ქალების ნაკლებობა STEM-ში – გამოწვევა საუნივერსიტეტო სივრცისთვის | ინტერვიუ ნანა დიხამინჯიასთან

STEM მიმართულებებში ქალთა მცირედი ჩართულობა გლობალური პრობლემაა, რომელიც ლოკალურ კონტექსტში უფრო მძაფრ სურათს ქმნის. STEM აერთიანებს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა.

სად არის პრობლემის სათავე, როგორ შეიძლება ამ გამოწვევაზე გამარჯვება, რა როლი აქვს ამ პოზიტიური ცვლილების განხორციელებაში უნივერსიტეტს და კერძო სექტორს, შეუშლის თუ არა ხელს პანდემია ამ მიმართულებით აქტიურ მოქმედებას. სწორედ ამ თემაზე ესაუბრა Forbes Woman Georgia ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს ინოვაციებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით, კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის პროფესორს, ნანა დიხამინჯიას.

ფოტო: ანა ბოკო

STEM მიმართულების პროფესიები ნაკლებად პოპულარულია, მით უფრო გოგონებში, სად არის პრობლემის სათავე და რა გამოწვევების წინაშე დგას ამ მიზეზთა გამო ქართული საზოგადოება?

STEM მიმართულებები მთელ მსოფლიოში აქტიურად ვითარდება, რადგან დღეს სწორედ ტექნიკური და საბუნებისმეტყველო დარგების მიღწევები აძლიერებს სახელმწიფოს ეკონომიკას. თუმცა, ყველგან არის კადრების ნაკლებობა ამ მიმართულებით და ყველა ქვეყანა ცდილობს, გაზარდოს ამ კუთხით პროფესიული და უმაღლესი განათლების პოპულარობა. სამწუხაროდ, საქართველო ჯერჯერობით არ ახორციელებს დეტალურ კვლევებს ამ მიმართულებით, რომ ზუსტად ვიცოდეთ, როგორია გოგონების და ქალების ჩართულობა STEM მიმართულებებში. ჩემი დაკვირვებით, ქიმია-ბიოლოგიაში მაღალია ქალების ჩართულობა, ტექნოლოგიებში თითქმის ისეთივე, როგორც განვითარებულ ქვეყნებში. პრობლემურია ინჟინერია – კომპიუტერული, ელექტრული, სამოქალაქო ინჟინერია.

ეს კომპლექსური პრობლემაა და მისი მიზეზები ერთნაირია საერთაშორისო მასშტაბით: პირველ რიგში, გოგონებს ჯერ კიდევ ვახვევთ თავზე სტერეოტიპებს, რომ მათი ტვინი განსხვავდება ბიჭების ტვინისგან და ისინი ვერ იქნებიან ისეთივე წარმატებული საინჟინრო და ტექნიკურ დარგებში, როგორც ბიჭები. ასევე, არსებითია, რომ გოგოებსა და ბიჭებს არ ვთავაზობთ განვითარების ერთნაირ შესაძლებლობას ბავშვობაში, როცა ყალიბდება ცხოვრებისეული ინტერესები და აქტიურად ვითარდება გონებრივი შესაძლებლობები. სათამაშოები, რომელთაც გოგოებს ვთავაზობთ, მეტად არის მიმართული ემოციური ინტელექტის განვითარებაზე, ხოლო ბიჭებს უფრო მეტად ვთავაზობთ კონსტრუქტორებს, დასაპროგრამებელ სათამაშო რობოტებს, მანქანებს, რაც აღვივებს მათ ინტერესს ინჟინერიის მიმართ.

