საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსი დამტკიცდა. სწორედ ამ დროს გახდა ბანკებისთვის სავალდებულო სამეთვალყურეო საბჭოში ქალების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა. ბრძანების თანახმად, კომერციული ბანკების სამეთვალყურეო საბჭოში სულ მცირე ერთი ქალი უნდა იყოს, ამასთან საერთო შემადგენლობის მინიმუმ 20%-ს უნდა აჭარბებდეს მათი რაოდენობა.
ამგვარი გადაწყვეტილების აუცილებლობას ეროვნული ბანკი სამეთვალყურეო საბჭოებში მოსაზრებათა მრავალფეროვნების ბალანსის დაცვის მოტივაციით ხსნიდა, ამასთან, მიუთითებდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების კვლევებსა და რეკომენდაციებზეც, რომელთა თანახმადაც, ქალთა ამგვარი ჩართულობა ფინანსური ინსტიტუტების მართვის პროცესში ზრდიდა მათ მდგრადობას.
Forbes Woman წარმოგიდგენთ ქართული კომერციული ბანკების მმართველ პოზიციებზე არჩეულ ქალებს, სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოების შემადგენლობებიდან.
ტერაბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ექვსი წევრიდან მხოლოდ ერთია ქალი, ნანა მიქაშავიძე. აღნიშნული არღვევს კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსით გათვალისწინებულ წესს, 20%-იანი ზღვრის შესახებ. რაც შეეხება ბანკის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობას – აქ ორი ქალია წარმოდგენილი: ბანკის გენერალური დირექტორი თეა ლორთქიფანიძე და ბანკის ფინანსური დირექტორი სოფიო ჯუღელი.
ზირაათ ბანკი საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს 5 წევრიდან მხოლოდ ერთია ქალი, ქეთევან ტყავაძე, დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში კი ქალები არ გვხვდება.
ვითიბი ბანკი ჯორჯიას სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ექვსი წევრიდან ორია ქალი – ასია ზახაროვა და იულია კოპიტოვა. საგულისხმოა, რომ მათგან არცერთია საქართველოს მოქალაქე. ვითიბის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში ქალები არ არიან წარმოდგენილი.
თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შვიდი წევრიდან ქალი ორია, მარია ლუიზა ჩიკონიანი და ცირა კემულარია, ხოლო დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში გვხვდება ნინო მასურაშვილი, თიბისის რისკების მართვის დირექტორი.
პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭო ხუთი წევრისგან შედგება, მათგან ორი ქალია – ჯოვანკა ჯოლესკა პოპოვსკა და მაია ხაჩიძე, ხოლო დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში ვხვდებით ნათია თხილაიშვილსა და ზეინაბ ლომაშვილს. თხილაიშვილი სათავეში უდგას ადამიანური რესურსების, ფიზიკური პირების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ელექტრონული ბანკინგის, პროცესების ორგანიზების, ადმინისტრაციისა და მარკეტინგის განყოფილებებს. ხოლო ლომაშვილი საკრედიტო და ზოგადი რისკების, ბიზნეს მხარდაჭერის, ქომფლაენსისა და AML განყოფილებებს ხელმძღვანელობს.
პაშა ბანკი საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს ხუთი წევრიდან ქალი ერთია, ებრუ ოგან კნოტტნერუსი. ბანკის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში ქალები არ გვხვდებიან.
ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ოთხწევრიან შემადგენლობაში გვხვდება მაგდა მაღრაძე, დირექტორთა საბჭოში კი ქალები წარმოდგენილი არ არიან.
იშბანკი საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს ექვსი წევრიდან ორი ქალია, ნათია ჯანელიძე და ბანუ ალთუნი. დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში ქალები არც ამ ბანკში არიან წარმოდგენილნი.
ხალიკ ბანკი საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს ხუთი წევრიდან სამი ქალია – ევგენია შაიმერდენი, ალია კარპიკოვა და ნანა ღვალაძე. დირექტორთა საბჭოში კი ხუთი წევრიდან ორია ქალი, მარინა ტანკაროვა და თამარ გოდერძიშვილი გენერალური დირექტორის მოადგილეები არიან.
ფინკა ბანკი საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს ოთხი წევრიდან ერთია ქალი, ჩიკაკო კუნო. დირექტორთა საბჭოც ერთი ქალბატონითაა წარმოდგენილი – თინათინ იამანიძე ბანკის რისკების მართვის დირექტორია.
ბანკი ქართუს ხუთი წევრიდან ერთია ქალი, თეა ჯოხაძე. რაც შეეხება დირექტორთა საბჭოს შემადგენლობას, ბანკის გენერალური დირექტორი და შესაბამისად, დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი ნატო ხაინდრავაა.
კრედო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში არცერთი ქალი არ გვხვდება.
სილქ როუდ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ხუთიდან ერთია ქალი, მზია ქოქუაშვილი. დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში კი ვხვდებით ნათია მერაბიშვილს, ბანკის ფინანსურ დირექტორს.
ბაზისბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ვხვდებით მია მის, ხოლო დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში ლია ასლანიკაშვილსა და ხვეი ლის. ასლანიკაშვილი ფინანსების მიმართულებით, ხოლო ლი დაკრედიტების მიმართულებით არიან გენერალური დირექტორის მოადგილეები.
საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს შვიდი წევრიდან ორია ქალი, ჰანნა ლოიკაინენი და ვერონიკ მაკქეროლი. ბანკის დირექტორთა საბჭოში ორი ქალია: ეთერ ირემაძე SOLO ბიზნესმიმართულების ხელმძღვანელია, ხოლო ნუცა გოგილაშვილი ადამიანური კაპიტალისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის ხელმძღვანელია.
მონაცემები აღებულია კომერციული ბანკების პილარ 3-ის უახლესი კვარტალური ანგარიშგებებიდან.