მარიანა მორგოშია საქმიანობას 1990-იანი წლების ბოლოს, 18 წლის ასაკში იწყებს. ახლა ის ერთდროულად ორ ასოციაციაში საქმიანობს ‒ მარიანა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა და პარალელურად ახლადშექმნილ „საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციას“ ხელმძღვანელობს. პირველადი ჯანდაცვის სექტორი, საბანკო სფერო, სამშენებლო დარგი, სოფლის მეურნეობა ‒ ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიმართულებებისა, სადაც მარიანა მორგოშიამ კარიერული გზის მანძილზე საკუთარი სიტყვა უკვე თქვა. ჯერ კერძო სექტორი იყო, მერე სახელმწიფო სამსახური, ახლა ისევ კერძო სექტორი და ჯერ აქ ყოფნა მოსწონს, მაგრამ ცხადია, სამომავლოდ გამორიცხული არაფერია!
მისი ბიოგრაფიიდან საინტერესოა ის მონაკვეთიც, რომელიც მარიანას განათლებას ეხება. ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის პროექტების მართვის პროფესიული სამაგისტრო პროგრამის, კავკასიის ბიზნეს სკოლისა და ლონდონის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის მენეჯმენტის სკოლის კურსდამთავრებულია. ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უცხო ენებისა და თარჯიმნობის ბაკალავრი.
მარიანა პირველად საქმიანობას 1999 წელს ერთ-ერთ იმ კლინიკაში იწყებს, რომელიც პირველადი ჯანდაცვის პროექტში იყო ჩართული. პარალელურად, ბრიტანეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ მენეჯმენტის გადამზადების სამწლიან პრაქტიკულ კურსში ერთვება. შემდეგ თავად ხდება მენეჯერ-ტრენერი. დედაქალაქსა და რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის პროექტში ჩართული ობიექტების თანამშრომლებისთვის ლექციების კითხვას იწყებს, ეს უკვე ევროკავშირისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროექტი იყო.
2006 წელს ჯანდაცვიდან შორს, კომპანია „თბილისის წყალში“ მიდის, სადაც ადმინისტრირების სამსახურის უფროსად ინიშნება. მარიანა კომპანიაში მომსახურების გამარტივებისა და პროცესების ელექტრონული მართვის სისტემის დანერგვაზე მუშაობს. როცა „თბილისის წყალი“ გაიყიდა, ის ისევ ახალ სფეროში შედის ‒ მარიანა მორგოშიას კარიერაში ბანკი რესპუბლიკას დრო დგება.
2008-2011 წლებში ის „რესპუბლიკა ‒ Societe General Group“-ის პროექტების მენეჯერი იყო, სადაც საბანკო პროცესების/პროდუქტების ავტომატიზაციაზე და გაუმჯობესებაზე მუშაობდა. შემდეგ ისევ მორიგი გამოწვევა ‒ სამშენებლო დარგი. მარიანა 2011-2014 წლებში NCC-ის ადმინისტრაციული დირექტორის თანამდებობას იკავებდა, მის პროფესიულ გამოცდილებაშია ასსეკო ჯგუფი, იქ ადამიანური რესურსების მართვის პროცესების ავტომატიზაციის მიმართულებას ხელმძღვანელობდა.
„კერძო სექტორში ყოფნის პერიოდში ვფიქრობდი, რომ საჯარო სექტორში მუშაობას არ დავიწყებდი, თუმცა სხვანაირად მოხდა. საჯარო სექტორში ბიზნესის ხელშეწყობის უფრო მასშტაბური შესაძლებლობა მომეცა. კერძო სექტორი უფრო დინამიკურია, აქ შესაძლებელია გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, სწორედ ეს მაკლდა საჯარო სექტორში. ცხადია, სახელმწიფო სამსახურს თავისი მიმზიდველობა აქვს. აქ სწორმა და ძალიან პატარა ცვლილებამაც კი შეიძლება ისეთი მასშტაბური ეფექტი მოგცეს, რომ გინდა სულ ასეთ დიდ შედეგებზე გახვიდე“
საჯარო სექტორში პირველი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო იყო, სადაც ჯამში სამი წელი დირექტორად მუშაობდა. მის დროს იწყება მაგალითად, ისეთი პროექტი, როგორიც არის აგროდაზღვევა, ეს ის დროა, როცა ჩვენს ქვეყანაში აგროდაზღვევის კულტურა საერთოდ არ არსებობდა. მარიანას ხელმძღვანელობის დროს, სააგენტომ პროექტში ბაზარზე არსებული ყველა სადაზღვევო კომპანია ჩართო. შესაბამისად, პირველად იყო, რომ სტიქია მეურნეობებს ისე ვეღარ აშინებდა, როგორც ადრე. მარიანა მორგოშიას ხელმძღვანელობისას შეიქმნა პროექტი „დანერგე მომავალი“, ცვლილებები შევიდა არსებულ პროექტებში და გაჩნდა სხვა არაერთი. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო მისთვის დღემდე გამორჩეული სამსახურია.
