ჩემი წარმატების საიდუმლო?! სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ, ყურს ვუგდებ საკუთარ გულისხმას, თან გონების სასწორზე ვაბალანსებ და შემდეგ თავდაჯერებით ვდგამ ნაბიჯს. როდესაც ასე ვიქცევი, ყოველთვის მიმართლებს“, ‒ ეს მაკო ჯაოშვილმა წლების წინ დაწერა. მას შემდეგ წარმატება ბევრჯერ და ბევრ სხვადასხვა სფეროში მოვიდა. კომუნიკაციის ექსპერტი, ბიზნეს-ტრენერი, ლექტორი და ავტორი ‒ მაკო ჯაოშვილის ცხოვრებისეული პერფორმანსი მრავალფეროვანია. ამიტომაც ჩემი მთავარი ამოცანაა ის Forbes woman Georgia-ს მკითხველს ისეთი დავანახო, როგორიც რეალურად არის, ეს მარტივი საქმე სულაც არაა! პირიქით, რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მრავალმხრივად საინტერესო ადამიანთან საუბრობ. შევეცდები, რომ ეს გამოწვევა მეც შესაძლებლობად ვაქციო, როგორც ამას ჩემი რესპონდენტი, მაკო ჯაოშვილი ამბობს და აკეთებს!
მაკო, პირველადი პროფესიით, ბიოლოგია, უფრო ზუსტად ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი, თუმცა სკოლის ნაცვლად სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა და აკადემიური ხარისხი დაიცვა რთულ 90-იან წლებში. ეს ყოველივე იმ პერიოდს დაემთხვა, როცა მეცნიერება თითქოს გაიყინა და არავის აინტერესებდა. სამეცნიერო ხარისხის დამდასტურებელი დიპლომი ერთ დღესაც თაროზე შემოდო, რადგან ახალი სამსახურის ძიებისას მაღალი კვალიფიკაცია ხელშემშლელი აღმოჩნდა. გასაუბრებაზე თავისი რეზიუმე აღარც კი მიჰქონდა, მხოლოდ იმით იფარგლებოდა, რომ იცის ინგლისური და კომპიუტერი. ასე შეუდგა წერითი თარგმანების კეთებას, თარგმნიდა ბიზნესგეგმებს, კონტრაქტებს, მათ შორის, ურთულესსაც კი.
„ეს იყო „გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებ“ ამბავი. სიტუაციას ამწვავებდა ის გარემოება, რომ სათარგმნი მასალის მოცულობის მიუხედავად, დამკვეთს მეტწილად „ეჩქარებოდა“ შესრულებული სამუშაოს მიღება და ხშირად, ღამეებს ვათენებდი, რომ დროულად მიმეწოდება ნათარგმნი დოკუმენტი. იმ წლებში პერსონალური კომპიუტერებიც რთულად ხელმისაწვდომი იყო, ამიტომაც ნაცნობ-მეგობრების ოფისში ვახერხებდი ბეჭდვას. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მაშინ ვისწავლე, არის ის, რომ თუ მოინდომებ, ყველა სირთულის დაძლევა შეგიძლია. ერთი ჩვევაც გავიმყარე ‒ ყველა თარგმანში აღებული ჰონორარის ნაწილით განმარტებითი ან ტექნიკური შინაარსის ახალი ლექსიკონი ან დამხმარე სახელმძღვანელო შემეძინა, რათა შემდგომი თარგმანები უფრო თამამად ამეღო“.
პარალელურად სხვა ლიტერატურასაც ეცნობოდა, ამუშავებდა, სიახლეებს იკვლევდა. ზუსტად იმ პერიოდში მაკო საზოგადოებასთან ურთიერთობით დაინტერესდა. პირველი ნაბიჯები რთული გამოწვევებით იყო სავსე. გარშემო მყოფ ადამიანებს უჭირდათ იმის გაგება, რასაც მაკო სთავაზობდა. უმეტესობა სკეპტიკურად უყურებდა სხვადასხვა აქტივობისა თუ რეკლამის მნიშვნელობას. შესაბამისად, მეტი ძალისხმევა იყო საჭირო ამ ბარიერების გადასალახად.
მაკო ჯაოშვილის ცხოვრებაში ახალი ეტაპი 2012 წელს დგება, როცა დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილებით გარისკა საკუთარი საქმის წამოწყება და საკონსულტაციო კომპანიის დაფუძნება.
„ინტუიციით სულ ვგრძნობდი რა და როგორი უნდა გამეკეთებინა. კონცეფცია, რომელსაც ვქმნიდი ჩემს ემოციებს ეფუძნებოდა და ჩემივე ფიქრის შედეგი იყო“.
2014 წელს მაკო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დარგისა და პროფესიული განათლების ხელშემწყობ ექსპერტად მიიწვიეს. მან მონაწილეობა მიიღო ღონისძიების ორგანიზების პროფესიული სტანდარტისა და მოდულური პროგრამის შექმნასა და ოპტიმიზაციაში. მისი ავტორობით გამოიცა ღონისძიების დაგეგმვის ელექტრონული სახელმძღვანელო.
