From Costé to Mont – თამარა ბაღდავაძის გზა სასტუმრო ინდუსტრიაში

ავტორი: სოფო კარგარეთელი

ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო Costé ვერაზე, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს. სასტუმროს მყუდრო რესტორანს, ძირითადად, გურმანები სტუმრობენ, ზუსტად იციან, რომ აქ განსაკუთრებულ კერძებს დააგემოვნებენ. ამ მიზნით, მეგობრებთან ერთად, Coste-ს სტუმარი მეც არაერთხელ ვყოფილვარ. დღეს მიკვირს, მაშინვე რატომ არ დავინტერესდი, ვინ იდგა ამ ძალიან გემოვნებიანი და გემრიელი საქმის უკან.

ინტერვიუმდე თამარა ბაღდავაძეს არასოდეს შევხვედრილვარ, ახლა კი საკუთარი სასტუმროს რესტორანში მელოდა. როგორც შევთანხმდით, Costé-ში 21:00 საათზე მივედი. მასპინძელი რესტორნის ერთადერთ ცარიელ მაგიდასთან დამხვდა, განახლებული Forbes Women-ის პირველ ნომერს ეცნობოდა. ვერ დავმალავ, ძალიან მესიამოვნა. რადგან რესტორანი პარასკევს საღამოს სტუმრებით სავსე იყო, თამარის სამუშაო კაბინეტში გადავინაცვლეთ.

ყავას მიირთმევთ? არჩევანი წყალზე გავაკეთე. თავადაც. დროს 11 წლით უკან ვახვევთ. ზღაპრის გმირივით გაზრდილი გოგოს, როგორც საკუთარ თავს უწოდებს, მთავარი ამბავი 2008 წლის ივლისიდან იწყება. თბილისში რამდენიმე თვით ჩამოდის, თუმცა უკან მოსკოვში აღარ ბრუნდება – 21 წლის ქართველმა გოგომ ასე, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომს უპასუხა. იწყებს საუბარს და გიჩნდება განცდა, რომ ის ერთდროულად თავმდაბალიცაა და თავდაჯერებულიც.

21 წლის ასაკში, მოულოდნელად, 120 თანამშრომლის ხელმძღვანელი გავხდი. მე ტრადიციული ოჯახიდან ვარ. ალბათ, როცა საქართველოში არ ცხოვრობ, ტრადიციებს უფრო მეტად უფრთხილდები, ამიტომ არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახში ლიდერის პოზიციას დავიკავებდი. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ერთადერთი გოგო მუდმივად იმაზე ვფიქრობდი, როგორ გამეხარებინა მამის გული, ვსწავლობდი ძალიან კარგად, მაინც ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს “რაღაცის” ხელმძღვანელობა მომიწევდა და ეს “რაღაც” მამის ბიზნესი – სასტუმრო კომპლექსი „კრუიზი“ აღმოჩნდა. ყველაფერი 2008 წელს საქართველოსთვის უმძიმეს ზაფხულს ხდება. თბილისში დროებით ჩამოსულს, რუსეთ-საქართველოს ომი დამემთხვა, გამიჩნდა ძალიან დიდი პროტესტი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში თავს კომფორტულად ვგრძნობდი, ომის შემდეგ მოსკოვისკენ გახედვა აღარ მინდოდა. ამ ომმა დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემში, უარი ვთქვი ყველა გეგმაზე, რაც რუსეთთან დაკავშირებით მქონდა. დავრჩი თბილისში და ჩავერთე ოჯახის ბიზნესში.

© ანა ბოკო

საოჯახო ბიზნესის ხელშეწყობაზე შეთავაზება მამისგან მიიღეთ, თუ თქვენ თავად შესთავაზეთ საკუთარი შესაძლებლობები?

