ციფრულ სფეროსთან დაკავშირებული გამოწვევები თანამედროვე სამუშაო ბაზარზე

დღესდღეობით, ბიზნეს-გარემო მუდმივი ცვალებადობის პროცესშია. ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, ვითარდება დასაქმების სფერო და ამის შესაბამისად, როგორც დამსაქმებლებს, ასევე სამუშაოს მაძიებლებს უწევთ თანამედროვე სტანდარტებზე მორგება. ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად ბიზნესის მართვის ტრადიციული მეთოდები არაეფექტურია, ამიტომ ორგანიზაციებს თანამედროვე სტრატეგიების ფარგლებში, თანამედროვე უნარების მქონე თანამშრომლების დაქირავება სჭირდებათ.

ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, ბიზნეს კომპანიებში იზრდება მოთხოვნა ციფრულ სფეროში სპეციალიზებულ პროფესიონალ კადრებზე, თუმცა რეალობა ისაა, რომ ამ სახის პროფესიონალები დღეს მსოფლიოს მასშტაბით დეფიციტურია. ფაქტია, რომ ნებისმიერ ბიზნესს ესაჭიროება ციფრულ, ტექნოლოგიურ სფეროში გამოცდილი კადრი. კიბერსივრცის განვითარებასთან ერთად, კომპანიებისათვის საჭირო ხდება გამოცდილი IT სპეციალისტის დაქირავება, ღრუბლოვან სერვისებზე კონცენტრირება, მობილური აპლიკაციის შექმნაზე ზრუნვა, თუმცა მოთხოვნისა და მიწოდების რაოდენობები არათანაბარია.

ფრანგული კომპანიის „Capgemini“ კვლევაში – The Digital Talent Gap: Are Companies Doing Enough – თანამედროვე სამყაროში ციფრული სფეროს მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ესმევა ხაზი. LinkedIn-ზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, კომპანიების 54% აღიარებს საკუთარი ბიზნესისათვის ციფრული სფეროს მნიშვნელობას, ამასთანავე განმარტავს, რომ კონკრეტულ სფეროში გამოცდილი კადრების სიმცირემ კომპანია მნიშვნელოვნად დააზარალა და ბაზარზე კონკურენტული უპირატესობა ჩამოერთვათ.

კვლევაში წარმოდგენილია კიდევ ერთი საინტერესო მიგნება – მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, შვედეთსა და ჰოლანდიაში ციფრულ სფეროში სპეციალისტთა მაღალი რაოდენობა ფიქსირდება, ეს ქვეყნები მაინც ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნას და ბაზარზე კვლავ გამოცდილი კადრების დეფიციტი აქვთ. მსოფლიოს ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტების უმრავლესობა ინდოეთში იყრის თავს და მხოლოდ აქედან „გადანაწილდება“ დანარჩენ მსოფლიოზე, ძირითადად აშშ-ზე, გერმანიასა და შვედეთზე.

Snapshot via Capgemini Research Institute

კვლევის ზოგადი მიგნებები

კვლევის მიხედვით, ციფრულ სფეროში კადრების დეფიციტს რამდენიმე ფაქტორთა ერთობლიობა ქმნის. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, რომ ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, სამუშაო ბაზარზე იმატა ახალგაზრდა კადრების რაოდენობამ, რამაც გადააჭარბა სხვა ასაკის კატეგორიებს. ციფრულ სფეროში ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისება საკმაოდ მნიშვნელოვანია და გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ უნარს ახალგაზრდა კადრები უფრო მეტად ფლობენ. მილენიალებისა და ბეიბი-ბუმერების თაობის შედარებისას, აშკარა უპირატესობა გამოიკვეთება ახალგაზრდა თაობაში, რომელიც უფრო ღიაა ცვლილებებისადმი და ეს ყველაფერი კარგად ვლინდება სამუშაო გარემოშიც. ციფრულ სფეროში სპეციალიზებული ახალგაზრდა კადრი უფრო მეტად მიდრეკილია სამუშაო სფეროში ცვლილებების დანერგვისკენ და მას მეტად ახასიათებს თვითგანვითარებისკენ სწრაფვა. თუმცა, ახალგაზრდა სპეციალისტების სიმრავლის მიუხედავად, ციფრულ სფეროში სპეციალიზებულ კადრებზე მაღალი მოთხოვნა მსოფლიოს ბევრ კომპანიაში სრულად ვერ კმაყოფილდება.

სხვა მიზეზებთან ერთად, უნდა აღინიშნოს თავად ციფრული სფეროს სპეციალისტების უკმაყოფილება სამუშაო გარემოს მიმართ. ზოგადი ტენდენციის თანახმად, ციფრულ სფეროში დასაქმებულთა 30%-ს მიაჩნია, რომ მისი კომპეტენცია კონკრეტული სამუშაოსათვის ზედმეტადაა შეფასებული და საკუთარი უნარების სრულფასოვნად გამოვლენის საჭიროება არ არსებობს. ხოლო, ის კი, ვინც თვითგანვითარებაზე ფიქრობს, კომპანიების მიერ გადამზადების პროგრამების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს. Capgemini-ის კვლევის თანახმად, ციფრულ სფეროში დასაქმებულთა 60% თვითგანვითარების გზებს ონლაინ სივრცის საშუალებით ეძებს. ამავე კვლევის თანახმად, ციფრულ სფეროში დასაქმებულები, სხვა სფეროს დასაქმებულებთან შედარებით, ყველაზე ხშირად იძენენ ახალ სამუშაო უნარებს ონლაინ კურსების დახმარებითა და საკუთარი რესურსებით.