„სააგენტოში განხორციელებული პროექტების შედეგი შენ თვალწინ დგება, ეს იქნება გაშენებული ბაღები, მოსავლის გადამუშავება, საერთაშორისო სერტიფიკატების აღება, ექსპორტი თუ ბაზარზე პოზიციონირება. სააგენტოს დირექტორის პოზიციიდან ყველა ამ პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული. საბოლოო ჯამში კი, დარგისთვის უმნიშვნელოვანესი შედეგები მივიღეთ“.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს და შესაბამისად, „აწარმოე საქართველოს“ დრო დგება. ეს 2017 წელს იყო. დღეს, როცა „აწარმოე საქართველოზე“ ვსაუბრობთ, მარიანა გვეუბნება, რომ სააგენტო ბიზნესის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, მარიანას მიაჩნია, რომ ამ სააგენტოს მხარდაჭერის გარეშე ბევრი ბიზნესი საერთოდ ვერ შეიქმნებოდა, ვერ შეიქმნებოდა კონკრეტული ქარხნები, რამაც გაზარდა წარმოება. სააგენტომ ხელი შეუწყო პროდუქციის ექსპორტს, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, დასაქმებას და შესაბამისად, წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკაში.
სამუშაო სფეროს იცვლის 2017 წელსაც, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი ხდება, სადაც მისი საქმიანობა სტანდარტების შემუშავებას, ციფრულ ტრანსფორმაციას და მასშტაბური ინფრასტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას უკავშირდებოდა.
2021 წლის ივნისში მარიანა მორგოშია ბიზნეს ასოციაციის გუნდს შეუერთდა. აქ ის ტურიზმის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის სექტორებს და წარმოების მიმართულებას ხელმძღვანელობს.
როცა ბიზნესის გამოწვევებზე საუბარს ვიწყებთ, ცხადია, პირველი, რასაც მარიანა ასახელებს პანდემიაა, ასეთია ახლა რეალობა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. კოვიდპანდემია და მისგან გამოწვეული არასტაბილური გარემო ქართულ და არა მხოლოდ ქართულ ბიზნესს განსაკუთრებით აწუხებს. მარიანა ამბობს, რომ პანდემიის პირობებში, ბიზნესოპერატორების ნაწილმა საქმიანობაც კი შეაჩერა. თუმცა, ახლა როგორც ბიზნესასოციაციის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რეგულაციების შემსუბუქებამ და ტურისტული ნაკადების შედარებით ზრდამ ეკონომიკური აქტივობის მატება გამოიწვია. მარიანა გვეუბნება, რომ კვლევების მიხედვით, ბიზნესი ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა არასტაბილურობა გამოწვევად რჩება, რაც ჩვენს შემთხვევაში ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე, საქონლის ფასებზე, ზოგადად, ვაჭრობაზე აისახება, რასაც საბოლოოდ იქამდე მივყავართ, რომ ბიზნესი გრძელვადიანი გეგმებისგან თავს იკავებს, შედეგად კი ეს ყველაფერი ახალ ინვესტიციებს აფერხებს.
რა არის მთავარი, რაც პოსტპანდემიურ გზაზე გვჭირდება? მარიანა მორგოშია ამბობს, რომ არსებულ რეალობაში მთავარი სოციალური პასუხისმგებლობაა.
„თუ სოციალურ პასუხისმგებლობას არ გავიაზრებთ, ძალიან გაგვიჭირდება აქედან გამოსვლა. უაღრესად სამწუხაროა, რომ ვირუსის გამო დღეში 100-მდე ადამიანს ვკარგავდით. ჯერ არავინ იცის როგორი იქნება პანდემიის შემდეგი ტალღა, ამიტომაც სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია ვაქცინაცია და რეგულაციების დაცვა“.
მარიანა მორგოშია ამბობს, რომ საქართველოში ჯერ ისევ მთავარ გამოწვევად რჩება კვალიფიციური პერსონალი და პროფესიული განათლების საკითხები.
„ამ პრობლემას ბიზნესის წარმომადგენლები მუდმივად აყენებენ. საბოლოო ჯამში კი მივდივართ იქამდე, რომ კვალიფიციური კადრების ნაკლებობა თითქმის ყველა სფეროში პრობლემაა. ჩემი აზრით, პროფესიული განათლების მიმართულებით, რეფორმაა გასატარებელი, მაგალითად, აღარ გვყავს აგრონომები, სულ რამდენიმეა და ეს რამდენიმე ადამიანი უამრავ პროექტშია ჩართული და მათი რესურსი ყველაფერს ვერ სწვდება, აუცილებელია, რომ პროფესიული განათლება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი გახდეს, აქ ინსტიტუციური მიდგომაა საჭირო“.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შემდეგ, „საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციაზე“ საუბარს ვიწყებთ, რომელიც დაახლოებით 1 წლის წინ შეიქმნა.
საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის მთავარი მიზანი სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, სახელმწიფო უწყებებში წევრი კომპანიების ინტერესების დაცვა და ლობირებაა. მარიანა მორგოშია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ასევე კომპანიების კავშირების გაღრმავება.
მარიანა ამბობს, რომ ის სხვა ასოციაციებისგან იმით განსხვავდება, რომ არ არის ღია ტიპის, უფრო ნიშურია და აქ გაწევრიანება მხოლოდ არსებული წევრების მიწვევით ხდება, ანუ ასოციაციაში ე.წ კლუბური სისტემაა. ამ ბიზნესგაერთიანებაში ახლა 5 წევრია, გაერთიანებულები არიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიც არიან: „ჰაიდელბერგცემენტი“, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, „ჯეოსთილი“, „კნაუფი“, „კაპაროლი“.
რა ადარდებს ქართულ ბიზნესს? თუ კოვიდპანდემიას ცოტა ხნით გვერდით გადავდებთ, გამოწვევებს შორისაა რეგულაციები, მათ შორის ისინიც, რომლის დანერგვის ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აქვს. როგორც მარიანა გვეუბნება, აქ მთავარი ვადებია, რაც ხშირ შემთხვევაში ბიზნესს წნეხად აწვება. მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორს მიაჩნია, რომ აუცილებელია რეგულაციებისთვის კომპანიების სათანადოდ მომზადება, მათი მოსაზრებების გაგება და რეგულაციების ზეგავლენის კვლევა.
„ვზრუნავთ ბიზნესის თითოეულ პრობლემაზე და ვცდილობთ, რომ საკითხები ადრესატამდე მაქსიმალურად მოკლე ვადაში მივიტანოთ, გავხსნათ დისკუსია, დავიწყოთ მსჯელობა, ჩავრთოთ პროცესში გადაწყვეტილების მიმღები მხარეები“.
ბუნებრივია ჩნდება კითხვა, სად ვართ ქართული წარმოების ინდუსტრიაში? მარიანა მორგოშია არ მალავს, რომ ჯამში მდგომარეობა არასახარბიელოა, თუმცა ბევრი გამოწვევის ფონზეც არის წარმოების დარგები, სადაც საქართველოში მომუშავე კომპანიები წამყვან პოზიციებს იკავებენ.
როცა ამდენ სფეროსა და კომპანიაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე გიმუშავია ეს ნიშნავს, რომ სასურველი კადრი ხარ, სასურველი ლიდერი. ამიტომაც შემდეგი, რასაც მარიანა მორგოშიას ვეკითხებით, მისი ხედვაა იმის თაობაზე, თუ რას მოაქვს წარმატება, გვაინტერესებს რას ეუბნება მას პირადი გამოცდილება.
„ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ამოცანების გადაჭრა და წარმატებული პროექტების განხორციელება ძლიერი გუნდის გარეშე ძალიან რთულია. ყოველ ახალ პოზიციაზე, ჩემი უპირველესი მიზანია განვითარებაზე ორიენტირებული, საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა. თითოეულ თანამშრომელს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის ჩართულია მნიშვნელოვან პროცესში და ემსახურება ერთ საერთო მიზანს“.
წარმატებულ მენეჯერს კრიტიკული აზრის მოსმენა და მიღება უნდა შეეძლოს, ესეც მარიანას ხედვაა. შეცდომად მიაჩნია ირგვლივ მხოლოდ ისეთი ადამიანების შემოკრება, რომლებიც ხელმძღვანელებს ყველაფერზე ტაშს უკრავენ.
და ბოლოს, ქალებისთვის სენსიტიური თემა ‒ პრობლემები გენდერული ნიშნით, თანაც მაშინ, როცა წამყვან პოზიციებზე ხშირად მამაკაცებით დომინირებულ გარემოში მუშაობ. ამ თემას ვეხებით და ჩვენ წინ სულ სხვა მარიანა ჩნდება, რომელიც კითხვაზე პასუხებს ისე გვიბრუნებს, რომ საკუთარ ემოციებს არ მალავს, არც იმას, რომ მართალია, ადრე, მაგრამ მაინც, ასეთი ტიპის პრობლემას თავადაც ბევრჯერ შეხვედრია. ამიტომაც ახლა სულ იბრძვის არსებული სტერეოტიპის წინააღმდეგ და სულ ამტკიცებს, რომ პროფესიონალიზმი გენდერული ნიშნით არ განისაზღვრება. აქ მთავარი მონდომება და ძალისხმევაა ‒ ეს მისი რეცეპტია.
„თავის დასამკვიდრებლად ქალებს უფრო დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, ვიდრე მამაკაცებს, რთულია დასაწყისი. მე თავად სულ ვცდილობ არსებული კლიშეების დამსხვრევას, ეს ხან მარტივად გამომდის, ხან რთულად. წლიდან წლამდე ვითარება ჩვენს ქვეყანაშიც იცვლება. ნელა, მაგრამ მსოფლიო ტენდენციას ჩვენც მივყვებით“.