კორნელის უნვერსიტეტის აუდიტორიებში სტუდენტების დაბრუნება რამდენიმე მილიონი დაჯდება

კორნელის უნივერსიტეტი 2 სექტემბრიდან შერეულ რეჟიმში იმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლექციების ნაწილი აუდიტორიებში ჩატარდემა, ნაწილი კი – ონლაინპლატფორმებზე.

უნივერსიტეტის 20,000 სტუდენტს სწავლის დაწყებამდე კორონავირუსის ტესტს გაუკეთებენ. კვლევა ყოველკვირეულად განმეორდება. თუმცა, განმეორებითი ტესტების ხარჯის ოპტიმიზაციის მიზნით, მკვლევრებმა ათი სტუდენტის ერთობლივი ტესტირება გადაწყვიტეს და, მხოლოდ პოზიტიური პასუხის შემთხვევაში, მათ სათითაოდ გამოიკვლევენ.

კორნელის უნივერსიტეტის პრეზიდენტის ვარაუდით, სტუდენტებისა და დასაქმებულების ტესტირებისთვის ერთი სემესტრის განმვლობაში 3,000,000-დან 5,000,000-დოლარამდე თანხა უნდა გამოიყოს. ამასთანავე, ლექციებზე დასწრებისას აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი კორნელის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევაა, რომელმაც აჩვენა, რომ დაწესებულების გახსნა მეტად უსაფრთხოა, ვიდრე ლექციების ონლაინრეჟიმში გაგრძელება. მკვლევრების თქმით, მხოლოდ დისტანციური სწავლებისას სტუდენტებში ვირუსის გავრეცელების რისკი მინიმუმ ორჯერ, მაქსიმუმ კი – ათჯერ მაღალია. კვლევა ეფუძნება იმ დაშვებას, რომ უნიერსიტეტი მკაცრად დაიცავს სოციალური დისტანცირების წესებს და შეძლებს სტუდენტებისა და დასაქმებულების რეგულარულ ტესტირებას.

სტეფან ბუკა, ეპიდემიოლოგი ბრაუნის უნივერსიტეტიდან, კორნელის მკვლევრების ლოგიკას ეთახმება. მისი განცხადებით, თუ უნივერსიტეტი ეფექტურად დაადგენს წესებს და ჩაატარებს ტესტირებას, ლექციების ნაწილის აუდიტორიებში ჩატარება უსაფრთხო იქნება.

თუმცა, ნადია აბუელეზამი, ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი, ამ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებს. მისი განცხადებით, დაშვება, რასაც გადაწვეტილება ეფუძნება, ზედმეტად ოპტიმალურია. მისი აზრით, ინტენსიური ტესტირება და წესების ზედმიწევნით დაცვა უნივერსიტეტისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

კორნელის პრეზიდენტის განცხადებით, მათი კვლევა სხვა უნივერსიტეტებზე არ ვრცელდება. დასკვნას საფუძვლად უდევს ის ფაქტიც, რომ სტუდენტების 50%, სწავლის მეთოდის მიუხედავად, ქალაქში დაბრუნებას აპირებდა, რაც სხვა უმაღლესი სასწვლებლების შემთხვევაში, შესაძლოა, ასე არ იყოს.