გვანცა ჯიშკარიანმა Prince Claus Seed Awards 2021 მოიპოვა

პრინც კლაუსის პრემია ყოველწლიურად ხელოვნებისა და კულტურის სფეროში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის 100 ადამიანსა თუ ორგანიზაციას აჯილდოებს.

PH: Le 21ème
PH: Le 21ème

Prince Claus Seed Awards-ის გამარჯვებულები წელს 65 ქვეყნის 1500-ზე მეტ განმცხადებელს შორის შეირჩა და მეტწილად ფარავს მრავალფეროვნების, გენდერული თანასწორობის, რასობრივი სამართლიანობის, გამოხატვის თავისუფლებისა და კლიმატის ცვლილების ზემოქმედების მიმართულებებს. წელს გამოვლენილ 100 რჩეულს შორის კი ქართველი ხელოვანი, გვანცა ჯიშკარიანიც გვხვდება.

This means the world to me! – ასე გამოეხმაურა თავის გამარჯვებას არტისტი სოციალურ ქსელში.

“უბედნიერესი ვარ, როცა მახსენდება, რომ ასეთი პრიზი მერგო ასეთი ორგანიზაციისგან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემ შემთხვევაში – ადამიანის, რომელიც ხელოვნებაში ნაცნობობის თუ ვინმე ხელოვანი ახლობლის არმყოლეა, მშრომელთა ფენიდანაა. უსაზღვრო ინტერესით სიახლეებისადმი და უსაზღვრო ენთუზიაზმით ვიბრძვი უკეთესი სახელოვნებო სივრცისთვის – არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ სხვა ახალგაზრდა ხელოვანებისთვის. ამას ვაკეთებ ძალიან რთულ სიტუაციაში, სადაც ხშირად, სახელმწიფო დახმარების ნაცვლად, ხელსაც მიშლის.” – აღნიშნა გვანცამ Forbes Woman Georgia-სთან საუბრისას.

არტისტის თქმით, მზადაა სახელოვნებო ჯილდო საქართველოშიც დააწესოს და თანამოაზრეების გამოჩენის შემთხვევაში დაგროვილი გამოცდილებისა და უშრეტი ენთუზიაზმის დახმარებით ახალ გამოწვევებს გგაუმკლავდეს.

გვანცა ჯიშკარიანი, ძირითადად, ინსტალაციის, სკულპტურის მედიებს იყენებს. მან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ არაფორმალური სამაგისტრო პროგრამა გაიარა ინკლუზიურ მედიაციაში თანამედროვე ხელოვნების ცენტრში. 2017 წელს არტისტი დაჯილდოვდა წინანდლის პრემიით სახვით ხელოვნებაში. მისი ნამუშევრები ძირითადად იმ პარადოქსზეა, რომელიც თავს იჩენს მართებულისა და არამართებულის, ძველისა და ახლის, ხელოვნებისა და დიზაინის კონკრეტული მნიშვნელობების ძიებისას.

გვანცა დასახელებული იყო 2020 წლის Forbes 30 under 30 ჩამინათვალშიც.

The why not Gallery | ცოტათი ახლოს, ცოტათი შორს – ინტერვიუ გვანცა ჯიშკარიანსა და ელენე კაპანაძესთან, Forbes Woman Georgia-ს არქივიდან.