ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერისა და ნაკრას ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ ახალგაზრდებს პროფესიული განვითარებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას შესთავაზებს.

სტაჟირების პროგრამა კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობისა და „თემის საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში ნოემბერში დაიწყება.

დაინტერესებული ახალგაზრდები კონკურსის გავლის შემდეგ სტაჟირებას გაივლიან საპროექტო კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტში, კერძოდ: სოციალური საკითხების, გარემოსდაცვითი, შრომის უსაფრთხოების, ადამიანური რესურსების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ტექნიკური მიმართულებით.

„ადგილობრივი მოსახლეობისთვის შრომის ბაზარზე მეტი შესაძლებლობის შექმნა ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მიმართულებით 2017 წლიდან ვმუშაობთ. კერძოდ, ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობას ინგლისურისა და კომპიუტერის კურსებს ვთავაზობთ; ვახორციელებთ მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების პროგრამას. უახლოეს მომავალში დავამატებთ არაერთ პროფესიულ ტრენინგს. სტაჟირების პროგრამა ერთის მხრივ საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, შეიძინონ საერთაშორისო პროექტზე მუშაობის გამოცდილება, რაც მომავალში მათ კარიერულ განვითარებას შეუწყობს ხელს, ხოლო მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს მათ ჩართულობას კომპანიის საქმიანობაში, რაც უფრო გააღრმავებს დიალოგს ნენსკრა ჰესის პროექტსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის“, – აცხადებს სს „ნენსკრა ჰიდროს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი ირინა პეტრიაშვილი.

 

სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.