საქართველში როცა ჩამოვედი, სასტუმრო- კომპლექსი „კრუიზი“ – აშენებული, მენეჯმენტი დაკომპლექტებული დამხვდა. სასტუმროს მომხმარებლის სტატუსით ვესტუმრე და შენიშვნები, რომელიც გამიჩნდა მოგვიანებით მამას გავუხმილე, რომელმაც ჩათვალა, რომ რჩევის მიცემის გარდა,ამ ყველაფრის თავად გაკეთებაც შემეძლო. ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება და სასტუმროს მართვა შემომთავაზა. 120 თანამშრომელი, ჩემთვის სრულიად უცხო სფერო, არანიარი ნდობა, ყველა ეჭვის თვალით მიყურებს და მე ვიწყებ აბსოლუტურად ყველა დეტალის შესწავლას. ქართული ენის პრობლემის მიუხედავად, ხელშეკრულებებსაც კი თავად ვკითხულობდი, ვურეკავდი იურისტებს, მათთან გავდიოდი კონსულტაციებს. ახლა, რომ ვფიქრობ, ალბათ მეც არ ვენდობოდი ასეთ ასაკში მყოფ გოგონას, რომელსაც არ უცხოვრია საქართველოში, არ იცის ქართული რეალობა, არ იცის რა ხდება თბილისში. ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, იმისთვის, რომ ჩემი შესაძლებლობები დამემტკიცებინა.

რა დრო დაგჭირდათ ამისთვის?

ნდობა დავიმსახურე Costé-ს პროექტით, რადგან „კრუიზი“ უფრო ოჯახური ბიზნესი იყო. აი, Costé კი, ჩემი ახირებაა. მინდოდა, სასტუმრო დამოუკიდებლად გამეკეთებინა, დამემტკიცებინა, რომ ეს მარტოც შემიძლია. 2013 წელს დაიწყო ძველი სასტუმრო „ვარაზის“ რეკონსტრუქცია, რომელიც 11 თვეში დავასრულე და ახალ სასტუმრო Costé-დ ვაქციე. ამ შენობაში აბსოლუტურად ყველა სანტიმეტრზე ვაგებ პასუხს. ბევრი რამ Costé-ში ჩემი ესკიზებით გაკეთდა. საოცარი გრძნობაა, როდესაც ესკიზი ხორცს ისხამს, მალევე რეალობად იქცევა და ხელშესახები ხდება. 2013 წელს აქ მხოლოდ 44 ოთახი იყო, მალევე 60 ნომრამდე გავზარდეთ, დღეს 72 ოთახით ვოპერირებთ და წლიური ბრუნვა 5 მლნ ლარს აჭარბებს.

და რატომ Costé?

ძველი სახელი სასტუმროს ცენტრალურ ადგილმდებარეობასთან ასოცირდებოდა. ახალი სახელიც მინდოდა ადგილთან და ქუჩასთან ყოფილიყო დაკავშირებული, ბევრჯერ ვატრიალე კოსტავა. ფლორენციაში მეგობრებთან ერთად ვისვენებდი, იქაც სასტუმროს სახელზე ვდარდობდი. გოგოებმა შემომთავაზეს, მოდი გავაფრანგულოთო და კოსტავა გადაკეთდა Costé-დ.

Coste-ს უკვე სერიოზული მიღწევებიც აქვს. ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ EBRD-იმ სასტუმროს წარმატების ისტორიის შესახებ დაწერა. ამას გარდა, Costé-მ Welcome to Georgian National Tourism Awards-ის ჯილდო სამჯერ მიიღო, 2018 წელს

კი Millenium Challenge Corporation-ის “ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის” – ფინალისტებიც გავხდით.

© ანა ბოკო

წარმატებებზე საუბარი ნამდვილად საამაყოა, თუმცა როცა საოჯახო ბიზნესს სათავეში ჩაუდექით, ამ ინდუსტრიისთვის არც თუ მარტივი პერიოდი იდგა. როგორ შეძელით, რომ ბიზნესი წარმატებისკენ შემოგებრუნებინათ, რამდენად რთული აღმოჩნდა ეს?

2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველში არაფერი ხდებოდა და ამ პერიოდში სასტუმრო ბიზნესმა დიდი ვარდნა განიცადა. 1 წელი და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ სასტუმროში პირველი სტუმრები მიგვეღო. ამასთან ერთად, იმ დროს ჩემთვის გაუგებარი ბევრი წვრილმანი იყო – დაწყებული ქართული მენტალობიდან, და შრომის კულტურიდან, რომელიც მიმაჩნდა, რომ ძალიან დასახვეწი იყო. ახლა უკეთესობისკენ მივდივართ და ძალიან მიხარია. ბევრი რამ დაიხვეწა ამ 11 წლის განმავლობაში, თუმცა იმ პერიოდში

იყო ბევრი სიტუაცია, რომელსაც ვერ ლახავდნენ თანამშრომლები და უწევდათ ცვლილებებთან შეგუება და ეს ბარიერები ძალიან ეტყობოდა სამუშაო პროცესებს.

