ელენე ჯაფარიძე ერთ-ერთი მოწინავე სპეციალისტია ფსიქოლოგიის და ფსიქოთერაპიის დარგში. მისი რიგით მეორე რომანი “ბელზებელი” რომელიც ამასობაში ბესტსელერად იქცა ერთგვარი წინასწარმეტყველება აღმოჩნდა იმ კადრების, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო სმარტფონებში თუ ტელევიზორებში ვუყურებთ. უკიდეგანო ბოროტება და სისასტიკე, განადგურებული ადამიანები, ატირებული, უსუსური პატარა ბავშვები, დაბნეული დედები ერთ მხარეს და დაუნდობელი სიბოროტე და ტერორი მეორე მხარეს. ყველანი ვთანხმდებით – ეს ჩვენს ფსიქიკაზე მძიმე ანაბეჭდს ტოვებს და ისინიც, ვინც თითქოს “ცხელი ომის” მიღმა ვართ დარჩენილები, დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვართ მოქცეული ამის შემხედვარე. ზიანდება ადამიანების ფსიქიკა, გვიჩნდება უსუსურობის, შიშის და საშინელი ბრაზის შეგრძნება. უკიდეგანო ბოროტებას ვეჯახებით, რომლის მიმართაც თითქოს სრულიად დაუცველები და უსუსურები ვხდებით და გამუდმებით ვეძებთ იმედს, სინათლეს, რომელიც ამ ბოროტებისგან გამოსავალს დაგვანახებს.
ვისაც “ბელზებელი” წაკითხული აქვს, მისთვის ეს შეგრძნებები უცხო არ არის. პარალელების გასავლებად და კონტურების ამოსაცნობად ელენე ჯაფარიძეს ვესაუბრეთ და ვთხოვეთ “ბელზებელის” ფენომენის ახსნა, რომელიც დღეს სამწუხაროდ ძალიან ახლოს მოვიდა ჩვენთან.
რა არის ბელზებელი, რომელიც რომანის სათაურის გარდა, ნაწარმოების უხილავი გმირიც არის?
ბელზებელი საზოგადოებაში ფესვებგადგმული შიშის სიმბოლოა, რომლის გამოც ადამიანები ჩადიან ბოროტებას, რომლის გამოც ვერ ახერხებენ წინსვლას, განვითარებას, პირადი თავისუფლების და ბედნიერების მოპოვებას, სხვისი სიხარულის და წარმატების გაზიარებას. ბელზებელის გაბატონების გამო, ვერცერთი ინდივიდი ვერ ახერხებს სრულფასოვნად იცხოვროს და სხვასაც უშლის ხელს ამაში. გარდა ამისა შიში კონტროლის და ძალაუფლების საუკეთესო საშუალებაა. ერთმანეთის დაშინებით ახერხებენ ადამიანები ერთმანეთის კონტროლს და ძალაუფლების მოპოვებას – „ბელზებელი მოვა“ „ბუა მოვა“-ს ანალოგიაა, რომელიც სოციალური, პოლიტიკური თუ ფსიქოლოგიური ცხოვრების ყველა დონეზე გვხვდება და ყველა დონეზე ახერხებს ადამიანების ქცევის, მიზნებისა და სურვილების გაკონტროლებას და დაჯაბნას.
როგორც ახლანდელმა მოვლენებმა დაგვარწმუნა, ეს ფენომენი შეიძლება პირობითად ერთ პატარა დაბაში განვითარდეს, თუმცა ეს ყველაფერი სამწუხაროდ ქვეყნების და საზოგადოებების დონეზეც შეიძლება პროცესირდეს. ბელზებელი ბევრად უფრო გლობალური მოვლენაა, რაშიც დღეს ვრწმუნდებით.
როგორ ფიქრობთ საიდან იღებს ეს ბოროტი ფენომენი სათავეს?
