ნომერ პირველი ქალი ტრენერი გაყიდვების სფეროში | ინტერვიუ სოფია გოლეთიანთან

ცხოვრებისეული და პროფესიული გამოწვევებით სავსე ეტაპი უკან მოიტოვა. გზა რთული აღმოჩნდა, თუმცა სოფია გოლეთიანმა იმდენი შეძლო, რომ სირთულეების დაძლევაში წლებია, უკვე სხვებს ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნომერ პირველი პროფესია კინომცოდნეობაა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სოფია პირველი ქალი ტრენერია გაყიდვების მიმართულებით. სოფია გოლეთიანის “Sofisfactory” კომპანიებს გაყიდვების აუთსორსინგს, ბიზნესკონსალტინგს, გაყიდვების მართვას და ტრენინგებს სთავაზობს და მათ ბიზნესის განვითარებაში ეხმარება. როგორ იქცა ბაზრის ლიდერად, რა ღირებულებებს ეფუძნება „სოფიას ქარხანა“, რა გეგმები აქვს დამფუძნებელს? Forbes Woman სოფია გოლეთიანს ახლოდან გაგაცნობთ.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

ჩვენი რესპონდენტი ბევრისთვის ნანატრ სოხუმში დაიბადა და გაიზარდა, 13-თვიანი ომი სოფიას აბიტურიენტობის პერიოდს დაემთხვა. როგორც იმ წლებში ყველა სხვა მედალოსანს, სოფოსაც ოჯახი სამედიცინო უნივერსიტეტისთვის ამზადებდა, თუმცა, ქვეყანაში არსებული რთული რეალობიდან გამომდინარე, თბილისში ოჯახის წევრების გარეშე მყოფი სოფია თეატრალურ უნივერსიტეტში დარეგისტრირდა და კინომცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

„იმ წლებში თეატრი და კინო, ფაქტობრივად, მკვდარი იყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალები კინოჟურნალისტიკაშიც მოვსინჯე, შემდეგ იყო ნაადრევი ქორწინება და 2004 წელს, 27 წლის ასაკში ბიზნესში მივდივარ, კერძოდ საბანკო ინდუსტრიაში და გაყიდვების სფეროში ვერთვები. აქ მივხვდი, რომ თეატრალური სკოლა აღმოჩნდა ის მთავარი ალმა-მატერი, რომელმაც ადამიანებთან ურთიერთობა მასწავლა. ეს კი ის მთავარი ინსტრუმენტია, რაც ბევრ სხვა ცოდნასთან ერთად, ჩემს ძლიერ მხარედ იქცა და ყველაზე მეტად მეხმარება გაყიდვების სფეროში. როცა საბოლოო პროფესიას ვირჩევდი, მთავარი ინსპირაცია ადამიანების სიყვარული და მათი მოსმენა იყო. ასეთია ჩემი მიდგომა ცხოვრებაშიც ყველას და ყველაფრის მიმართ, არავის ვახვევ თავს ჩემს პოზიციებს, ყველას სურვილსა თუ აზრს პატივს ვცემ და ვითვალისწინებ. როცა მეკითხებიან, რა სჯობს, აქაც ვცდილობ, რომ მათ საჭიროებას საუკეთესო გადაწყვეტილება მოვარგო“.

მათემატიკოსი მამის ოჯახში გაზრდილს, ჰუმანიტარული განათლების მიუხედავად, საბანკო სექტორში ადაპტაცია არ გასჭირვებია. პირველი გამოცდილება სოფიამ „პროკრედიტ ბანკში“ მიიღო. ეს ის პერიოდია, როცა ქვეყნის განვითარების კონტურები ბუნდოვნადაც კი არ ჩანდა, ორი მცირეწლოვანი შვილის მარტოხელა დედისთვის კი სტაბილურ შემოსავალს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. გზა საბანკო ინდუსტრიაში იმედგაცრუებებით სავსე გამოდგა, „პროკრედიტ ბანკს“ 2007 წელს დაემშვიდობა, 2009 წელს კი უკვე „საქართველოს ბანკიდანაც“ გაუშვეს, მიზეზი ამ შემთხვევაში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდგომი კრიზისი იყო.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

„2000 ლარიანი ხელფასის შემდეგ მოულოდნელად უხელფასოდ დავრჩი, თითქოს ნიადაგი გამომეცალა. ბუნებრივია, დავიწყე ახალი სამსახურის ძიება, თუმცა ქვეყანაში არსებული ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე, მხოლოდ 400 ლარიან სამსახურში დავსაქმდი. ზუსტად ვიცოდი, რომ მჭირდებოდა ახალი პროფესიის შესწავლა. გავრისკე, 2009 წელს პირველი სესხი ავიღე და თავისუფალ უნივერსიტეტში ჩავაბარე. იქიდან დღემდე 1 წუთით აღარ გავჩერებულვარ“.

