ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი აქვეყნებს კვლევას, რომელშიც განხილულია COVID-19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს შრომით ბაზარზე, მისი სოციალური შედეგები და რეკომენდაციები ამ შედეგების შესამსუბუქებლად გასატარებელ ზომებთან დაკავშირებით.
გამოთვლების თანახმად, ეკონომიკური შოკი მძიმე და საშუალო გავლენას იქონიებს დაქირავებულ დასაქმებულთა 55%-ზე. თუმცა დაზარალდება თვითდასაქმებულებთა გაცილებით დიდი წილი – თითქმის, 99% (15% – მძიმედ და 84% – საშუალოდ). ეს გავლენა გამოიხატება, როგორც შემცირებულ ხელფასებსა და შემოსავალში, ასევე, უმუშევრობაში, რაც, თავის მხრივ, მძიმე სოციალურ პრობლემებს გამოიწვევს.
აღსანიშნავია, რომ, კვლევის თანახმად, შოკის გავლენა გენდერულად არანეიტრალურია. სოციალური დახმარებების პოლიტიკის შემუშავებისას გავლენის მხოლოდ შრომით ბაზარზე გათვალისწინება კი უკვე არსებულ გენდერულ უთანასწორობას კიდევ უფრო გაამწვავებს.
მიუხედავად იმისა, რომ შოკის მიმართ მგრძნობიარე სექტორებში, – მშენებლობა, ტრანსპორტი და წარმოება, – კაცების წილი უფრო მაღალია და ქალები იმ სფეროებში არიან დასაქმებულნი, სადაც ნაკლები ეკონომიკური ზიანია, – ჯანდაცვა და განათლება, გასათვალისწინებელია ბევრი სხვა ფაქტორიც. პირველ რიგში, ჯანდაცვის სექტორში, სადაც დასაქმებულთა უმეტესობა ქალია, გაუარესებულია სამუშაო პირობები, გაზრდილია ფიზიკური ჯანმრთელობის რისკები და სტრესი. ამავდროულად, ძირითადად სწორედ ქალები ასრულებენ ოჯახის წევრებზე, მათ შორის, დაავადებულ წევრებზე, რისკჯგუფში მყოფ მოხუცებსა და დახურული სკოლების გამო სახლში დარჩენილ ბავშვებზე, ზრუნვის „აუნაზღაურებად“ შრომას.
გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტი ქალი ცხოვრობს სიღარიბეში, ვიდრე კაცი, რაც დასტურდება იმითაც, რომ სოციალური დახმარებების 55%-ს ქალები იღებენ.
ISET-ის რეკომენდაციით, სოციალური დახმარების პოლიტიკის შემუშავებისას აუცილებელია ყველა ზემოთხსენებული ფაქტორის გათვალისწინება. ინსტიტუტის აზრით, სოციალური შედეგების, მათ შორის, პოტენციური ნეგატიური გენდერული გავლენის შესამცირებლად, საუკეთესო საშუალება უნივერსალური პირდაპირი ფულადი დახმარებებია.
ეს დახმარებები უნდა გაიცეს არა ოჯახებზე, რა შემთხვევაშიც ბენეფიციარები, შესაძლოა, მხოლოდ ოჯახის უფროსებად მიჩნეული მამაკაცები იყვნენ, არამედ ინდივიდუალურად, რათა ქალებმაც შეძლონ დახმარებებიდან სარგებლის მიღება.