მე მჭირდებოდა თავისუფლება | ინტერვიუ ლუიზა ჩალათაშვილთან

ლუიზა ჩალათაშვილის პასტელურ ფერებში ბუნებრივი განათებით შექმნილი ნამუშევრები თითქოს კინოა, რომლის მონაწილე შენც ხდები. ეს ერთი დიდი შემოქმედებითი პროცესია, ძალიან ბევრი დეტალისგან აკურატულად აწყობილი.

Louisa_s-ს ფოტოებში შუქის ინტენსივობა და სიმსუბუქე ქმნის კომპოზიციას, სადაც რეალობის უნიკალური და ცოტათი დამაინტრიგებელი მომენტებია გაცოცხლებული, ხოლო ფერებს, ნივთებსა და ადამიანებს შორის კონტრასტი საკმაოდ დელიკატური.

როგორ გახდა ფოტოგრაფია თქვენი განუყოფელი ნაწილი?

ლუიზა ჩალათაშვილი: ემოციურ დონეზე ვგრძნობდი, რომ თავისუფლება მჭირდებოდა. თითქოს მახრჩობდა ის ერთფეროვანი ყოველდღიურობა, საოფისე საქმე, გარემო და სისტემა, რომელშიც ვიყავი. იურისპრუდენცია თავისებურად საინტერესო საქმეა, ამ სფეროში მოღვაწეობისას ბევრი ჭკვიანი ადამიანი გავიცანი. 2008 წელს დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 2011 წელს კი, კავკასიის სამართლის სკოლის მაგისტრატურა ადმინისტრაციულ სამართალში.

ფოტოგრაფიით 2006-ში, ჯერ კიდევ სტუდენტობისას დავინტერესდი და ძირითადი პროფესიის პარალელურად სხვადასხვა ფოტო-პროექტებზე ვმუშაობდი. გავიცანი ხელოვნების სფეროთი დაინტერესებული ადამიანები და ჩვენ თითქოს ერთი პატარა კომუნა ვიყავით, შედარებით თავისუფალი შეხედულებებითა და აზროვნებით. ამან ძალიან ჩამითრია და, საბოლოოდ ჩემი ინპირაციის წყაროც გახდა.

„წამოდი, გიჟი ხარ? რა გინდა მანდ?“ ‒ ხშირად გაგონილმა ასეთმა ფრაზებმა დამაფიქრა და საბოლოოდ მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც ალბათ ყველაზე სწორი იყო, ემოციურად, პიროვნულად და ფიზიკურადაც კი. ვფიქრობ, რისკენაც გული მიგიწევს, საბოლოოდ მაინც ის უნდა აკეთო.

ახლა ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ, იმით, რასაც ვაკეთებ და იმ თავისუფლების შეგრძნებით, რასაც გადაღების პროცესი მაძლევს.

როგორია სამუშაო პროცესი ემოციური თვალსაზრისით? რა მოაქვს თქვენთვის გადაღების პროცესს?

ლუიზა ჩალათაშვილი: ახლა უკვე გადაღება ჩემი განტვირთვაცაა და საქმეც. მაშინაც ვიღებ როცა ვისვენებ და სამუშაო ხომ თავისთავად გადაღებაა. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ უნდა დავისვენო, რაღაც გრაფიკი დავუწესო თავს, რომ მეტი თავისუფალი დრო დამრჩეს, მაგრამ
რაღაცნაირად, როდესაც ვიწყებ გადაღებას, მერე მომენტალურად სხვა პიროვნება ვხდები და გადაღების პროცესის დასასრულს ჯერ კიდევ აღფრთოვანებით დავეძებ კადრებს.

იმ შემთხვევაში, თუ სრულიად მარტო მივდივარ ქალაქგარეთ გადასაღებად, ეს სულ სხვა პროცესია. ჩემს მორევში ვიკარგები, ვხდები იზოლირებული. დაგეგმილ გადაღებებზე კი, როგორც წესი, ცოტათი აფორიაქებული ვარ ხოლმე. შემოქმედებითი პროცესია და ეს ბუნებრივია, თუმცა ერთია, როდესაც ადამიანს უღებ, მასთან ემოციურ კავშირს ამყარებ და ერთად მუშაობთ პროდუქტზე, რომელიც ხელოვნების და გრძნობების ნაწილია. მეორეა, როდესაც იღებ ნივთებს/საგნებს ‒ სამკაულებიდან დაწყებული, საბანკო ბარათებით დამთავრებული ‒ აქ ბევრი პატარა დეტალია, რომელიც სწორად უნდა დაგეგმო.

