საინფორმაციო კომუნიკაციების განვითარების პარალელურად სფეროს სპეციალისტებზე მოთხოვნა გლობალურად უფრო და უფრო იზრდება. ამ პროცესში კი მთავარი გამოწვევა კვალიფიციური კადრებია.
ტექნოლოგიური სფეროს სპეციალისტებზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია ბოლო წლებში საქართველოშიც შეინიშნება, თუმცა დამსაქმებლები მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების დეფიციტზე საუბრობენ. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ თანამედროვე, დინამიკურ სამყაროში, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიების სფეროში, ცვლილებებისთვის ფეხის მუდმივად აწყობაა საჭირო, რაც კადრების გადამზადების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
კიდევ ერთი გამოწვევა ტექნოლოგიურ სფეროში ქალების ჩართულობაა. მიუხედავად ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესისა, საინფორმაციო კომუნიკაციების მიმართულებით მომუშავე ქალების წილი შედარებით მაინც დაბალია.
საქართველოში საინფორმაციო კომუნიკაციების მიმართულებით არსებული მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემის გადასაჭრელად და ტექნოლოგიურ სფეროში ქალთა ჩართულობის გასაზრდელად, Making Science Sweeft, USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით, კარიერული აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს. პროგრამაში ქალების ჩართულობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ამჟამად მისი 50 მონაწილიდან 42%-ს ქალები შეადგენენ, ეს კი საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
„საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებები დღითიდღე უფრო აქტუალური პროფესიები ხდება. ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით ადამიანურ რესურსზე მოთხოვნა ძალიან მზარდია, არა მარტო საქართველოს, არამედ გლობალური დასაქმების ბაზარზე. თუმცა ტექნოლოგიური პროფესიები ჩვენს ქვეყანაში სათანადოდ პოპულარიზებული და ათვისებული ჯერ კიდევ არ არის და, შესაბამისად, ამ მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობა გვაქვს. როდესაც Making Science Sweeft ამ პრობლემის წინაშე დადგა, კომპანიამ თავად შემოგვთავაზა მისი გადაჭრის ინოვაციური გზა და შექმნა კარიერული აქსელერაციის პროგრამა, რომელიც საქართველოში უნიკალურია თავისი არსით. გარდა იმისა, რომ პროგრამა წელიწადში 100-ზე მეტ დეველოპერს და მარკეტერს აძლევს განვითარებისა და უკეთ დასაქმების შესაძლებლობას, ხელს უწყობს შრომის ბაზარზე პროგრამის მონაწილეების დასაქმების მაჩვენებლისა და ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდასაც.
კარიერული აქსელერაციის პროგრამა სამ წელზე მეტია წარმატებით ხორციელდება, თუმცა ახლა, „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ USAID-ის პროგრამის მხარდაჭერით, კიდევ უფრო დაიხვეწა მისი სტრუქტურა და შინაარსი.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის მხრიდან დიდი ყურადღება ექცევა ტექნოლოგიურ სფეროში ქალების ჩართულობის გაძლიერებას, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, პროგრამის მონაწილეების შერჩევისას ეს კომპონენტი გავითვალისწინოთ. მიმდინარე ნაკადში პროგრამაში ჩართულია 50 ინტერნი, რომელთა 42% გოგონაა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. პროგრამის მიმართ დაინტერესება ძალიან დიდია და ყოველი მიღების წინ საგრძნობლად იმატებს მსურველთა რაოდენობა.“ – აცხადებს ნათია გაფრინდაშვილი, კარიერული აქსელერაციის პროგრამის მენეჯერი.
USAID-ის ფინანსური მხარდაჭერითა და პარტნიორების ჩართულობით, Making Science Sweeft-ის კარიერული აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა. განახლდა და შეიქმნა 30 სასწავლო პროგრამა პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებით. გარდა ამისა, გადაიხედა და განახლდა ყოველთვიური ტესტირებისა და შეფასების სისტემები. ამასთანავე, შეიქმნა ინტერნების საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პლატფორმა და გადამზადდა 40 მენტორი.
