრაფიკით განსაზღვრულ დღეებში. რა თქმა უნდა ჩვენ თვალს ვადევნებთ თითოეული ფუნქციის ეფექტურობას და შეიძლება ითქვას, რომ ის არათუ არ შემცირებულა, არამედ გაიზარდა კიდეც. ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ სახლებიდან, აგარაკებიდან ან მათთვის სასურველი ადგილიდან, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ დავიცვათ თითოეული მათგანის უსაფრთხოება.“
ბილაინის თანამშრომლები სიახლეს პოზიტიურად შეხვდნენ. კომპანიამ ყველა ღონისძიება, რომელიც ემსახურება კორპორატიული კულტურის გამყარებას, სრულად გადაიტანა ონლაინ სივრცეში და ამით თანამშრომლებს საოფისე ცხოვრების განცდა დისტანციურად შეუქმნა. რა თქმა უნდა პირადი ურთიერთობა მაინც რჩება პრიორიტეტულად, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ონლაინ სოციალიზაციაში.
„იმუშავე საიდანაც გინდა“ პოლიტიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება მისი ეფექტურობის შეფასება და თანამშრომლების უკუკავშირი.
„შედეგები ამ ეტაპზე კარგი გვაქვს, თუმცა არ ვაპირებთ მხოლოდ ამ შედეგებით ტკბობას – ვაგრძელებთ ფიქრს და მუშაობას ამ პოლიტიკის დახვეწაზე. ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ თანამშრომელთა ჩართულობის კვლევას და ვფიქრობთ აქამდე დაფიქსირებული გასავითარებელი ზონებიდან ერთ-ერთი პირადი ცხოვრებისა და სამუშაოს ბალანსის დასახვეწად „იმუშავე საიდანაც გინდა“ პოლიტიკა შესაბამისი იქნება.“
თანამშრომელთა კმაყოფილებასთან ერთად, ახალი პოლიტიკის წარმატების ერთ-ერთი საზომი პროდუქტიულობაც იქნება, შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა მიენიჭება მიდგომას, რომლის მიხედვითაც „ბილაინი“ აღნიშნულ კრიტერიუმს შეაფასებს. აღნიშნული პრაქტიკა კი შესაძლოა მაგალითი აღმოჩნდეს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც კვლავ ფიქრობენ და ჯერ ვერ ბედავენ მსგავსი პოლიტიკის სამუშაო პროცესში შემოღებას.
„ჩვენ გვაქვს მიზნების დასახვისა და შეფასების ყოველწლიური სისტემა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს გავზომოთ თითოეული თანამშრომლის ეფექტურობა და პროდუქტიულობა, რასაც ცხადია გავაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში. „იმუშავე საიდანაც გინდა“ პოლიტიკის შედეგების გრძელვადიან პერსპექტივაში დასანახად, რა თქმა უნდა დრო არის საჭირო, მაგრამ, ვფიქრობ, ეს უკვეა დღევანდელი დღე და ახალი რეალობა მსოფლიოსთვის და ჩვენც ამ ტენდენციის არა მარტო მიმდევრები, არამედ საქართველოში ინიციატორებიც უნდა გავხდეთ. ვფიქრობთ, რომ ბილაინის ამ მიდგომებსა და პრაქტიკას ბევრი კომპანია გაიზიარებს.“