რთულ წლებში სოფიას გადარჩენის მთავარ მოტივატორად შვილები და ის პასუხისმგებლობა იქცა, რომელსაც თავად, როგორც შვილი, მამის წინაშე გრძნობდა. თუმცა, იყო კიდევ ერთი ფაქტორი ‒ უნდობლობა. სოფოს სურდა, კონკრეტული ადამიანებისთვის დაემტკიცებინა, რომ მნიშვნელოვანი კადრი დაკარგეს. ასეც მოხდა, გავიდა დრო და ბანკი, რომელმაც 2007 წელს მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა, 2016 წელს კორპორაციული გაყიდვების სამსახურისთვის ტრენინგის ჩატარებას სთხოვს და ეს მხოლოდ ერთი მაგალითია.

„ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ ჩვენ ყველანი საკუთარ თავს ვეძებეთ, მე კი მგონია, რომ კი არ ვეძებთ, ვზრდით და ამ გზაზე ახალ აღმოჩენებს ვაკეთებთ, ახლებურად ვიბადებით. ფანტასტიკური გრძნობაა, როცა დღეს უკვე თამამად შემიძლია ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა ნებისმიერ ბიზნესში და ეს ექსპერიმენტი აღარ არის. ასეთი სვლების ფუფუნებას ჩემი ცოდნა და გამოცდილება მაძლევს. გაყიდვების სფერო კი ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე უკეთ ვგრძნობ და, ამავდროულად, ვარ ის, ვინც ვარ ‒ რეალური და ნამდვილი“.

ამ ეტაპზე სოფია გოლეთიანი ერთდროულად კომპანია „ავერსი ფარმას“ ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელი და მისივე დაფუძნებული “Sofisfactory”-ის მმართველი პარტნიორია. უფრო მარტივად რომ ვთქვა, სოფია არის ყველგან, სადაც რევოლუციური სიახლეები, ინოვაციები და ტექნოლოგიებია და სოფია არის ის, ვინც ყოველთვის ამბობს, რომ ნებისმიერი მიზნის მიღწევა შესაძლებელია, თუ გულით მოინდომებ.

„ამის საშუალებას ჩემი გამოცდილება მაძლევს. ვეძებ, რა აწუხებს ბიზნესს, იმისთვის, რომ შემდეგ მას განვითარებაში დავეხმარო. ჩემი საქმე საუკეთესო საშუალებაა, შევხვდე განსხვავებული დარგის ადამიანებს და მათ დამატებითი ტრენინგები ჩავუტარო. ტრენინგებზე მხოლოდ Google-ის მაგალითებით არ ვსაუბრობ, წლების განმავლობაში სხვადასხვა ბიზნესში დაგროვილი „ქეისები“ ქართული ბიზნესებისთვის ყველაზე საიმედო არგუმენტებია. „სხვამ თუ შეძლო, შენც გამოგივა“ ‒ მინდა ადამიანებმა ეს მიდგომა ირწმუნონ“.

სოფია გოლეთიანი კომპანიას ‒ “Sofisfactory” ‒ 2020 წელს აფუძნებს. მისი კომპანიის მთავარი მიზანია, საქართველომ შეძლოს და გლობალურ ბაზარს დაუმტკიცოს, რომ ქვეყანას აქვს პოტენციალი, ჰქონდეს დივერსიფიცირებული, გამართული, კორპორატიული კულტურის მქონე ბიზნესები, რომელიც შეძლებს გლობალური ბაზრისთვის მაღალი სტანდარტის სერვისისა და პროდუქციის მიწოდებას.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

„სერვისი ჩვენი აქილევსის ქუსლია, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჩემი კომპანია სწორედ ასეთი ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობს, რათა სტუმართმოყვარე ქართველმა ხალხმა დავამტკიცოთ, რომ ჩვენც შეგვიძლია ბაზრისთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება. დაე, ჩვენი ქვეყნის წარმატებული „ქეისები“ იყოს მაგალითი უცხოელი სტუდენტებისთვის სხვადასხვა უნივერსიტეტსა თუ კოლეჯში“.

ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ ასწავლა, რომ მხარდაჭერას განსაკუთრებული ფასი აქვს, ამ მხრივ მისი ერთ-ერთი სამიზნე ქალი მეწარმეები არიან. სოფია მზად არის, საკუთარი ცოდნა ქალებს უანგაროდ გაუზიაროს და ისინი თავიანთ შესაძლებლობებში დაარწმუნოს.

„საქართველოს ყველა კუთხეში საოცარი ქალები ცხოვრობენ, თუმცა მათ, სამწუხაროდ, გამბედაობა აკლიათ, რომ თავიანთი საქმე ჰქონდეთ. შესაბამისად, მათი უნარები მათთან რჩება იმ გარემოსა და სოციუმში, სადაც ცხოვრობენ. მინდა, ამ ქალებს ვუთხრა, რომ აუცილებელია შეიყვარონ საკუთარი თავი და იმუშაონ, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რწმენა განიმტკიცონ. მიზნად დავისახე, მოვიარო ჩვენი ქვეყნის ყველა ქალაქი და სოფელი, რათა ჩემი სათქმელი ქალებს პირადად ვუთხრა. უნდა გაბედონ, აუცილებელია მოძრაობა, ნებისმიერი ნაბიჯი გვწვრთნის და გვავითარებს. თუ კონკრეტული ქმედება დიდ წარმატებამდე არ მიგვიყვანს, ეს გზა იმაზე წარმატებულად გვაქცევს, ვიდრე გუშინ ვიყავით. საკუთარი ძალების მოსინჯვა კი ყველაზე დიდი გამოწვევაა ცხოვრებაში. მე მზად ვარ, ქალებს გვერდით დავუდგე ‒ მომძებნეთ, მომიკაკუნეთ, მინდა დაგეხმაროთ“.

ქალების პარალელურად, სოფია სტუდენტებსაც გვერდით უდგას, ასწავლის, როგორ გადადგან თამამი ნაბიჯები გაყიდვებში, ანუ იმ სფეროში, რომელსაც რეალური შემოსავლები მოაქვს. როცა კონკურენტულ უპირატესობაზე ვკითხეთ, პასუხზე დიდხანს არ უფიქრია. სოფიას მიაჩნია, რომ ის, რაც მის საქმეს კვებავს ‒ ურთიერთობებია. სოფია ეხმარება ბიზნესის ყველა დარგს და საქმიან კომუნიკაციას კლიენტებთან კონტრაქტის დასრულების შემდეგაც არ წყვეტს.

„ჩემი კლიენტის პირადი მრჩევლის პოზიციაზე თითქმის მთელი ცხოვრება ვრჩები. მე შემიძლია საათობით ვესაუბრო ადამიანს, თუნდაც ტელეფონით და ის ერთხელაც არ მყავდეს ნანახი. ამ მიდგომით კმაყოფილი კლიენტების არმიას ვიძენ. ზოგადად, ჩემი ხასიათის მთავარი შტრიხიც ადამიანებისა და საქმის სიყვარულია. გულით მწამს იმის, რომ კარგ საქმეს ვაკეთებ. შეიძლება ვინმემ არ დაიჯეროს, მაგრამ საქმით ნამდვილად არასოდეს ვიღლები, არასდროს ვწუწუნებ, პირიქით, მადლიერი ვარ ყველასი და ყველაფრის ამ ურთიერთობებისთვის“.

უშრეტი ენერგიის ადამიანები მიღწეულით არასოდეს კმაყოფილდებიან. ასეა სოფია გოლეთიანიც. დარწმუნებულია, რომ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში წინ ბევრი საინტერესო გამოწვევა ელოდება. სჯერა, რომ მომდევნო 10-15 წელი დატვირთული რეჟიმით იცხოვრებს, მაგრამ წარმოდგენებში შორსაც იხედება ‒ ოკეანის გაღმა, სადაც მისი დიდი ოჯახი ცხოვრობს. მომავალში სოფია გეგმავს, რომ ძალები აშშ-შიც მოსინჯოს.

„მე ვცხოვრობ აქ და ახლა. ჩემმა უდიდესმა ტკივილმა ‒ სოხუმმა ‒ მასწავლა, რომ არასოდეს იცი, რა მოხდება ხვალ, ამიტომ ცვლილებებისთვის ყოველთვის მზად ვარ. ყოველდღიურად იცვლება ბიზნეს გარემო, ვფიქრობ, 10 წლის შემდეგ ეს სფერო ბევრად უფრო გამომწვევი და საინტერესო იქნება, მე კი მუდმივ მზადყოფნაში ვარ, თავით გადავეშვა, რადგან ვიცი, რომ ეს ჩემი გადასაცური ზღვაა“.