„კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ – პროექტის ფარგლებში პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა

“კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის” არის საქართველოში ყველაზე მასშტაბური ინიციატივა, რომელიც USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორობით ხორციელდება და მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში ქალთა როლის გაძლიერების ხელშეწყობას 30-ზე მეტი პარტნიორი კომპანიის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში ტრენინგების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა, 500 ქალი გადამზადდა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სხვადასახვა მიმართულებით და 333 სერთიფიცირებული ბენეფიციარი “Pitch Yourself” დასაქმების ფორუმში ჩაერთო.

“კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის” წარმოადგენს უპრეცენდენტო შესაძლებლობას სოფლად მცხოვრები ქალებისთვის შეიძინონ დასაქმების ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი უნარები, რომლებიც მათ ღირსეულ და მაღალანაზღაურებად დასაქმებას შეუწყობს ხელს. 30-ზე მეტი ინდუსტრიის წამომადგენელი კომპანიის ინტენსიური ჩართულობა, როგორც პროგრამების შემუშავების, ასევე მათი მიწოდების პროცესში წარმოადგენს რეგიონში მცხოვრები ქალების წარმატებით დასაქმების წინაპირობას. ტექნოლოგიურმა პროგრესმა წაშალა დასაქმების ბაზარზე არსებული გეოგრაფიული საზღვრები, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფერო დღეს უკვე იძლევა დასაქმების შესაძლებლობებს ნებისმიერი ლოკაციიდან„ – ამბობს რეგიონებში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის კომპონენტის ხელმძღვანელი, ნელი რევაზიშვილი.

პროექტის ფარგლებში შერჩეული ბენეფიციარების გადამზადება სამ ნაკადად ხორციელდება სრული დაფინანსებით და აერთიანებს ადგილობრივი და საერთაშორისო დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებულ ექვს სატრენინგო მიმართულებას და დასაქმების ხელშემწყობ ინიციატივებს – კარიერულ ბუთქემფსა და ინდივიდუალური მენტორშიფის კომპონენტებს. USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით, სამიზნე მუნიციპალიტეტების სკოლებში, სრულად აღიჭურვა კოდინგის სკოლის სასწავლო ლაბორატორიები. აღნიშნული ცენტრები ინტერნეტსა და კომპიუტერზე წვდომის არმქონე ბენეფიციარებს ყოველდღიურად მოემსახურება. პროექტის მიმდინარეობას თან სდევს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ტექნოლოგიების მიმართულებით, რეგიონებში ცნობადობის ამაღლების მიზნით.

USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორობით განხორციელებული ინიციატივა ხელს უწყობს ხელმისაწვდომობის გაზრდას მაღალი ხარისხის პროფესიულ განათლებაზე რეგიონებში. სამიზნე ლოკაციები მოიცავს შემდეგ მუნიციპალიტეტებს: თელავი, გორი, ახალციხე, ამბროლაური, ონი, ტყიბული, ზუგდიდი, წალენჯიხა, ოზურგეთი. მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებს მეორე ნაკადისთვის სასწავლო პროცესში დაემატა მესტიის, ზესტაფონის, სენაკის, ქობულეთის, გურჯაანის, თეთრიწყაროს და ბორჯომის მუნიციპალიტეტები და ჯამურად ინიციატივის დაფარვის არეალი 14 მუნიციპალიტეტამდე გაიზარდა.

“კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის” ინიციატივის ფარგლებში სატრენინგო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს და დაინტერესებული ქალების მომზადება/გადამზადება ხორციელდება ექვსი მიმართულებით:

ტექ ინგლისური (A1/A2 და B1/B2 დონეები)

ციფრული მარკეტინგი

გრაფიკული დიზაინი

ციფრული პროდუქტების ტესტირება

UI/UX დიზაინი

Front-end დეველოპმენტი

Back-end დეველოპმენტი

მეორე ეტაპის სასწავლო პროცესზე მსმენელები უკვე შერჩეულია და სამიზნე რეგიონებში მცხოვრები 500-მდე ქალი აქტიურად არის ჩართული ტექნიკური ინგლისურის სწავლების პროცესში. პროექტის მიზნობრივი ჯგუფია შერჩეულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები, 16-დან 40 წლამდე  ქალბატონები. 2024 წლის გაზაფხულიდან  “კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის” მესამე ეტაპის მიღება დაიწყება. ჯამში პროექტმა ხელი 800-ამდე ქალის დასაქმებას უნდა შეუწყოს. USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“   5 წლიანი ინიციატივაა, რაც    უნარების განვითარების ეკოსისტემის სრულყოფაში 24 მილიონი დოლარის ინვესტირებას გულისხმობს. ამ ეტაპისთვის, 13 მილიონიანი საგრანტო ფონდი თითქმის ათვისებულია – განაცხადა რეგიონებში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის კომპონენტის ხელმძღვანელმა, ნელი რევაზიშვილმა.