მენტალობის შეცვლა ძალიან რთული ამბავია…

ვერ ვიტყვი, რომ შევცვალე, მაგრამ ორგანიზაციის მოთხოვნებისა და ჩემი მიდგომებიდან გამომდინარე, ბევრი რამე შეიცვალა. ყველა თანამშრომელთან პირადი ურთიერთობა მაქვს, არ არის ისეთი თანამშრომელი ვისაც სახელით არ ვიცნობ.

გასაგებია რა ხდებოდა 2008 წელს. საინტერესოა, თქვენი გადმოსახედიდან დღეის მდგომარეობით, რა არის სასტუმრო ბიზნესის მთავარი გამოწვევა?

მომწონს ინდუსტრიის განვითარების ტემპები, ის რომ ბევრი ახალი სასტუმრო აშენდა. ბიზნესის ეს სექტორი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ, რომ სასტუმროს ფასები ჩვენს ქვეყანაში ახლა მეტ-ნაკლებად ლაგდება, რაც საქართველოს ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის. მომწონს ახალი რეგულაციებიც. დარგი აქამდე ძალიან მიუხედავი იყო, ვისაც როგორ უნდოდა ისე აშენებდა, არაფერს ითვალისწინებდნენ. ამ ყველაფრის მიუხედავად, მგონია, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

© ანა ბოკო

 

მოდით ცოტა კიდევ უკან დავბრუნდეთ და ვისაუბროთ თქვენს განათლებაზე. მოსკოვის ლომონოსოვის სახელიბის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობა – სოციოლოგიის ბაკალვრიატი. როგორ აირჩია თამარ ბაღდავაძემ პროფესია, ეს იყო ვინმეს რჩევით, გავლენით თუ სრულიად დამოუკიდებლად?

საერთაშორისო ურთიერთობები ჩემი ოცნება იყო, ყოველთვის მინდოდა, რომ დიპლომატიურ ურთიერთობებში ვყოფილიყავი ჩართული. რუსეთში ცხოვრებამ ალბათ თავისი გავლენა იქონია. ოჯახში ყოველთვის ვუსმენდით ახალ ამბებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და ბავშვურ ფიქრებში მეგონა, რომ ამ ურთიერთობების დარეგულირებაში ჩემი წვლილის შეტანა შემეძლო. ჩემი ოცნება ოჯახის მხრიდან მხარდაჭერილი იყო, შედეგად უნივერსიტეტი წარჩინებით დავასრულე. ცოტა გვიან მომიწია მაგისტრატურის გაკეთება, მაგრამ სწორედ ახლა ბრიტანეთის, შეფილდის უნივერსიტეტში ვსწავლობ. ეს არის პროგრამა გამოცდილი ხელმძღვანელებისთვის. უკვე 12 ნაშრომი დავწერე, წინ კიდევ ერთი წელი მაქვს.

თქვით, რომ თქვენი ოცნება იყო საერთაშორისო ურთიერთობები, თუმცა ახლა ტურიზმის ინდუსტრიაში ხართ, როგორ გრძნობთ ამ ბიზნესში თავს და რამენაირად უკავშირებთ მას თქვენ ოცნებას?

ალბათ ოცნებამ ფორმა იცვალა და ახლა უცხოელ პარტნიორებთან ვამყარებ ურთიერთობებს. სოციოლოგიური განათლება მეხმარება იმაში, რომ სწორად დავინახო და შევაფასო ადამიანები და ჯგუფები, რომლებსაც ეს ადამიანები ქმნიან. ვფიქრობ, როდესაც თანამშრომლების დიდ რაოდენობას ხელმძღვანელობ, ასეთი ცოდნა აუცილებელია. სასტუმრო ბიზნესს რაც შეეხება, აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. დიდი გამოცდილება დავაგროვე და უკვე შემიძლია სხვასაც გავუწიო კონსულატაცია.