რამდენად რთული იყო წლების წინ ამ დარგში თავის დამკვიდრება და როგორ გაჩნდა ეს განსხვავებული, სხვებისგან საკმაოდ გამორჩეული სტილი?

ლუიზა ჩალათაშვილი: თვითრეალიზაცია და საკუთარ თავში რწმენის პოვნა საკმაოდ რთული პროცესია. ამ დროს სულ ვფიქრობ ხოლმე თუ რამდენს ნიშნავს ბავშვობა და ის პერიოდი, როდესაც ჩვენი პიროვნება ყალიბდება; როგორ აისახება სხვადასხვა სოციალური სტიგმები და შეხედულებები ჩვენს ყოველდღიურობაზე. რა ინფორმაციასაც პატარაობისას ვიღებთ, მნიშვნელოვან ფაქტორად ყალიბდება ზრდასრულ პერიოდში, საბოლოოდ კი ეს ყველაფერი მოქმედებს იმაზე, თუ რამდენად გაბედულები ვართ და რამდენად გვჯერა ჩვენი თავის. ამან საკმაოდ დიდი გავლენა იქონია ჩემს კარიერულ განვითარებაზეც. საკმაოდ ბევრი მუშაობა დამჭირდა იმისთვის, რომ გავთავისუფლებულიყავი იმ კონსერვატიული და ჩაკეტილი შეხედულებებისგან, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში წლების წინ უფრო მჭიდროდ იყო გამჯდარი.

სწორედ ამიტომ, როდესაც ჩემი შვილი გაიზრდება, მაქსიმალურად ვეცდები შესაბამისი ფორმით მივაწოდო ყველაფერი ის, რისი სწავლებაც მისთვის მინდა, თან ისე რომ არაფერში შევზღუდო და თან ისე, რომ შევაყვარო თავისუფლება, რომელიც მისი ნაწილიც უნდა იყოს და საყვარელი საქმის კეთების მოტივაციაც.

რაც შეეხება კონკრეტულად ჩემი ნამუშევრების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას, თითქმის სულ დადებით ემოციებს ვიღებდი, ამ მხრივ წნეხი პირადად მე არ მიგრძვნია, რაც ალბათ ძალიან დამეხმარა განვითარებაში, თუმცა იყო ოჯახის მხრიდან უკმაყოფილების ფაქტორი, სანამ დარწმუნდებოდნენ რომ ამ საქმეში მართლაც წარმატებული ვიქნებოდი.

სტილის შემთხვევაში კი ახლა უკვე მხოლოდ ისეთი გადაღებები მაქვს, სადაც მე, თავად ვგეგმავ მთლიან პროცესს, რაც უფრო მეტად მეხმარება ჩემი ხედვისა და აღქმის ბოლომდე გამომჟღავნებასა და გადმოცემაში. დაგროვილი ემოციების შედეგია ის, რასაც ვიღებ. წინასწარ ამას ვერ განსაზღვრავ.

როგორ გადაიქცა თქვენი ჰობი და სამოყვარულო საქმე ბიზნესად? იყო თუ არა ეს, თავდაპირველი მიზანი?

ლუიზა ჩალათაშვილი: ფოტოგრაფიით შემოსავლის მიღებაზე არც მიფიქრია, თავისით, დაუგეგმავად მოხდა. შემოთავაზებებამდეც ასე მივედი. უბრალოდ, ვაქვეყნებდი ჩემს ნამუშევრებს. საკუთარ თავს მაღალი სტანდარტები დავუწესე. სულ განვითარებაზე ვფიქრობ და ხშირად არ ვარ კმაყოფილი იმით, რასაც ვაკეთებ.

ვფიქრობ, ყველაზე დიდი როლი მაინც სოციალურმა ქსელებმა, კერძოდ კი ინსტაგრამმა ითამაშა, რადგან სწორედ ამ პლატფორმის საშუალებით გაიცნო ხალხმა ჩემი შემოქმედება, რასაც მოჰყვა მოწონებაც და საქმიანი მხარეც ‒ ჩემი ფოტოები გამოაქვეყნეს ისეთმა გამოცემებმა, როგორებიცაა amuse-i-d.vice.com, ignant.com, yatzer.com, highsnobiety.com და Vogue Globar Network. ასევე მივიღე შემოთავაზებები რამდენიმე ძალიან ცნობილი ბრენდისგანაც – Mansur Gavriel, Smythson;

რაც შეეხება ქართულ ბრენდებსა და კომპანიებს, ძალიან ბევრ მათგანთან ვთანამშრომლობ.