ჩემთვის ბოროტების სათავე უკავშირდება სისუსტის და უსუსურობის, უძლურობის შიშს. და ამ შიშის დასათრგუნად, ამ შიშისგან გასაქცევად ვირჩევთ აგრესიულ, მჩაგვრელ ქმედებებს სხვის მიმართ. ძალიან ვიწროდ რომ შევხედოთ, როდის ვარ აგრესიული? როდის ვიწყებ თავდასხმას? როდესაც მეშინია, რომ სხვა დამჯაბნის, როცა რეალურად არ მჯერა ჩემი სიძლიერის, რადგან არ მაქვს, როდესაც არ ვარ თვითკმარი. როდესაც პანიკური შიში მაქვს რომ სხვანაირად მომიწევს ჩემს უძლურობას და უსუსურობას შევეჯახო. როდესაც სხვანაირად არ ვიცი, ცარიელი ვარ, პატარა ვარ, არა ფიზიკურად არამედ სულიერად, ძალიან პატარა ვარ და მხოლოდ აგრესიით, სხვისი დაშინებით, ტერორით შემიძლია მოვიპოვო აღიარება. მხოლოდ დაშინებით და ჩაგვრით შეიძლება მოვიპოვო პატივისცემა, რომელიც სინამდვილეში პატივისცემა არ არის, მორჩილებაა. რასაც აკეთებს ელისო წიგნში, რასაც ვხედავთ დღეს გლობალურ მაგალითზე, რითაც შეიძლება ავხსნით ამ კოშმარის მიზეზი. ერთია გეოპოლიტიკური ახსნა, რაზეც მე არ ვსაუბრობ, მაგრამ ვიწროდ ფსიქოლოგიურ მოტივებამდე რომ დავიდეთ, განა არ მივალთ დაუძლურების შიშამდე? დიდების დაკარგვის შიშამდე?! სისუსტის, წაგების აღიარების შიშამდე, რის წინააღმდეგაც კიდევ უფრო მეტ და მეტ ტერორს და აგრესიას იყენებს აგრესორი, რომ არაფრის დიდებით არ დაინახოს სიმართლე.
როგორ ახერხებს ბელზებელი მოერიოს და მართოს ინდივიდები და საზოგადოება?
ამას მხოლოდ ერთი მიზეზი არ აქვს. ჩამოვთვლი რამდენიმე ძირითადს:
განათლების ნაკლებობა განსაზღვრავს ცხოვრების, როგორც ეკონომიკურ ისე სოციალურ და ფსიქოლოგიურ დაბალ ხარისხს. რომანში აღწერილი გაპარტახებული სკოლა, ფარატინა კედლებითა და ჩამონგრეული სახურავით. თამამად შეგვიძლია გადავიტანოთ დიდ მასშტაბებზე. ამ დაბაში, რომელშიც “ბელზებელის” სიუჟეტი ვითარდება, სრულებით არ არის პრიორიტეტული მომავალმა თაობამ ისწავლოს და ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესოს. დამოუკიდებელ მოაზროვნე ინდივიდებად ჩამოყალიბდნენ. მოაზროვნე ადამიანის მართვა რთულია. ის დაუმორჩილებელია, მას თავისი მე აქვს, თავისი აზრი, თავისი ღერძი. ამიტომ რაც უფრო სტერილურია ადამიანი, მით მარტივია მართო და შენი მიზნებისთვის გამოიყენო.
