თანასწორი და ინკლუზიური სამუშაო გარემო | როგორ შევცვალოთ ჩვენი მიდგომა

ნებისმიერი კომპანიისა თუ ორგანიზაციის მთავარი საყრდენი ძალა მისი თანამშრომელია. თანამშრომელი, რომელსაც უყვარს საქმე და მოცემულ გარემოში თავს კომფორტულად გრძნობს. თუკი მომუშავე პერსონალი ღირებულებებსა და შეხედულებებს კომპანიის მიმართულებასთან აიდენტიფიცირებს, თუკი ამ ორს შორის ურთიერთსასარგებლო დამოკიდებულება და ნდობაა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანიას გამართულად მუშაობისთვის მყარი წინაპირობა აქვს. თუმცა, ორგანიზაციულ დონეზე სიტუაციის საათივით მომართვა მარტივი დავალება ნამდვილად არ არის.

თანამშრომლის მაქსიმალური პროდუქტიულობისთვის საჭიროა სამუშაო გარემო ნაკლებ სტრესთან და ამავდროულად, მეტ შესაძლებლობებთან ასოცირდებოდეს. მრავალფეროვნება და ინკლუზიური გარემო ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც კომპანიის მმართველები წინა ათწლეულში ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. თუმცა, ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც მათ ამ კომპონენტებსა და ორგანიზაციის წარმატებით მუშაობას შორის დაინახეს, საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ამ მიმართულებას მეტი ყურადღება დათმობოდა.

Photo Credits to HR solution

ინკლუზიური სამუშაო გარემო არის სივრცე, რომელშიც თითოეული თანამშრომელი თავს გრძნობს დაფასებულად და, სადაც მის განსხვავებულობას ორგანიზაციულ კულტურასა თუ ბიზნეს სფეროში აღიარების მიღმა არ ტოვებენ. მრავალფეროვანი სამუშაო გარემო ხასიათდება პოზიტიური ქმედებით, სადაც უარყოფილია მიკერძოების, დისკრიმინაციის, არათანაბარი შესაძლებლობის ნებისმიერი გავლენა.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იქ, სადაც ინკლუზიური პოლიტიკა დაიგეგმა პროდუქტიულობისა და სარგებლის ალბათობა 62.6 პროცენტამდე, რეპუტაცია 57.8 პროცენტამდე, ხოლო, კრეატიულობა და ღიაობა თანამშრომლებში 59.1 პროცენტამდე გაიზარდა. ადამიანური რესურსების მართვის კომპანიების გამოცდილებებზე დაყრდნობით, ორგანიზაციებში, სადაც გენდერული მრავალფეროვნება მაღალ დონეზეა, ლიდერული უნარ-ჩვევების გამოყენების სიხშირე 1.7-ჯერ მეტია, მდგრადი განვითარება კი 1.4-ჯერ იმატებს. იქ, სადაც მრავალფეროვანი და ინკლუზიური გარემოს კულტურაა დანერგილი, თანამშრომლების კმაყოფილებისა და პასუხისმგებლობის დონეც იზრდება.

აუდიტორული კომპანია PwC-ის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში 40 ქვეყნიდან 3000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს ბიზნეს ლიდერებმა, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებმა და თავად თანამშრომლებმაც კი. მონაცემების მიხედვით, გამოკითხულთა 76% მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის დანერგვას ორგანიზაციის მთავარ ღირებულებად და პრიორიტეტად მიიჩნევს. ინკლუზიური პროგრამის მომხრეთა თქმით, ბაზარზე მომხმარებლების, თანამშრომლებისა და ინვესტორების მხრიდან იზრდება მოთხოვნა, რომ ორგანიზაციის საქმიანობა თანასწორობის პრინციპზე იყოს დამყარებული. შესაბამისად, ისინი ამ გადაწყვეტილებით, ფინანსური სარგებლისა და ინოვაციების გაზრდასაც ახერხებენ.

კომპენსაციის, დაქირავების, სამუშაოს შესრულებისა და დაწინაურების შესახებ მონაცემთა შეგროვება და ანალიზი არის ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული გზა, რომლის საშუალებითაც ორგანიზაციებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ ტენდენციებს, რომლებიც ინკლუზიურ კულტურას უთხრის ძირს. სამწუხაროდ, მონაცემების მიხედვით რესპოდენტთა ორმა მესამედმა აღნიშნა, რომ მათ ორგანიზაციებს ჯერ არ აქვთ მიღებული ეს პრაქტიკა და იქაც კი , სადაც მსგავსი კულტურა დანერგილია, თანამშრომლები ნაკლებ ინფორმირებულები იყვნენ ამის შესახებ.

Hr.research Institute-ის მიერ ჩატარებული უახლესი კვლევა რამდენიმე ტენდენციას ავლენს:

  • ორგანიზაციათა მხოლოდ 31% თვლის , რომ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიისკენ მიმართული ღონისძიებები ეფექტურია.
  • DEI (Diversity, Equity and Inclusion) პროგრამათა 59 პროცენტს ჯერ კიდევ ესაჭიროება დახვეწა.
  • თანამშრომელთა 35% ფიქრობს, რომ კომპანიაში ეთნიკურ/რასობრივი მრავალფეროვნების პრობლემაა, ხოლო 23% კი მმართველ პოზიციებზე ქალთა ქვოტის  სიმცირეზე ამახვილებს ყურადღებას.
  • ორგანიზაციათა 65% თვლის, რომ ბიზნეს სტრატეგიის დაგეგმვაში თანასწორობისა და ინკლუზიის პროგრამის გათვალისწინებას მნიშვნელოვანი როლი უკავია.
  • კომპანიათა მხოლოდ 42% სთავაზობს ყველა თანამშრომელს DEI მიმართულებით გადამზადებას.

როგორ ვაქციოთ ჩვენი სამუშაო გარემო თანასწორ და ინკლუზიურ სივრცედ?

პირველ რიგში, დაელაპარაკეთ მმართველ პოზიციებზე მყოფ ადამიანებს. აუხსენით მათ, რატომ არის ამ პროგრამის გათვალისწინება სწორი ნაბიჯი. თუკი ვერ მოიპოვებთ მათ თანხმობას, მაშინ გეგმის განხორციელება უფრო რთული იქნება.

მეორე, აუცილებლად აქციეთ მრავალფეროვანი გარემოს ჩამოყალიბება მთავარ ღირებულებად და პრიორიტეტად.

მესამე, ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს. სიტყვებს, რომლებსაც ყოველდღე ვიყენებთ, რეალური გავლენა აქვს ჩვენზე, ჩვენს კოლეგებსა და სამსახურში არსებულ ატმოსფეროზე. საჭირო სიტყვებს შეუძლიათ სისტემის ძალაუფლების შენარჩუნებაში დაგვეხმარონ, რაც თავისთავად ხელს უწყობს მრავალფეროვანი და მეგობრული გარემოს ჩამოყალიბებას. ეს კი განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვისაა ხელსაყრელი, რომლებიც გარკვეულ უმცირესობათა ჯგუფთან იდენტიფიცირდებიან. ჩვენ მიერ გამოყენებულ სასაუბრო ენას შეუძლია შეცვალოს სისტემური უთანასწორობის ციკლი, რომლის გაწყვეტაც საკმაოდ ძნელია.

მეოთხე, სცადეთ თანამშრომელთა შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად გარე აქტივობების რაოდენობის გაზრდა.

მეხუთე, დააფასეთ თითოეული ადამიანის შრომა და გაღებული ძალისხმევა.