BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითისკენ გადაიხარა

BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში, ,,საქართველოს ბიზნეს ასოციაციის’’ გამოკითხული წევრების მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით გაუმჯობესებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ,,საქართველოს ბიზნეს ასოციაცია’’ ავრცელებს.

წყარო: საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

ორგანიზაციის ცნობით, BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმების სავარაუდო ცვლილებას გამოხატავს, 2020 წლის მეორე კვარტალის ბოლოს მიღებული ნეგატიური მაჩვენებლიდან, მესამე კვარტალში მცირედ დადებითისკენ გადაიხარა.

გარდა ამისა, კვლევით გამოვლინდა, რომ ასოციაციის წევრი გამოკითხული კომპანიების უმრავლესობა საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობის შეცვლას სამომავლოდ არ გეგმავს. კერძოდ, მათგან 82%-ზე მეტი 2020 წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებულთა რაოდენობის ცვლილებას არ აპირებს, 12% ამ მაჩვენებლის ზრდას, ხოლო დაახლოებით 5% თავიანთ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობის კლებას ვარაუდობს.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, დასაქმების ბარომეტრის, რომელიც BAG ინდექსის შემადგენელი ნაწილია, შეფასება წინ უსწრებდა Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის დრამატულ ზრდას და კომპანიების პასუხები  იმ დროისთვის, პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ ჩამოყალიბებულ მეტნაკლებად სტაბილურ ბიზნესგარემოს ასახავს.

კვლევის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიები შემდეგ 4 სექტორად იყოფა: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. ჩამოთვლილთაგან სამ (ვაჭრობის, მრეწველობისა და მშენებლობის) სექტორში კომპანიების უმეტესობა დასაქმების კლებას არ ელოდება. რაც შეეხება მომსახურების სექტორს, აქ დასაქმების ზრდის მოლოდინი კომპანიებს თითქმის არ აქვთ, რადგანაც პანდემიის ფონზე შექმნილმა ეკონომიკურმა ვითარებამ ყველაზე მეტად ამ სექტორს აზარალებს.

წყარო: საქართველოს ბიზნეს ასოციაცია