პრობლემის სათავეს უფრო ზოგად დაკვირვებებშიც მივაგნებთ – საბჭოთა მემკვიდრეობით დაგვრჩა ამ მიმართულების კვლევითი ინსტიტუტები და ჯგუფები, რომელთა საქმიანობაც შენელდა ან შესუსტდა პოსტსაბჭოთა საქართველოში, კვლევითი ფინანსების სიმცირის გამო, და საჭიროებს გარე დახმარებას თანამედროვე სტანდარტების მისაღწევად და საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად. მეორე მხრივ, ამ მიმართულებების საფუძველი არის სკოლაში მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სათანადო სწავლება, რაც პოსტ-საბჭოთა საქართველოს საჯარო სკოლებში ვერ გაუმჯობესდა და ზოგან გაუარესდა კიდეც – შესაბამისად, დღევანდელი საშუალო
სკოლის პირობებში, როცა ამ საგნების სწავლებისას არ გამოიყენება თანამედროვე მეთოდები, არ არის სათანადოდ დანერგილი ტექნოლოგიების გამოყენება, ხოლო სკოლებს არ აქვთ საბუნებისმეტყველო საგნებისთვის საჭირო ლაბორატორიები, რთულია ბავშვების დაინტერესება STEM მიმართულებებით და შედეგად ვიღებთ ნაკლებ ახალგაზრდა პროფესიონალს ამ მიმართულებით.

ფოტო: ანა ბოკო

რა აქტივობები ხორციელდება აღნიშნული სურათის შესაცვლელად და რამდენად საკმარისია ამ მასშტაბის გამოწვევისთვის ის, რაც კეთდება?

ბოლო წლებში საქართველოში ამ დარგების პოპულარიზებისთვის ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტი დაიწყო, მაგრამ მათ აქვთ არასისტემური სახე, შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი ძირეული პრობლემების გადაწყვეტის გარეშე, ისინი ნაკლებად ეფექტურია. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, თუ რამდენად მაღალია შრომის ბაზრის მოთხოვნა და ანაზღაურება ამ ტიპის სპეციალობებზე, თუკი აბიტურიენტს უკვე არ აქვს საკმარისი ინტერესი და ცოდნა, ის არ აირჩევს ამ პროფესიას. ბოლო წლებში ნამდვილად იზრდება STEM მიმართულებების პოპულარობა, თუმცა მეტწილად ეს ხდება კომპიუტერული მეცნიერებების და საინფორმაციო ტექნოლოგიების პოპულარობის გაზრდის ხარჯზე. საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ იაზრებს, რამდენად მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზარზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ინჟინერია, და რა ტიპის კარიერა შეიძლება ჰქონდეს ამ დარგის პროფესიონალს. ერთ-ერთი პრობლემა ისიცაა, რომ საქართველოს საჯარო სკოლებს არ აქვთ კარიერული რჩევის სერვისი, რაც კარგა ხანია დანერგილია განვითარებულ ქვეყნებში. საჭიროა, მეშვიდე კლასიდან მაინც ბავშვებს ესაუბრებოდნენ თანამედროვე პროფესიებზე, ასწავლიდნენ თითოეულ პროფესიაში კარიერის განვითარების შესაძლებლობებს, უხსნიდნენ, რა ტიპის უნარები და ცოდნა სჭირდება თითოეულ პროფესიას, ხოლო მაღალ კლასებში ეხმარებოდნენ უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიმართულების შერჩევაში.

რა როლი შეიძლება ჰქონდეს კერძო სექტორს ამ პრობლემის აღმოფხვრაში?

