სებ: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა, დეპოზიტები გაიზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ, 2020 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ინფორმაცია გამოაქვეყნა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 2020 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 1,93 მლნ ლარით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისთვის 34.49 მლრდ ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1,30%-ით, ანუ 191,06 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 0,98%-ით (192,99 მლნ ლარი) იკლო.

გაცემული სესხების მოცულობის შემცირების პარალელურად, წინა თვესთან შედარებით, 1,29%-ით (392,65 მლნ ლარი) გაიზარდა საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა და 30,93 მლრდ ლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ ივლისის თვესთან შედარებით, გაიზარდა ვადიანი დეპოზიტები, 4,04%-ით (563,69 მლნ ლარი), თუმცა მისგან განსხვავებით შემცირდა მოთხოვნამდე დეპოზიტები, შესაბამისად 1,03%-ით, ანუ 171,04 მლნ ლარით.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისთვის გაიზარდა მთლიანი სესხებისა და დეპოზიტების ლარიზაცია, შესაბამისად 0,56 და 1,06 პროცენტული პუნქტით. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში კი აშშ დოლარის წილმა 84,75%, ხოლო ევროს წილმა 13,85% შეადგინა.