აფანტაზია ნიშნავს ადამიანის უუნარობას, შექმნას ვიზუალური ხატი გონებაში. კოგნიტური ფუნქციის ამ დარღვევას სახელი 2015 წელს ექსეტერის უნივერსიტეტის კოგნიტური და ქცევითი ნეიროლოგიის პროფესორმა ადამ ზემანმა უწოდა. ზემანმა ფენომენის კვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც მუშაობა მოუწია პაციენტთან, რომელმაც გულის ოპერაციის შემდეგ ვიზუალური წარმოსახვის უნარი დაკარგა. ზემანი ნეიროლოგებისათვის ამ შედარებით ახლა ფენომენზე კვლევებს ექსეტერის უნივერსიტეტში აგრძელებს.
მისი ახალი კვლევის შედეგები კი აფანტაზიის ფენომენზე საინტერესო მიგნებას გვთავაზობს. აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებსაც სუსტად ან საერთოდ არ აქვთ განვითარებული ვიზუალური ხატის კონსტრუირების უნარი, კარიერისთვის უფრო მეტად სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სფეროებს ირჩევენ, ვიდრე შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებულ სფეროებს. ხოლო აფანტაზიის საპირისპირო მოვლენა – ჰიპერფანტაზია, რომელიც ადამიანში განსაკუთრებით ცხოველ და მკაფიო ვიზუალური წარმოსახვის უნარს გულისხმობს, ხელოვნების ან სხვა შემოქმედებითი სფეროსაკენ უბიძგებს ადამიანებს.
ექსეტერის უნივერსიტეტის უკანასკნელ კვლევაში 2000 აფანტაზიის მქონე ადამიანი, 200 – ჰიპერფანტაზიის და 200 – წარმოსახვის განვითარების საშუალო ხარისხის მქონე პირი იყო ჩართული. აფანტაზიის მქონე პირთა 20%-ზე მეტი მათემატიკასთან, კომპიუტერულ მეცნიერებასთან ან სხვა ტექნიკურ მიმართულებასთან დაკავშირებულ სფეროში იყო დასაქმებული, ხოლო ჰიპერფანტაზიის მქონეთა 25% ხელოვნების, დიზაინის ან გართობის სფეროში მოღვაწეობდა.
როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, კვლევის შედეგები გვიჩვენებს იმ ერთგვარ შედარებით უპირატესობას, რომელიც შესაძლოა აფანტაზიის მქონე ადამიანებს ჰქონდეთ სამეცნიერო სფეროში. აფანტაზია ეხმარება ადამიანებს, დიდი რაოდენობის ინფორმაციის კონცეპტუალიზაცია ახალ იდეებსა და მიდგომებში მოახდინონ.
„ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობენ ზოგადი ტენდენციებიდან გამონაკლისებიც – მაგალითად, 2019 წელს ექსეტერსა და გლაზგოში აფანტაზიის მქონე ხელოვანთა გამოფენა მოვაწყვეთ.“ – აღნიშნავს მკვლევართა ჯგუფის წევრი.