განათლების ნაკლებობასთან ერთად აღზრდის სტილი. როგორ ვზრდით ადამიანებს, როგორ ვექცევით მათ. რომანში თითოეულ პასაჟში ვეჯახებით სუსტის ჩაგვრას. ბავშვი განხილულია, როგორც საგანი და არა ინდივიდი. რომ დააკვირდეთ რომანში ელისოს და აღმზრდელების დამოკიდებულება ბავშვების მიმართ ნათლად აჩვენებს, რამდენად სძულს თითოეულს ბავშვი. ამ ბავშვების ბედი არავის ანაღვლებს, არავის ედარდება, არც სახელმწიფოს, არც საერთაშორისო ორგანიზაციებს და არც თავად იმ მომვლელებს, რომლებიც მთელი დღე ამ ბავშვების დასჯასა და წამებაში ატარებენ. დღევანდელ რეალობაში კი ლოკალურ დონეზეც ვიხილეთ კადრები და მოვისმინეთ ნამდვილი ისტორიები ჩვენთან ბავშვებს როგორ ექცევიან და ასევე გლობალურ დონეზე ვხედავთ ბავშვებს, რომლებსაც დიდი ბოროტება, ომი უნადგურებს მომავალს, იმედს ართმევს, ბავშვობას ართმევს და აგრეთვე მეორე – ბავშვების პროპაგანდისტულ ვიდეობში გამოყენება. ბოროტების და ომის რიტორიკის “სკოლაში შეტანით”. პარალელები შეიძლება არაპირდაპირი თუმცა მაინც საერთო მიზეზიდან საზრდოობს – რასაც ბავშვთა მიმართ ძალადობა ჰქვია.
ქალთა მიმართ ძალადობა: კაცები, რომლებიც ადგენენ წესებს, კაცები, რომლებიც ბატონობენ ქალებზე, კაცები, რომლებიც განსაზღვრავენ ქალი ადღეგრძელონ თუ მოკლან. ქალები, რომლებიც ხმას არ იმაღლებენ უთანასწორობის და ძალადობის წინააღმდეგ, რომლებსაც ეშინიათ არ გაირიყონ, არ განდევნონ, არ ჩაქოლონ და უსიტყვო მორჩილებას არჩევენ. მთლიანობაში კი, რომანში თითქმის ყველა ყველაზე ძალადობს. ძალადობა და სისასტიკე თითქოს ერთადერთი მექანიზმია კონტაქტის დამყარების და შიშთან გამკლავების. აქაც არ მგონია გაუჭირდეს მკითხველს პარალელების გავლება გნებავთ ქართულ, გნებავთ პოსტ-საბჭოთა სივრცეებზე.. არ შემიძლია არ ვახსენო მაგ. ქალები ომში, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, სადაც ხშირია გაუპატიურება, ღირსების შელახვა, ომში ქალების გაუპატიურება კიდევ ცალკე იარაღია, რასაც აგრესორი, დამპყრობელი ხშირად მიმართავს დასაპყრობი ქვეყნის დასაჩოქად და მასზე გასამარჯვებლად. ქალები წიგნში, რომლებიც განივთებულები არიან, მათზე ძალადობენ, თავისი ფსევდო უპირატესობის და ფსევდო ძლიერების დასამტკიცებლად, მშიშარა, სინამდვილეში უსუსური და უღირსი კაცები.
შეიძლება არა მხოლოდ სოფლის არამედ ქვეყნის იდეოლოგიურმა მოწყობამ ისეთ შედეგებამდე მიგვიყვანოს რასაც დღეს 24-სთ ის განმავლობაში ვუყურებთ ახალ ამბებში?
მგონი ვხედავთ, რომ შესაძლებელია და მიგვიყვანა კიდეც. უკიდეგანოდ დიდ და გლობალურ ბოროტებას შეგვაჯახა. ამ ბოროტების პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეები გაგვხადა ყველა. ბელზებელი ყველგანაა, მარტო იქ არაა ბუნკერში, ან ტანკში. ყველგანაა.. ვინც მას ემორჩილება, ვინც მის სიტყვებს იმეორებს ან ვინც ბრმავდება და ყრუვდება და საშუალებას აძლევს უკიდეგანო ძალაუფლება ჰქონდეს. ვინც უმეცრებით თუ პირადი გამორჩენის თუ შიშის გამო დუმს. ყველგანაა, და მას ჩვენ ყველგან ვხვდებით. და ერთადერთი შანსი მასზე გამარჯვების არის თავი დააღწიო შიშს და იბრძოლო. მეტს აღარ ვიტყვი, დანარჩენს, სოციალ-ფსიქოლოგიურ მსგავსებებს დღევანდელ სიტუაციასა და რომან “ბელზებელში” განვითარებულ სიუჟეტს შორის მკითხველის მივანდობ.