კარიერული აქსელერაციის პროგრამის მონაწილეები 6 თვის განმავლობაში ინტენსიურ გადამზადებას გადიან. რაც მთავარია, ამ პერიოდში ისინი რეალურ პროექტებზე მუშაობენ. ეს ინტერნებს საშუალებას აძლევს, გაიუმჯობესონ როგორც ტექნიკური, ასევე – ე.წ. „რბილი უნარები“.
„წლების წინ დავინტერესდი პროგრამირებით და დროთა განმავლობაში შევისწავლე რამდენიმე პროგრამული ენა, თუმცა, საბოლოოდ, iOS Development ავირჩიე. სწორედ ამის შემდეგ, მეგობრებისგან გავიგე Making Science Sweeft-ის კარიერული აქსელერაციის პროგრამის შესახებ და გადავწყვიტე ბედი მეცადა.
დარწმუნებული ვარ ჩემთვისაც და სხვა მონაწილეებისთვისაც, ტრანსფორმაციული გამოცდილება იყო ეს პროგრამა, რომელმაც შესაძლებლობა მომცა, გამეღრმავებინა ცოდნა და მიმეღო პრაქტიკული გამოცდილება არა მხოლოდ iOS დეველოპმენტის კუთხით, არამედ დამეხვეწა ჩემი „რბილი უნარებიც“ (soft skill), როგორიცაა, საკუთარ თავზე მუშაობის სპეციფიკა, დროის მართვა, გუნდური მუშაობა და ა.შ.
iOS Development-ი ჩემთვის არ არის მხოლოდ ტექნიკური უნარი, ეს არის შესაძლებლობა, განვახორციელო ინოვაციური იდეები და ვიყო ციფრული სამყაროს ნაწილი. Making Science Sweeft-ის კარიერული აქსელერაციის პროგრამამ კი შესაძლებლობა მომცა, ამ სფეროში თავი დამემკვიდრებინა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩემს პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში.“ – აცხადებს ანა მეფისაშვილი, iOS დეველოპერი.
Making Science Sweeft-ის წარმომადგენლების განცხადებით, გარდა იმისა, რომ კარიერული აქსელერაციის პროგრამა ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის, მის 150-ზე მეტ ინტერნს კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობაც მიეცემა.
„პროგრამირებაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, როდესაც „მეიქინგ საიენს სვიფტის“ აქსელერაციის პროგრამის შესახებ შევიტყვე. დიდხანს ვფიქრობდი, მეცადა თუ არა საერთაშორისო ურთიერთობებიდან ოფიციალურად პროგრამირების სფეროში გადასვლა. ბოლოს მეგობრის დაჟინებული თხოვნით განაცხადი შევიტანე და, თითქმის ერთი წელია უკვე, რაც „მეიქინგ საიენს სვიფტში“ ვმუშაობ.
ის ექვსი თვე, რასაც აქსელერაცია მოიცავს, საკმაოდ გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემთვის. გარდა იმისა, რომ ,,მობაილ დეველოპმენტის“ კონკრეტულად კი React Native-ის კუთხით უფრო სწრაფი ტემპებით განვვითარდი, გამიუმჯობესდა სხვა, გუნდურობისა და თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარები. პროგრამა ნაყოფიერი აღმოჩნდა ახალი უთიერთობებისათვისაც. ამ დროის განმავლობაში, ტრენინგები არა მარტო ერთმანეთის გაცნობასა და დაახლოებაში, არამედ სხვადასხვა უნარის გამომუშავებაშიც გვეხმარებოდა.
მიხარია, რომ აქსელერაციამ საშუალება მომცა, გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა, გამეცნო და მემუშავა არაჩვეულებრივ ხალხთან ერთად იმ პროფესიით, რომელიც ნამდვილად ძალიან მიყვარს.“ – ამბობს ელენე ყულოშვილი, React Native დეველოპერი.
„მეიქინგ საიენს სვიფტის“ კარიერული აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში უკვე 250-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა. 1-ელი აგვისტოდან კი მეექვსე ნაკადის მიღება გამოცხადდა. ცნობისთვის, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც საბაზისო ცოდნა აქვს პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ პროგრამის მონაწილეები სწავლასთან ერთად ანაზღაურებას იღებენ.