რა სახის მომსახურებას მივიღებთ საჯარო რეესტრისგან დისტანციურ რეჟიმში?

Photo By netgazeti

9 აპრილს საქართველოს საჯარო რეესტრმა სერვისებზე წვდომა განაახლა. ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის საჯარო რეესტრის 150-მდე მომსახურება დისტანციურად იქნება ხელმისაწვდომი. შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, სერვისის ნაწილზე მოთხოვნისა და მათი მიწოდების ფორმები გამარტივდა.

მოქალაქის პორტალზე (My.gov.ge), ასევე, სააგენტოს ელფოსტაზე (info@napr.gov.ge) საჯარო რეესტრის მომხმარებლებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად მიიღონ, როგორც ბიზნესის, ისე, უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სერვისები.

გამარტივებული წესების პირობებში მოქალაქეები ხელმოწერის გარეშე შეუძლიათ:

  • საჯარო რეესტრიდან ინფორმაციისა და ცნობების მიღება;
  • მიიღონ ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებების რეესტრიდან, ბიზნესრეესტრიდან, ეკონომიკურ  საქმიანობათა  რეესტრიდან, გირავნობა/ლიზინგის რეესტრიდან;
  • განცხადებების ძებნა.

პორტალზე – MY.GOV.GE კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა საჭირო დარჩა შემდეგი სერვისების მისაღებად:

  • ქონების  დაყოფა ან გაერთიანება;
  • ახალი ბიზნესსუბიექტის დარეგისტრირება;
  • კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრების მოწვევა და ჩატარება;
  • ეკონომიკური საქმიანობის დარეგისტრირება;
  • საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის  რეგისტრაცია და სხვა.

იმის გასარკვევად, თუ როგორ უნდა მიიღოთ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისთვის საჭირო ID ბარათის წამკითხველი, დარეკეთ ნომერზე: 032 2 405 405

თუკი მოქალაქე ვერ ახერხებს ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებას, გარკვეული სერვისების დისტანციურად მიღება  საჯარო რეესტრის ელფოსტითაც (info@napr.gov.ge ) არის შესაძლებელი. მაგალითად, მოქალაქეს ელფოსტის საშუალებით შეუძლია გააკეთოს განაცხადი მიწის რეგისტრაციის თაობაზე.

მოქალაქეები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეძლებენ მოითხოვონ:

  • მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია;
  • საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღა, აკრძალვა) რეგისტრაცია;
  • საკადასტრო გეგმის  ან საკადასტრო რუკის მომზადება;
  • ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათება ან საინვენტარიზაციო გეგმების მომზადება;
  • არქივში დაცული დოკუმენტის ასლების მიღება;
  • მისამართის დაზუსტება და ფართისთვის ნომრის მინიჭება;
  • რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება;
  • მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება;
  • ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა და სხვა.

უწყების ცნობით, დისტანციურ რეჟიმში მიწოდებული სერვისების გარდა, მოქალაქეები რამდენიმე ისეთი სერვისის მიღებას შეძლებენ, რომელიც საკუთრების უფლების დაცვისთვის დოკუმენტის მატერიალური სახით წარდგენას საჭიროებს. აღნიშნული სერვისის მისაღებად მოქალაქემ წინასწარ უნდა დარეკოს ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 405 405, რათა ოპერატორმა მიანიჭოს რიგის ნომერი და ჩაუნიშნოს შეხვედრა კონრეტულ ვადებში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სამოცდაათი წლის და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს საჯარო რეესტრის წარმომადგენლები სერვისის მისაღებად საჭირო მომსახურებას მათ საცხოვრებელ ადგილას გაუწევენ.