კერძო სექტორმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ პრობლემების აღმოფხვრაში, რასაც ადასტურებს კიდეც განვითარებული ქვეყნების გამოცდილება. განსაკუთრებით სანიმუშო ამ მხრივ აშშ-ია, სადაც დიდი ხანია ინდუსტრია აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან გამოყენებითი კვლევების კუთხით. ყველაზე ეფექტური მოდელი უნივერსიტეტისა და კომპანიის კონსორციუმის ჩამოყალიბებაა – ამ დროს კომპანიები უკვეთავენ კვლევით პროექტებს უნივერსიტეტის კვლევით ჯგუფს, რაც ხელს უწყობს კვლევის აქტუალობას და კომერციალიზაციას. შემდეგ კვლევით ჯგუფში დასაქმებული მაგისტრანტები და დოქტორანტები მუშაობას იწყებენ იმავე კვლევის მიმართულებით იგივე ან მსგავს კომპანიაში. აშშ-ში ასევე წახალისებულია კომპანიების ქველმოქმედება გადასახადების შემცირების სახით და ამიტომ ყველა მაღალტექნოლოგიური კომპანია სხვადასხვა სახითაა ჩართული ქვეყნის STEM განათლების გაუმჯობესებაში – მაგალითად, სკოლის მოსწავლეებისთვის STEM კლუბებისა და შეჯიბრებისთვის დაფინანსებისა და მენტორების უზრუნველყოფით. ასევე, კარგადაა განვითარებული ამ კომპანიებში სტუდენტების სტაჟირების კომპონენტი, რომლის წყალობითაც STEM მიმართულების სტუდენტებს პირველივე კურსიდან შეუძლიათ გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება კომპანიაში და თავიდანვე გაეცნონ მათ დარგთან დაკავშირებულ უახლეს პრობლემებსა და სტანდარტებს.

საქართველოშიც ვხედავთ კერძო სექტორის ჩართულობას STEM მიმართულებების გაძლიერების კუთხით, თუმცა ეს არ არის საკმარისი. სასურველი იქნებოდა კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ საქართველოს ტექნოლოგიური კომპანიების დიდი ნაწილი არ ქმნის ახალ პროდუქტს, არამედ მეტწილად ნერგავს საერთაშორისო ბაზარზე უკვე არსებულ პროდუქტებს ან მეთოდოლოგიას, შესაბამისად, ისინი პირდაპირ არ არიან დაინტერესებულნი უახლესი კვლევებით, რომელიც დაეხმარებათ უკეთესი პროდუქტის შექმნაში. ასევე, საქართველოში არ არსებობს ამ მიმართულებით კომპანიების წახალისების სისტემა, რაც დაგვეხმარებოდა მეტი კომპანიის მოზიდვაში STEM კლუბების, ბანაკებისა და შეჯიბრებების რაოდენობის გაზრდისთვის.

სად უნდა დაიწყოს პრობლემის გადაჭრა, შეუძლია უნივერსიტეტს იყოს პოზიტიური ცვლილების საკვანძო ნაწილი?

უნივერსიტეტზე მეტად ამ პრობლემის აღმოფხვრა ბაღსა და სკოლას შეუძლია, თუმცა კარგია, რომ საქართველოს უნივერსიტეტები აღიარებენ ამ პრობლემას და ცდილობენ გარკვეული აქტივობების ჩატარებას საინჟინრო-ტექნოლოგიურ მიმართულებებში მეტი ქალის მოსაზიდად. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტი მონაწილეობს ქალების ტექნოლოგიური განათლების პროექტებში, STEM ბანაკებში თანაბარი რაოდენობით არჩევს გოგონებს და ბიჭებს, შემოდგომაზე ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ჩატარდება საკვირაო საინჟინრო სკოლა ასი უფროსკლასელი გოგონასთვის, სადაც ისინი იმუშავებენ დრონებსა და რობოტებზე. თუმცა, ვფიქრობ, ყველას მეტი ძალისხმევა გვჭირდება ამ მიმართულებით შედეგის მისაღებად. მნიშვნელოვანია, რომ ერთჯერადი საერთაშორისო პროექტები განივრცოს და გახდეს მუდმივი, სახელმწიფოს ან ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტების ქალი პროფესორები უფრო მეტად ჩაერთონ არაფორმალური განათლების პროექტებში, რადგან ინტერესის გაღვივებაში და სტერეოტიპების აღმოფხვრაში დიდი როლი აქვს წარმატებულ ქალ მენტორებთან მუშაობას. მე პირადად სამი წლის წინ დავბრუნდი საქართველოში და გარდა ჩემ მიერ განხორციელებული პროექტებისა, უამრავ შეხვედრაში, საჯარო ლექციასა თუ გოგონებისთვის განკუთვნილ ბანაკში ვიღებ მონაწილეობას, ძირითადად ანაზღაურების გარეშე, რომ ჩემი რესურსებით შევუწყო ხელი მეტი გოგონას მოზიდვას ტექნოლოგიებსა და ინჟინერიაში.

