ქვეყნის სტრატეგიული ბიზნესების ახალი მხარდამჭერი თიბისიდან | ინტერვიუ სოფო ნიორაძესთან

სოფო ნიორაძე უკვე 14 წელია თიბისელია. ბანკს 21 წლის ასაკში, უმცროსი საკრედიტო ანალიტიკოსის როლით შეუერთდა. დღეს კი, თიბისის სტრატეგიული კორპორაციული კლიენტების მომსახურების მიმართულების ახალი დირექტორია. გუნდის 40-მდე წევრთან ერთად, ბანკის პარტნიორ 100-ზე მეტ მსხვილ ჰოლდინგს ემსახურება და 3 მილიარდიან სასესხო პორტფელს მართავს.

თიბისიში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობისას შესაძლებლობა ჰქონდა მრავალფეროვანი და საინტერესო პროექტები ემართა. ყველა ახალ როლს გამოწვევებთან ერთად, ახალი უნარები და გამოცდილება მოჰქონდა. მაგალითად, სექტორის უფროსის პოზიციაზე მუშაობისას კომპლექსური დაფინანსების სტრუქტურირებისა და სერვისების შეთავაზებით, პარტნიორებს მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებების განხორციელებაში შეუწყო ხელი. თიბისისა და გლობალური საკონსულტაციო კომპანიის – „მაკკენზის“ კომერციული ტრანსფორმაციის ერთობლივი პროექტი კი ღირებული საერთაშორისო გამოცდილება აღმოჩნდა მისთვის. პროექტის ფარგლებში, თიბისის კორპორაციული ბიზნესისთვის ანალიტიკისა და კლიენტის მართვის ციფრული პლატფორმა შეიქმნა. ბოლოს, როდესაც სტრატეგიული CFO-ს როლში სოფოს პასუხისმგებლობა კორპორაციული, საინვესტიციო საბანკო ბიზნესისა და დაგროვილი კაპიტალის მართვის დეპარტამენტის 450 მილიონ ლარზე მეტი მომგებიანობის მართვა, სტრატეგიის ჩამოყალიბება და განხორციელება იყო, როგორც თავად ამბობს, ბევრად უფრო ფართო პერსპექტივით დაინახა როგორ ოპერირებს საბანკო ბიზნესი.

ახლა ყველაზე დიდი გამოწვევაც და მიღწევაც ერთი აქვს: „მყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი 3 და 4 წლის. ამასთან, ძალიან აქტიური პროფესიული ცხოვრება მაქვს. დღეს ყველაზე მეტს იმაზე ვფიქრობ ეს ორი მოცემულობა ერთმანეთს ისე შევუთავსო, რომ ორივეს საკმარისი დრო და ენერგია დავუთმო“.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

14 წელი თიბისიში – დიდი დროა, არა?

როდესაც მუშაობას ვიწყებდი, გულწრფელად ვერ წარმოვიდგენდი, თუ რომელიმე ორგანიზაციაში 14 წელი ვიმუშავებდი. თუმცა, თიბისი დღეს და თიბისი 14 წლის წინ, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ბანკი გაიზარდა, ტრანსფორმირდა და დღეს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია ვართ. ამ წლების განმავლობაში, თიბისისთან ერთად ვითარდებოდა ქვეყნის ეკონომიკაც, რაშიც მჯერა, რომ ბანკის როლი ძალიან დიდია. როცა კორპორაციული საბანკო ბიზნესის გუნდს შევუერთდი, დეპარტამენტში სულ 40-მდე ადამიანი ვიყავით. დღეს კი, 300-ზე მეტნი ვართ. ბანკის განვითარებასთან ერთად, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და გამოცდილებაც იზრდებოდა. ბევრი გამოწვევაც იყო. მთავარია, რომ ჩემი საქმე არასოდეს ყოფილა რუტინული და ერთფეროვანი. ყოველთვის ჩნდებოდა ახალი შესაძლებლობები და მეც სიამოვნებით ვიყენებდი მათ.

რამდენიმე საინტერესო მიმართულება წამოჭერით. გავყვეთ თანმიმდევრობით. როცა თიბისიში მუშაობა დაიწყეთ, 21 წლის იყავით – კორპორაციული მიმართულების ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი. რას მიიჩნევთ მაშინდელი სოფოს ყველაზე დიდ წარმატებად?

ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი დამოუკიდებლად დამუშავებული და გაცემული პირველი სესხი იყო, რომელიც, მართალია, დღევანდელი გადმოსახედი_ დან – ძალიან მცირე და არამატერიალური თანხაა, მაგრამ მაშინ ნამდვილად საამაყო შედეგი იყო. მთავარია, რომ მენდვნენ და ეს ნდობა გავამართლე. ჩვენს გუნდში ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობის მიცემა და მათთვის ნდობის გამოცხადება მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

ნდობას ეფუძნება ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ურთიერთობაც, რომლის ფარგლებშიც, ამ 14 წლის მანძილზე, ბევრი ისეთი პროექტი განვახორციელეთ, რომლებმაც არა მხოლოდ 1 კონკრეტული კომპანიის წარმატებას, არამედ ჯამურად – მთელი ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას შეუწყვეს ხელი.

