NASA-ს კოსმოსურ მეცნიერებათა პროფესორი, მათემატიკოსი ქეთრინ ჯონსონი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა.
აფროამერიკელი მათემატიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას NASA „ტვიტერზე“ ავრცელებს და ქეთრინს მოიხსენიებს ქალად, რომელმაც დაარღვია რასობრივ-სოციალური ბარიერები.
„მისი თავდაუზოგავი შრომა და მათემატიკური შესაძლებლობები ადამიანს დაეხმარა მიეღწია მთვარემდე. ქეთრინის წყალობით ჩვენმა კოსმონავტებმა პირველი ნაბიჯები გადადგეს კოსმოსში. ეს ის კვალია, რომელსაც ჩვენ დღემდე მივყვებით მარსზე მოგზაურობისას“, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.
ქეთრინმა გამოიანგარიშა ზუსტი ტრაექტორია, რომლითაც 1969 წელს კოსმოსური ხომალდი „აპოლო 11“ მთვარეზე დაეშვა და, ნილ ამსტრონგის ისტორიული დაჯდომის შემდეგ, უკან, კვლავ დედამიწაზე დაბრუნდა. მან იცოდა, რომ ერთი შეცდომაც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩენილიყო, როგორც ხომალდის, ასევე – ეკიპაჟის წევრებისთვისაც. აღსანიშნავია, რომ ქეთრინს მსგავსი გამოცდილება ადრეც ჰქონია, როდესაც 1953 წელს, ნასას დაკვეთით, პირველი ამერიკელი ასტრონავტის, ალან შეპარდის ფრენის ტრაექტორია ზუსტად განსაზღვრა.
გარდა ამისა, სწორედ მისი დახმარებით ჯონ გლენი გახდა პირველი ამერიკელი კოსმონავტი, რომელმაც დედამიწას შემოუარა. გამგზავრებამდე ჯონ გლენმა მოითხოვა კიდეც, რომ თითოეული კალკულაცია, რომელიც ოპერაციისას სრულდებოდა, ჯონსონს გამოეთვალა.
ქეთრინი დაიბადა 1918 წელს, დასავლეთ ვირჯინიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში. ადრეული ასაკიდანვე შესამჩნევი იყო მისი განსაკუთრებული ინტერესი ციფრებისადმი.
„ყველაფერს ვითვლიდი, ნაბიჯებს სიარულისას, ეკლესიამდე ასასვლელ საფეხურებს, გარეცხილი თეფშების რაოდენობას, ყველაფერს, რისი დათვლაც შეიძლებოდა.“
ქეთრინმა 14 წლის ასაკში დაასრულა სკოლა, 18 წლის ასაკში კი – უნივერსიტეტი. ნასას ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ მისი აკადემიური მოსწრება გამაოგნებელი იყო, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როცა სკოლები აფროამერიკელი მოსწავლეებისთვის მერვე კლასის შემდეგ, ძირითადად, აღარ ფუნქციონირებდა.
ნასაში სამუშაოს დაწყებისთანავე ქეთრინს ზედმეტსახელად „ადამიანი კომპიუტერი“ შეარქვეს. მისი მოვალეობა აშშ-ის კოსმოსური მისიების ტრაექტორიის გამოთვლა იყო.
წლების შემდეგ, ნასას ფრენითი კვლევის დანაყოფში, (საიდანაც დაიწყო ამერიკული კოსმოსური პროგრამა) 33 წლიანი სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, ქეთრინის სახელი ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობი იყო. ის ერთ-ერთი იყო იმ ასეულობით განათლებულ, გასაოცრად შრომისუნარიან მათემატიკოს ქალთაგან, რომელთაც იმ პერიოდში საკმარისი დაფასება არ ჰქონდათ.
თავად ქეთრინი ფიქრობდა, რომ ქალებს შეეძლოთ ყველაფრის გაკეთება, რასაც მამაკაცები აკეთებდნენ, ან, იქნებ – უფრო მეტისაც.
„იმ დროს ჩვენ, ქალები, უნდა ვყოფილიყავით მტკიცენი და აგრესიულნი, სწორედ ეს განსაზღვრავდა სად და როგორ წარიმართებოდა ჩვენი მომავალი.“
ჯონსონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორია გადმოცემულია ფილმში „Hidden Figures“, რომელიც 2016 წელს გამოვიდა და ოსკარის სამ ნომინაციაზე იყო წარდგენილი. მას ასევე გადაეცა თავისუფლების მედალი, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამასგან, რომელმაც განაცხადა, რომ ქეთრინი იყო ქალი, რომელმაც საზოგადოების მოლოდინებით თავის შებოჭვას ამჯობინა ადამიანთა მიღწევების საზღვრები მეტად გაეფართოებინა.