პრობლემის გადაჭრის სტრატეგია

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციებში ციფრული კადრების დეფიციტზე ღიად საუბრობენ, ფაქტია, რომ რეალურად ამ პრობლემის გამოსწორება ჯერ არც ერთ კომპანიას არ დაუწყია. ამის მიზეზი კონკრეტული გამოწვევებია, რომლის წინაშეც კომპანიები შესაძლოა დადგნენ. მაგალითისთვის, მრავალ ორგანიზაციას მიაჩნია, რომ თუ საკუთარი თანამშრომლების გადამზადებაში დიდ რესურსებს ჩადებენ, მომავალში კონკრეტული თანამშრომლის სამსახურიდან წასვლის შანსი, უკეთეს პოზიციაზე დასაქმების სურვილის გამო, გაიზრდება.

პრობლემის გამოსასწორებლად, დამსაქმებელი კომპანიები უნდა კონცენტრირდნენ ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტების მოზიდვაზე, მათი უნარების განვითარებასა და თანამშრომლების მუდმივად შენარჩუნებაზე. ეს ყოველივე პირველ რიგში ციფრულ სფეროში სპეციალიზებული კადრების უნიკალურ მოთხოვნებზე მორგება და მათთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნით ხდება. სამუშაო გარემოში, სადაც ახალი ცოდნა დაფასებულია და კარიერის განვითარების შანსები არსებობს, თანამშრომლების უკმაყოფილების ნაკლები შანსია.

ციფრულ სფეროში სპეციალიზებული კადრების მოძიების ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან კოლაბორაცია წარმოადგენს. მომავალი წარმატებული კადრები დღევანდელ რეალობაში უნივერსიტეტებში მზადდება და მათთან დაკავშირება ბიზნეს-კომპანიებს ახალი სამუშაო ძალების მიღების საშუალებას მისცემს.

ციფრული სფეროს უნიკალურობა, აგრეთვე იმაშიც მდგომარეობს, რომ აქ სპეციალიზებულ კადრებს ნამდვილად გააჩნიათ რაღაცის შეცვლის უნარები და თუ ამ უნარების განვითარებაში მათ სამსახური შეუწყობს ხელს, ნებისმიერი კომპანია წარმატებას მიაღწევს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემა მხოლოდ ბიზნეს-კომპანიების მიდგომაში არ შეინიშნება და აუცილებლად საყურადღებოა დასაქმებულების მდგომარეობაც.

თანამედროვე მსოფლიოში, ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, იცვლება სამსახურის მოთხოვნებიც. სამუშაო ბაზარზე წარმატების მისაღწევად საჭიროა არა მხოლოდ ცოდნა ციფრული ტექნოლოგიების შესახებ, არამედ ამ ცოდნის პრაქტიკულად და კრეატიულად გამოყენების უნარი. ციფრულ სამუშაო სივრცეში, დღესდღეობით, ჭარბობს კადრები მხოლოდ ტექნიკური ან მხოლოდ თეორიული (soft) უნარებით, შესაბამისად სამსახურის მაძიებლებმაც უნდა გაითვალისწინონ და მოერგონ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს. რაც შეეხება დამსაქმებლებს, მათ მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს, გამოცდილი, თვითგანვითარებაზე ორიენტირებული კადრების მოძიება და მათთვის, კომპანიის ფარგლებში, კარიერული წინსვლის შესაძლებლობის მიცემა.

ნებისმიერი ბიზნესი საბოლოოდ თანამშრომლებამდე დადის, რომლებზეც უშუალოდ დამოკიდებულია კომპანიის წარმატება თუ წარუმატებლობა. დღევანდელი ბისზნეს-კომპანიების პრიორიტეტად გამოცდილი ციფრულ სფეროში სპეციალიზებული კადრების მოძიება და მათთვის განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნა უნდა იქცეს. აუცილებელია იმის აღიარებაც, რომ ციფრულ სფეროში სპეციალიზებულ კადრებს კომპანიისთვის და ზოგადად მსოფლიოსთვის მრავალი პოზიტიური სიახლის დანერგვა შეუძლიათ, ისინი უნიკალურ სამუშაო ძალას წარმოადგენენ და შესაბამისად, უნიკალური სამუშაო გარემოს საჭიროებენ. ციფრულ სფეროში წარმოდგენილი დეფიციტის აღმოფხვრა სრულიად მსოფლიოში შეუძლებელია და ეს თითოეულმა ბიზნეს-კომპანიამ ინდივიდუალურად უნდა ითავოს.

კარგად განვითარებული ციფრული სფერო, ნებისმიერი წარმატებული კომპანიისათვის განუყოფელი ნაწილია და  ბაზარზე მის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად განაპირობებს. ბუნებრივია, რომ პროფესიონალი კადრები უპირატესობას ინოვაციურ სამუშაო გარემოს მიანიჭებენ, რომელიც თითოეული თანამშრომლის კარიერულ განვითარებას უწყობს ხელს. ამის შესაბამისად, თანამედროვე სამუშაო ბაზარს საჭიროა მოერგოს, როგორც სამუშაოს მაძიებელი კადრი, ასევე დამსაქმებელი კომპანია.

No Comments Yet

Comments are closed