საქსტატი: ივლისში სამრეწველო პროდუქციაზე ფასები 0,2%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2020 წლის ივლისის თვის სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გამოაქვეყნა.

საქსტატის მონაცემებით, ივნისის თვესთან შედარებით, 2020 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასები 0,2%-ით გაიზარდა.  ხოლო რაც შეეხება წინა წლის შესაბამის პერიოდს, ამ შემთხვევაში ფასების 7,0%-იანი ზრდა შეინიშნება.

გასულ თვესთან შედარებით, 2020 წლის ივლისში ფასები გაზრდილია, როგორც სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების, ასევე ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, შესაბამისად 4,6% და 2,1 პროცენტული პუნქტით. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფში აღსანიშნავია ლითონის მადნებზე ფასების 5,6%-იანი ზრდა.

12  თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ქვემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებზე ფასების ცვლილებამ იქონია:

ფასები 7,3%-ით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფში, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 5,92%-ით იმოქმედა. ფასების ზრდა ქვეჯგუფების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: კვების პროდუქტებზე ფასები გაზრდილია 10,6%-თ, სასმელებზე (5,5%), სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (10,3%), ძირითადი ლითონები (5,2%).

სამთო-მომპოვებით მრეწველობასა და კარიერების დამუშავების ჯგუფში ფასები 20,5%-ით გაიზარდა, მათ შორის აღსანიშნავია ფასების 33,2 პროცენტიანი ზრდა ლითონის მადნებზე.

რაც შეეხება ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ფასებს, წინა ჯგუფებთან შედარებით აქ ფასების 0,1%-იანი კლება ფიქსირდება, რაც მთლიან ინდექსზე -0,04 პროცენტული პუნქტით ახდენს გავლენას.