აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

18 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს ლიბერალური ფრთის მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგი პანკრეასის სიმსივნით 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. გინსბურგი ამერიკის უზენაესი სასამართლოს ცხრა მოსამართლეს შორის უხუცესი წევრი იყო და მან ამ თანამდებობაზე 27 წლის განმავლობაში იმსახურა. იგი ამერიკის ისტორიაში მეორე ქალია, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშნეს.

Photo Credits to Shannon Finney via Getty Images

უზენაესი მოსამართლე ჯონ რობერტსი: „ჩვენმა ერმა ისტორიული მნიშვნელობის მოსამართლე დაკარგა. უზენაესმა სასამართლომ დაკარგა ძვირფასი კოლეგა. დღეს ჩვენ ვგლოვობთ, მაგრამ გვჯერა, რომ მომავალი თაობები გაიხსენებენ რუთ ბეიდერ გინსბურგს ისე, როგორც ჩვენ ვიცნობდით მას – დაუღალავი და მტკიცე ჩემპიონი სასამართლოში.“

რუთ ბეიდერ გინსბურგმა ჰარვარდისა და კოლუმბიის სამართლის სკოლები დაამთავრა. 1956 წელს, ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის 500 სტუდენტს შორის გინსბურგი ცხრა ქალი სტუდენტიდან ერთ-ერთი იყო. 1963-1972 წლებში იგი – რუთგერის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, ხოლო 1972-1980 წლებში კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი იყო – პირველი ქალი პროფესორი, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 1970-იან წლებში გინსბურგი ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა გაერთიანების მოხალისე იურისტი და ქალთა უფლებების პროექტის დამფუძნებელი გახდა. 1980 წელს პრეზიდენტმა ჯიმ კარტერმა იგი კოლუმბიის შტატის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა, ხოლო 1993 წლის აგვისტოში პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა გინსბურგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარადგინა.

ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი: „ჩვენ დავკარგეთ ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი მოსამართლე, რომელსაც ოდესმე უმსახურია უზენაეს სასამართლოში. რუთ ბეიდერ გინსბურგის ცხოვრებამ და განმსაზღვრელმა შეხედულებებმა ჩვენ უფრო სრულყოფილ ერთობად გვაქცია. მისი ძლიერი, განსხვავებული ხედვები გვახსენებდა, როდის ვუხვევდით ჩვენი კონსტიტუციის დანაპირებისაგან.“  

უზენაეს სასამართლოში თავისი 27 წლიანი კარიერის განმავლობაში გინსბურგი გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ ექვს უმნიშვნელოვანეს პროცესს უძღვებოდა, რომელთაგანაც ხუთმა მოგებულმა საქმემ უდიდესი როლი შეასრულა ქალებისათვის სამუშაო და სამოქალაქო სივრცეში არსებული სამართლებრივი ბარიერების შემცირებაში. გინსბურგი მხარს უჭერდა ქალებისთვის აბორტის უფლების, თანასწორი განათლების, თანასწორუფლებიანი ქორწინების, თანაბარი ანაზღაურების უფლებების მინიჭებას და განმტკიცებას, რის გამოც ხშირად კონსერვატორი მოსამართლეები მას კონსტიტუციიდან და დამფუძნებელი მამების შეხედულებებიდან „მეტისმეტად გადახვევაში“ ადანაშაულებდნენ. 

რუთ ბეიდერ გინსბურგი: „იფიქრეთ 1787 წელზე. ვინ იგულისხმებოდა ფრაზაში „ჩვენ, ადამიანები…“? ქალები ნამდვილად არა. ისინი ნამდვილად არ იყვნენ ნაგულისხმევი ადამიანთა ერთობაში. ჩვენი კონსტიტუციის გენიალურობა ამ 200 წლის განმავლობაში სწორედ ის არის, რომ თანდათან „ჩვენ“  უფრო და უფრო გავაფართოვეთ.“

2009 წელს გინსბურგი Forbes-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის დაასახელა, ხოლო 2015 წელს ჟურნალმა Times-მა იგი 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა. 2009, 2010 და 2011 წლებში გინსბურგს სამართლის დოქტორის საპატიო წოდებები მიანიჭეს უილიამეტის, პრინსტონის და ჰარვარდის უნივერსიტეტებმა. 2019 წელს გინსბურგი ბერგრუენის პრემიის ლაურეატი გახდა ფილოსოფიისა და კულტურის დარგში, მისი „გზისგამკვალავი ცხოვრების გამო ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კუთხით“.

რუთ ბეიდერ გინსბურგი: „ზოგჯერ ხალხი მეკითხება… „როდის იქნება საკმარისი ქალი უზენაეს სასამართლოში?“ და მე ვპასუხობ, „როცა იქნება ცხრა“ და ისინი შოკში არიან, მაგრამ უზენაეს სასამართლოში ყოფილა ცხრა კაცი და არავის დაუსვამს კითხვა ამასთან დაკავშირებით.“ 

გინსბურგის გარდაცვალებას ვრცელი განცხადებით გამოეხმაურნენ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

„ის გენდერული თანასწორობის მეომარი იყო, რომელსაც სჯეროდა, რომ კანონის წინაშე თანასწორობას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ მაშინ, როცა იგი ყველა ამერიკელზე თანაბრად ვრცელდება… მოსამართლე გინსბურგი დაგვეხმარა დაგვენახა, რომ გენდერული დისკრიმინაცია არაა უბრალოდ აბსტრაქტული იდეა; რომ ის საზიანო არაა მხოლოდ ქალებისათვის, არამედ მას აქვს რეალური შედეგები თითოეული ჩვენგანისათვის. ის გვიჩვენებს ვინ ვართ და ვინ შეგვიძლია ვიყოთ.“ – ნათქვამია ობამას განცხადებაში.

„მან იცხოვრა გასაოცარი ცხოვრებით. სხვა რა შეიძლება ვთქვათ? ის გასაოცარი ქალი იყო. ვწუხვარ რომ ვიგებ ამას.“ – უთხრა ჟურნალისტებს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გინსბურგის გარდაცვალების გაგების შემდეგ. 

გინსბურგი ამერიკის უზენაესი სასამართლოს ოთხი ლიბერალი მოსამართლიდან ერთ-ერთი იყო. ამერიკის კონსტიტუციის თანახმად, უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატის დაყენება მხოლოდ ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს შეუძლია, თუ ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გინსბურგის ჩამნაცვლებლად კონსერვატორ მოსამართლეობის კანდიდატს დაასახელებს, უზენაეს სასამართლოში ექვსი კონსერვატორი მოსამართლით მნიშვნელოვნად შეიცვლება არსებული მდგომარეობა.