დღეს, თქვენს სფეროში, კონკურენცია საკმაოდ დიდია. ახდენს თუ არა ეს გარემოება გავლენას თქვენს საქმეზე, როგორც ბიზნესზე?

ლუიზა ჩალათაშვილი: რა თქმა უნდა, არის კონკურენციის ფაქტორიც, თუმცა ვთვლი, რომ ეს ბიზნესს პირიქით ეხმარება. ვცდილობ ჩემს თავს ვაჯობო და უფრო უკეთესი გავხადო ჩემი შემოქმედება. ზოგადად, თუ რომელიმე ხელოვანის ნამუშევარი, სტილი ან ხელწერა სხვისთვის ინსპირაცია ხდება, ეს მხოლოდ სასიხარულოა.

ფოტოგრაფიის, როგორც ხელოვნების დარგის განვითარებამ ჩვენს საზოგადოებაში, ვფქირობ, მეტი მიმღებლობა, თავისუფლებისკენ სწრაფვა და მრავალფეროვნება განაპირობა. რას ფიქრობთ, რამდენად შეუძლია ლოკალურ კონტექსტში ფოტოგრაფიას შეცვალოს ადამიანის აზროვნება, ღირებულებები და საბოლოოდ, დიდ სოციალურ ცვლილებებამდე მიგვიყვანოს?

ლუიზა ჩალათაშვილი: ხელოვნება ცალსახად ფლობს ამ შესაძლებლობებს, თუმცა ამ მხრივ მე უფრო დოკუმენტურ ფოტოგრაფიას გამოვყოფდი, როდესაც ერთმა კადრმა შეიძლება მთელი სიტუაციის სიმძაფრე დაგანახოს.

ასევე, მოდის ფოტოგრაფიის თვალსაზრისით მახსენდება ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური Dze_Project, რომლის ფოტო და ვიდეო მასალამ სრულიად ამოატრიალა ყველას გონება და ძალიან მტკივნეულ პრობლემებზეც ისაუბრა.

თქვენი ფოტოგრაფიის სათქმელი რა არის?

ლუიზა ჩალათაშვილი: მეტწილად ვიზუალურ-ესთეტიკური სიამოვნება, ვიდრე რამე ღრმა „მესიჯები.“ მე უფრო ჩემს ემოციურ განწყობას გადმოვცემ. თითქოს ჩემი კომფორტის ზონაა, რასაც ვაკეთებ და საიდანაც არასდროს გავდივარ. მაგრამ სულ ვვითარდები და ვიზრდები. სტანდარტები ნელ-ნელა იცვლება, რაც ვთვლი, რომ ძალიან კარგია. ბევრი რამის დამსახურებაა ეს ‒ თავად ხელოვნების ამ მიმდინარეობის, ადამიანებისაც, რა თქმა უნდა. ყველაფერი საბოლოო ჯამში რაღაცას ამბობს, რაც ცვლილებების საწინდარი ნამდვილად არის.

როგორ ფიქრობთ, რა ფორმით უნდა მივცეთ ქალებმა ერთმანეთს მოტივაცია?

ლუიზა ჩალათაშვილი: აუცილებლად უნდა მოვუყვეთ მათ ჩვენს წარმატებაზე და მარცხებზეც, შევახსენოთ, რომ მოქმედებაა ყველაფრის საწყისი და აქტიურობა, არ დანებება და არ გაჩერება ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ყოველთვის მოსდევს შედეგი.

რა გამოწვევების წინაშე ხედავთ საკუთარ თავს მომავალში?

ლუიზა ჩალათაშვილი: ახალ გამოწვევებზე არასდროს ვამბობ უარს, შეიძლება მეშინოდეს, მაგრამ შინაგანად მწამს, რომ არ უნდა ვთქვა უარი, რადგან ეს ჩემს განვითარებაზე იმოქმედებს. ესაა გეგმა, რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობი.

ფოტო: ანა ბოკო