IMF: ამჟამად ჩინეთი ერთადერთი განვითარებადი ბაზარია, რომელშიც წარმოება იზრდება

Photo By Adi Constantin

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კორონავირუსის ეკონომიკური შედეგების მიმოხილვა გამოქვეყნა.

“COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკურ რეცესიამდე მიიყვანა. 2020 წელი გლობალურ ფინანსურ კრიზისზე უფრო მძიმე იქნება“ – წერია კვლევაში.

ჩინეთი არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ვირუსის გავრცელების პიკი გამოიარა. განვითარებადი ბაზრების მქონე სხვა ქვეყნებში კი ეპიდემია ჯერ ახლა იკრებს ძალებს და ეს ეკონომიკაზეც სწრაფად აისახება. შესყიდვების მენეჯერების გამოკითხვებიდან მიღებული ინდექსის(PMI) თანახმად, განვითარებადი ბაზრების ქვეყნების წარმოება მკვეთრად მცირდება, რაც უკვე შემცირებული მოთხოვნისა და ნეგატიური მოლოდინების შედეგია.

ამასობაში კი ჩინეთში ეპიდემია უკან იხევს და, უფრო დაბალი საგარეო მოთხოვნის მიუხედავად, წლის დასაწყისში მკვეთრად შემცირებული წარმოება მნიშნელოვნად იზრდება.

ჩინეთში ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე ატმოსფეროში ნიტროგენის დიოქსიდის კონცენტრაციის ზრდაც მიუთითებს, რაც ინდუსტრიული და სატრანსპორტო სექტორების გააქტიურების შედეგია. იანვრიდან თებერვლამდე ნივთიერების კონცენტრაცია მკვეთრად იყო შემცირებული, მარტიდან მოყოლებული კი კვლავ იზრდება.

IMF-ში ვარაუდობენ, რომ ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული შემაკავებელი ზომების წარმატებაზე მიუთითებს.