ფოტო: ანა ბოკო

რამდენად მნიშვნელოვანია, საუნივერსიტეტო სივრცე იყოს თავისუფალი გენდერსა და პროფესიებთან დაკავშირებული სტერეოტიპებისგან?

საუნივერსიტეტო სივრცე, ისევე როგორც ნებისმიერი სივრცე საქართველოში, არ არის თავისუფალი პროფესიასთან დაკავშირებულ გენდერული სტერეოტიპებისგან და მეც პირადად შევხვედრილვარ ამ სტერეოტიპებს – საბედნიეროდ, არა ჩემს უნივერსიტეტში, მაგრამ სხვადასხვა შეხვედრებზე. ცხადია, ესეც ახდენს სტუდენტებზე გავლენას. ამასთან საბრძოლველად ჩვენ განვითარებული ქვეყნების გამოცდილება უნდა გავიზიაროთ, ვინც ზუსტად ასევე განიცდიდა და გარკვეულწილად, დღემდე განიცდის ამ ტიპის სტერეოტიპებს: მაგალითად, ამერიკის უნივერსიტეტებში მოქმედებს Title-IX პროგრამა და როგორც წესი, პროფესორისთვის სავალდებულოა ამ პროგრამასთან დაკავშირებული ტრენინგის გავლა, რომელიც ხშირად ითვალისწინებს არა მარტო გენდერულ, არამედ ყველა სახის დისკრიმინაციას, იქნება ეს ეთნიკური წარმომავლობა თუ განათლების სირთულეები. ვფიქრობ, საქართველოს უნივერსიტეტებს კიდევ გვჭირდება ამ კუთხით მუშაობა.

კორონავირუსის პანდემიამ ბევრი ახალი პრობლემა გააჩინა, ან უფრო თვალსაჩინო გახადა ზოგიერთი ძველი პრობლემა. რა გავლენას იქონიებს მიმდინარე პროცესები ამ გამოწვევების საწინააღმდეგოდ დაგეგმილ აქტივობებზე?

თავად STEM მიმართულების პოპულარიზაცია ერთი მხრივ გართულდა იმის გამო, რომ ვერ ჩავატარეთ ინოვაციური ბანაკები სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის, მაგრამ მეორე მხრივ, გამოვიყენეთ სოციალური ქსელები და გვქონდა ლაივ შეხვედრები STEM პროგრამებთან დაკავშირებით, რომელთაც საერთო ჯამში რამდენიმე ათეული ათასი სკოლის მოსწავლე დაესწრო. ასევე, პირისპირ ჩასატარებელი აქტივობები და ტრენინგები გადავიტანეთ ონლაინ მოდელში. ამასთან, ჩემი აზრით, პანდემიამ ცხადად დაანახა მოსახლეობას, რა როლი აქვს STEM-ს თანამედროვე ცხოვრებაში და რამდენად მნიშვნელოვანია დღეს საინჟინრო თუ ბიოლოგიური მიმართულებები, რაც გაზრდის მათ პოპულარობას.

პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობის შეზღუდვამ გვიბიძგა გვეპოვა ახალგაზრდებთან საურთიერთობო ახალი გზები, მათ შორის ციფრული საშუალებები. ეს საშუალებას მოგვცემს მომავალში უფრო ვრცელ აუდიტორიაზე გავიდეთ ნაკლები დანახარჯებით, რაც, სავარაუდოდ, გაზრდის ინფორმირებული არჩევანის რაოდენობასაც.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.