„საქმეში დაოსტატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გარშემო მყოფ ადამიანებისგან მიღებულ გამოცდილებაზე. გულწრფელად ვიტყვი, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე უამრავი ტიპის დამკვეთთან თუ ხელმძღვანელ პირთან საქმიანმა ურთიერთობამ ძალიან გამზარდა. ერთ-ერთ კომპანიაში გვყავდა საკმაოდ უცნაური დამფუძნებელი, რომელსაც კირკიტა ხასიათი ჰქონდა, უზომოდ ბევრი კითხვის დასმა და „ჩაძიება“ უყვარდა. სხვების მსგავსად, ამასთან დაკავშირებით მეც სტერეოტიპული აღქმა მქონდა. ახლანდელი გადასახედიდან შეფასებისას, მისი უზომოდ მადლიერი ვარ, რადგან დასმულ შეკითხვებსა თუ კომენტარებზე სწორი რეაგირება, პასუხების გააზრება და სიტუაციის გაანალიზება ჩემი ხასიათის წვრთნასაც დაეხმარა და კომპეტენციის დონეზე სათანადო უნარების გავარჯიშებასაც წაადგა. მიმაჩნია, რომ ცნობისმოყვარეობა აზროვნების განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლებაში და ემოციების უკეთ მართვაში მას დიდი წვლილი მიუძღვის. მოლაპარაკების სტრატეგიის სალექციო კურსში სტუდენტებს მუდმივად ვურჩევ, დაეუფლონ შეკითხვების დასმის ტექნიკას და მოსაუბრეზე მეტად მსმენელი უფრო იყვნენ“.
მაკო ჯაოშვილს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს არაფორმალური განათლების კუთხითაც. 2006 წლიდან დღემდე ატარებს ტრენინგებს / ვორქშოპებს პიროვნული ზრდა-განვითარებისთვის, ღონისძიების ორგანიზების, კომუნიკაციის ფსიქოლოგიის, ეფექტური წარდგენის უნარებისა და საჯარო გამოსვლის ტექნიკის დასაუფლებლად. მის პროფესიულ ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ტრენერად ხანგრძლივ მუშაობასთან ერთად სატრენინგოსაკონსულტაციო ცენტრ “PR აკადემიაში“ 2015-2018 წლებში საერთაშორისო განათლების მიმართულებით აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას უკავშირდება. ამ პერიოდში რამდენიმე საგრანტო კონკურსშიც გაიმარჯვა და კოლეგებთან ერთად ინსტიტუციური შესაძლებლობების განსავითარებლად USAID-ის ერთ-ერთი პროექტის ქვეკონტრაქტორი გახდა.
„როცა 2017 წელს „PR აკადემიის“ დამფუძნებელმა უნივერსიტეტის შექმნა გადაწყვიტა, აკადემიურ სივრცეში აქტიურად გადმოვინაცვლე. მანამდე დიდი გამოცდილება დამიგროვდა ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტში მიწვეულ ლექტორად მუშაობისას, სადაც 70-მდე სტუდენტის მენტორი ვიყავი. დღეს მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯში მოქმედი პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი ვარ: საბაკალავრო საფეხურზე მასობრივი კომუნიკაციის პროგრამა 2 წლის წინ შევქმენი ჩემს კოლეგასთან ერთად, ხოლო სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა უნივერსიტეტის ავტორიზაციის მინიჭების დღიდან ფუნქციონირებს და უკვე მეოთხე ნაკადი გვყავს“.
მაკო ყველა გამოწვევას ახალ შესაძლებლობად აღიქვამს, ასე იყო მაშინაც, როცა უნივერსიტეტის ავტორიზაციისთვის მზადებისას საკმაოდ დატვირთულ, შრომატევად და საპასუხისმგებლო საქმეში ჩაერთო. ამავდროულად, უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის წინადადებაც მიიღო. ეს ფაქტობრივად, მისთვის დებიუტი იყო, თუმცა როგორც აღნიშნავს, ახალ გზებზე ყოველთვის ეხმარება ინტუიცია და ღმერთიც მინიშნებას აძლევს, ვის ან რას დაეყრდნოს.
„ასე მოხდა მაშინაც, მოულოდნელად გამოჩნდა პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსი, სადაც აკადემიური პროგრამების შემუშავება და შემდგომი გაუმჯობესება შეგვასწავლეს. ეს ჩემთვის თვალსაჩინო დასტურია, რომ როცა რაიმეს გულით მოინდომებ, მის რეალიზებაში სამყარო გეხმარება.“
ამაში მაკო კიდევ უფრო დარწმუნდა ახალი პროფესიის შეძენის შემდეგ. 2020 წლიდან მისი კომპეტენციის ჩამონათვალს პოზიტიური ფსიქოკონსულტანტის სტატუსი დაემატა. ჩვენი რესპონდენტის განმარტებით, ფსიქოლოგიის ეს მიმართულება გვასწავლის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, მათ შორის, პრობლემაშიც მოვძებნოთ რაიმე სასარგებლო მარცვალი ჩვენი ცხოვრების დადებითი რაკურსით წარსამართად.
