ექსპორტი საქართველოდან ევროკავშირში 11.4%-ით შემცირდა

ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი საგარეო ვაჭრობისა და წმინდა ექსპორტის ზრდაა, ამიტომაც COVID-19-ის მიერ შექმნილი მდგომარეობა უარყოფითად აისახება გლობალური ეკონომიკის განვითარებაზე. ქვეყნების საზღვრების ჩაკეტვამ, წარმოების შეფერხებამ და ვაჭრობის შემცირებამ სახელმწიფოებს ახალი თავსატეხი გაუჩინა – როგორ გადაარჩინონ ეკონომიკა.

მსოფლიო ტენდენციამ საქართველოზეც მოახდინა გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ მომავალ თვეებში უფრო ნათლად დავინახავთ პანდემიის ზეგავლენას ეკონომიკაზე, 2020 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემები უკვე გვაძლევს გარკვეულ წარმოდგენას ვაჭრობის დინამიკის ცვლილებებზე.

2020 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტის ზრდის ტემპი, როგორც გრაფიკზე ვხედავთ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შენელებულია. საქართველოს ექსპორტი, ორი თვის მონაცემებით, 0.5%-ით შემცირდა. ექსპორტთან შედარებით გვაქვს იმპორტის მოცულობის ზრდის ტენდენციაც – იმპორტირებული პროდუქცია 13%-ით გაიზარდა. მომავალ თვეებში იმპორტის ნიშნულის კიდევ უფრო გაზრდაა მოსალოდნელი, რადგან მომხმარებელმა პანდემიის გამო წინასწარ მოიმარაგა საკვები და საყოფაცხოვრებო პროდუქტები, რომლებიც, ძირითადად, იმპორტირებულია. იმპორტის ზრდა და ექსპორტის შემცირება კი, წმინდა ექსპორტის კლებას ნიშნავს.

საქართველოს ექსპორტ – იმპორტის დინამიკა 2020 წლის იანვარსა და თებერვალში (ათასი აშშ დოლარი); წყარო: საქსტატი

საექსპორტო საქმიანობაში ჩართული კომპანიები ყველაზე მეტად ზარალდებიან COVID-19-სგან გამოწვეული შეზღუდვების გამო. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის თებერვალში, საქართველოს მსხვილი კომპანიების ექსპორტი 7.2%-ით, ხოლო მცირე საწარმოების – 3.9%-ით შემცირდა.

ამავდროულად, იკვეთება ექსპორტის შემცირება ქვეყნების ჯგუფების მიხედვით. ყველაზე მაღალი ნიშნულით – 12.2%-ით – შემცირდა ექსპორტი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებთან. ექსპორტი ასევე შემცირდა ევროკავშირთან 11.4%-ით, ხოლო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებთან 2%-ით.

კორონავირუსის ეკონომიკური შედეგები მომავალ თვეებში უფრო მკაფიო გახდება. არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, ექსპორტის მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება.

წყარო: ACT Global

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.