ქალები ბიზნესში – როგორ ფიქრობთ, რამდენად არის დაცული გენდერული ბალანსი, როცა საქმე ბიზნესის კეთებას ეხება?

სამწუხაროდ, არ არის. მაგრამ ქალები ნამდვილად ვამსხვრევთ სტერეოტიპს იმის შესახებ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია წარმატებით ვმართოთ ბიზნესი.

რჩევა, რომელსაც დამწყებ ბიზნესმენ ქალებს მისცემთ, რისთვის უნდა იყვნენ მზად, რა გამოწვევები შეგხვდათ თქვენ, როგორ ქალს?

მე მომიწია დამტკიცება, რომ მე შემიძლია! ამის დამტკიცება საჭირო გახდა პერსონალთან, ოჯახთან. ახლა საქართველოში კარგი პერიოდია ქალების წარმატებისთვის, ყველაგან ქალის ხმა ხმამაღლა ისმის. ის რეალობა, რაც დღეს, არის ქალებმა სწორად უნდა გამოვიყენოთ. აუცილებელია, რომ ქალს განსაკუთრებული პირობები შევუქმნათ. აი მაგალითად, ჩემი თანამშრომელი ქალები ჩემი მხრიდან მუდმივად გრძნობენ მხარდაჭერას.

რამდენად რთულია დღეს ქალისთვის ბიზნესის სათავეში ყოფნა?

დღეს ბევრი რამ უკვე გამოცდილებამ მოიტანა, შესაბამისად, ხშირად, სწორედ ამის საფუძველზე ვიღებ გადაწყვეტილებებს. ის, რომ მე ქალი ვარ, საქმეში ხელს არ მიშლის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ამის პრობლემა არ დგას.

© ანა ბოკო

 

სად ხედავთ საკუთარ თავს მომავალში?

ალბათ სკოლაში, იქნებ ქალების შემდეგ ბავშვების აღზრდაზეც გადავიდე.

თამარა ბაღდავაძე ქალთა აკადემიას გულისხმობს, რომელსაც რეალობად ძალიან მალე აქცევს. ბიზნესის მიღმა, მისი ერთი დიდი სურვილია ქართველი ქალი უფრო თავისუფალი იყოს. ამიტომ აფუძნებს აკადემიას ქალებისთვის, სადაც საინტერესო და გამოცდილი ადამიანების სპიკერობით სხვადასხვა თემატური შეხვედრები მოეწყობა. „მინდა წვლილი შევიტანო იმაში, რომ აკადემიაში მოსულმა ქალებმა რომელიმე ახალ სფეროში საკუთარი თავი აღმოაჩნინონ“.

ამ ყველაფრის ფონზე რჩება დრო ქველმოქმედებისთვისაც, უფრო ზუსტად ასეა, მისი თითქმით მთელი ცხოვრება. გამიმხილა, რომ მისი ახალი ინტერესის სფერო ენერგეტიკა არის, რომლითაც შეფილდის უნივერსიტეტში სწავლის დროს დაინტერესდა. ალბათ ფიქრობთ, კიდევ რა უნდა იყოს? არის! დედაქალაქის ცენტრალური ქუჩის შემდეგ თამარა ბაღდავაძის ახალი პროექტი მაღალმთიან რეგიონში, სტეფანწმინდაში დაიწყება. ეს ახალი და დამოუკიდებელი პროექტი იქნება – ისევ საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად. დეტალებს არ ასახელებს, მაგრამ საოცარ სიურპრიზს პირდება გემოვნებიან უცხოელებს და ჩვენი ქვეყნის გათამამებულ და მომთხოვნ მომხმარებელს.

„გერგეთი 14 წლის ასაკში ვნახე, მახსოვს როგორ მოვიხიბლე მაშინ და პირველივე ნახვით სამუდამოდ შევიყვარე“.

იქაც როგორც Costé-ში ყველა სანტიმეტრზე პასუხისმგებელი თავად იქნება, სასტუმროს საძირკველს მალე ჩაასხამს და უკვე, იცის რომ ადგილობრივებსაც დაასაქმებს, ასე თამარას ცხოვრებაში ახალი გზა გაჩნდება – from Costé to Mont.