„საქმიან და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის გამყარება პოზიტიური ფსიქოთერაპიის კურსმა მასწავლა. მანამდე ისე თავდაუზოგავად ვმუშაობდი, რომ ხშირად შვებულების დროსაც არ ვისვენებდი. ასეთი მიდგომა, საბოლოო ჯამში, არ ამართლებს. დიდი ფიზიკური და ემოციური ენერგია იხარჯება, რომელსაც იმ წუთას ვერ გრძნობ, თუმცა მოგვიანებით, არანორმირებული რეჟიმის ნაყოფად იმკი, რომ ხარ გამოწურული ლიმონივით და გადაღლილობის გამო უხალისობა გეძალება. ახლა ბალანსის მოდელის გამოყენებით 24 საათს რაციონალურად ვანაწილებ, თვითგანვითარებას ფიზიკური ძალების აღდგენასაც ვუთმობ დროს, მეგობრებთან, შვილებსა თუ შვილიშვილებთან საურთიერთობოდაც ვიცლი და საქმეშიც იმატა ეფექტიანობამ“.
შრომისმოყვარეობა, კითხვა და მუდმივად ახალი მიგნებების კეთება ‒ ეს მაკო ჯაოშვილის უმთავრესი სახასიათო შტრიხებია. მისი წარმატების გზაც ამ ვექტორისკენ მიემართება.
„ჩემი ღირებულებები საქმისადმი ერთგულებას, სიახლისკენ სწრაფვასა და პასუხისმგებლობის გრძნობას ეფუძნება. აქვე განვმარტავ, რომ ადრე ზედმეტად პასუხისმგებლობიანი ვიყავი, უფრო სწორად, მოჭარბებულად მომთხოვნი საკუთარი თავისა თუ სხვების მიმართ და თვითკრიტიკულობაც გადამეტებული მქონდა. მას მერე, რაც უკეთ შევიცანი ჩემი პიროვნული თვისებები, თამასა დავწიე და დროთა განმავლობაში ყველაფერი დაბალანსდა. მთავარი მუდმივა უცვლელია: ყოველთვის ვაგებ პასუხს ჩემს სიტყვასა თუ ქმედებაზე და ამით მიღებულ შედეგზე“.
მაკო, როგორც ავტორი, წიგნის შექმნაზე მუშაობის პერიოდს კიდევ უფრო საინტერესო და მრავლისმომცველ მოგზაურობას უწოდებს. პროცესმა იმდენად გაიტაცა, რომ წერა დასრულებისთვის თითქოს არ ემეტებოდა. „ცხოვრება, როგორც პერფორმანსი“ ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული სტილისაა, სადაც ამბები ფილოსოფიურფსიქოლოგიურ ჭრილშია განხილული. წიგნი მოიცავს მაკოს მიერ ცხოვრების მანძილზე მიღებულ 7 გაკვეთილს და თვითშეცნობის 10 ბილიკს. მკითხველს ასევე სთავაზობს ე.წ. ჟურნალისტის როლში პიროვნულ ტრანსფორმაციაზე საუბარს სხვადასხვა სფეროში წარმატებულ რესპონდენტებთან და მათი მხრიდან გაზიარებულ 10 მოწოდებას პიროვნული ზრდის პროცესში უკეთესი არჩევანის გასაკეთებლად. „ასეთი წიგნი თავისთავად რჩევაა, უფრო სწორედ, რჩევების ნაკრები, მასში ერთგვარი მინიშნებაა, როგორ სწავლობ ცხოვრების გაკვეთილებით და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს სადღაც სხვაგან კი არ ხდება, არამედ აქვე, ჩვენ გვერდით. როცა კითხულობ შენნაირ გარემოში მყოფი შენივე თანამედროვე ადამიანის შესახებ ამბებს, უფრო ადვილად რწმუნდები, რომ ეს შენც შეგიძლია“, ‒ ასე შეაფასა მაკოს ნაშრომი გელა ჩარკვიანმა.
თავად ავტორი კი მოკრძალებულად ამბობს:
„შემოქმედებითი პროცესი საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენს ცხოვრებას სხვა პრიზმაში უყურებ. ფაქტობრივად, ჩემივე წიგნი გადაიქცა თვითმოტივაციის უშრეტ წყაროდ“.
მაკოს ცხოვრებისეულ პერფორმანსში ახალ წიგნებსა თუ პროექტებზე მუშაობა გრძელდება. უწყვეტი განათლების ფორმატში საკუთარი წვლილის შეტანას ის განახლებული ხედვით უკავშირებს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, ცვლილებების მართვისა და ლიდერობის კომპეტენციის განვითარებას.