ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც განხილულია თუ როგორ უმკლავდება საქართველოს მთავრობა ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებს და რა დამატებითი ზომები უნდა გატარდეს ამ შედეგების შესარბილებლად.

მათი შეფასებით, მთავრობამ საკმაოდ დროულად გადადგა გარკვეული ეფექტური ნაბიჯები კრიზისის ზემოქმედების შესამცირებლად:

• გადაუვადდათ სესხები კრიზისისგან დაზარალებულ არა მხოლოდ ბიზნესებს, არამედ – დასაქმებულებსაც.
• ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებისა და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებსთვის გადადებულია საშემოსავლო გადასახადებიც.
• მცირე ზომის სასტუმროები მიიღებენ სესხების 6-თვიან თანადაფინანსებას.
• შემსუბუქდა კომერციული ბანკებისთვის სესხების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვები.
• გაორმაგდა დღგ-ის დაბრუნების მოცულობა.
• სუბსიდირების გზით დაფიქსირდა ფასები ისეთ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე, როგორებიცაა ბრინჯი, მაკარონი, ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, წიწიბურა და ლობიო.

თუმცა, ISET-PI-ის მიერ ჩატარებული წინასწარი გამოთვლებით, მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი ზომები კრიზისთან გასამკლავლებლად საკმარისი არ იქნება. კვლევითი ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, საჭიროა დამატებითი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გატარებაც:

პირველ რიგში, მთავრობა უნდა შეეცადოს, ფულადი დახმარება გაუწიოს კრიზისისგან ყველაზე დაუცველ ჯგუფებს – არაფორმალურ სექტორში მომუშავე ადამიანებს (მაგ. ტაქსის მძღოლებს), დაბალშემოსავლიან თვითდასაქმებულებს, მომსახურების სფეროში მომუშავე პირებსა და დამოუკიდებელ კონტრაქტორებს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთმა პირებმა პირდაპირი სარგებელი მიიღონ ფინანსური სისტემის წასახალისებლად მიღებული ზომებისგან, ვინაიდან ისინი საბანკო სესხებით თავიანთი შემოსავლების დროებითი დანაკარგების დასაფარად ვერ ისარგებლებენ.

ასევე, რეკომენდირებულია პირდაპირი ფულადი სახსრების გამოყოფა დაბალი პროცენტის მქონე სესხების უზრუნველყოფა ან ფულადი ტრანსფერები იმ დაზარალებული ოჯახებისთვის, რომელთა შემოსავალიც გარკვეულ ზღვარს ქვემოთაა. განსაკუთრებით იმ ოჯახებისთვის, რომელთაც ხანდაზმულები და ბავშვები ჰყავთ.

სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, გვირჩევენ კომპანიების წახალისებას, კონკრეტულად კი, თანამშრომელთა ხელფასების გადახდაში დახმარებას დასაქმების დონის შენარჩუნების პირობით.

ეროვნულ ბანკს სთავაზობენ უცხოური ვალუტით მოზიდული დეპოზიტების მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირებას, რაც გაუფასურებისა და ინფლაციის მოლოდინების წარმოქმნის გარეშე გამოიწვევს უცხოურ ვალუტაში სესხებისა და ეკონომიკური აქტივობების სტიმულირებას.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.