რადგან 14 წელი ახსენეთ, მაშინ ასე დაგისვამთ შემდეგ კითხვას: ამ 14 წლის მანძილზე, რომელ გამოწვევას გამოყოფდით?

თიბისის როლი დიდი ხანია გასცდა კლიენტებისთვის მხოლოდ საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებას. ბიზნესები ჩვენგან – მათი ფინანსური პარტნიორისგან, მოქნილობას და კონკრეტულ ვითარებაში, მათზე მორგებულ სწრაფ გადაწყვეტებს ელიან. ასეთი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება, როდესაც კომპანიას ფინანსური სირთულეები აქვს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამოვყოფდი სარეაბილიტაციო მიმართულებით მუშაობის პერიოდს, როდესაც კომპანიებს ფინანსური გამოწვევების დაძლევაში ვეხმარებოდი. კომპანიების დამფუძნებლებთან და მენეჯმენტთან ერთად ვადგენდით სამოქმედო გეგმებს და შემდგომ ერთობლივად ვმუშაობდით მათ განხორციელებაზე. ეს იყო ძალიან საინტერესო პროცესი – არაერთ კომპანიას არა მარტო გაჯანსაღებაში და კონკრეტული სირთულეების დაძლევაში დავეხმარეთ, არამედ განვითარების ახალი შესაძლებლობებიც დავანახეთ.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

რამდენად იყენებთ წარმატებების და გამოწვევების ამ გამოცდილებას უკვე ახალ როლში – რა ტიპის პასუხისმგებლობა გაკისრიათ და რა ტიპის გავლენის მოხდენას აპირებთ?

მსხვილი კომპანიების უმრავლესობა, რომლებთანაც ჩვენ ვმუშაობთ, უკვე აღარ სჯერდებიან ერთი მიმართულებით განვითარებას და დივერსიფიკაციის მიზნით, სხვადასხვა სექტორში შედიან. სწორედ ამიტომ, მათი ფინანსური პარტნიორისგან გრძელვადიან ხედვას და სხვადასხვა სექტორის სიღრმისეულ ცოდნას საჭიროებენ. სწორედ ასეთ ბიზნესებთან ერთად განავითარა თიბისიმ არაერთი ახალი პროექტი თუ აუთვისებელი ნიშა და სრულიად ახალი მიდგომები და სტანდარტები დანერგა. მნიშვნელოვანია, რომ ეს მემკვიდრეობა ღირსეულად გავაგრძელო და გუნდთან ერთად, პარტნიორი კომპანიებისა და ჰოლდინგების მხარდაჭერით, ჩვენი ქვეყნის ბიზნესგარემო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადო. ეს კომპანიები უბრალოდ ბანკის მსხვილ კლიენტებს არ წარმოადგენენ. მათი წარმატება ძალიან მასშტაბურია: ისინი ქმნიან ქვეყანაში ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს, ზრდიან ბაზარზე კვალიფიკაციას, შემოაქვთ ინოვაციური მიდგომები და საერთაშორისო სტანდარტები. ამიტომ, ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული, უმაღლესი ხარისხის საბანკო პროდუქტებისა თუ მომსახურების მიწოდებას სცდება და ჯამურად, ქვეყნის ბიზნესგარემოს განვითარებას ემსახურება.

გუნდზე აქცენტი მოხვდა ყურს. რას აფასებთ უფრო მეტად, როგორც მენეჯერი – ინდივიდუალურ თუ გუნდურ მუშაობას?

გუნდის გარეშე არ არსებობს წარმატება. 40-მდე ადამიანია ჩემს გუნდში და თითოეული ეს ადამიანია ჩვენი საერთო წარმატების საწინდარი. ნებისმიერი პროექტისა თუ წარმატების უკან, საერთო მიზნებისა და ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანები დგანან. ჩვენი საერთო მიზანი კი თითოეული ჩვენი პარტნიორი ბიზნესის გულშემატკივრობა და მათ განვითარებაზე ზრუნვაა.

როგორი მენეჯერი ხართ. თქვენი თანამშრომლებისთვის რა არის თქვენი, როგორც მენეჯერის ხელწერა?

ჩემ გვერდით, დღეს არაერთი ადამიანი დგამს თიბისიში თავის პირველ ნაბიჯებს – ისე, როგორც მე – 14 წლის წინ. მათ რომ ვუყურებ, ჩემი ისტორია მახსენდება და ზუსტად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია მათ ზუსტად ისეთი ნდობა და მხარდაჭერა გამოვუცხადო, როგორსაც მე ვგრძნობდი წლების წინ ჩემი ხელმძღვანელებისგან.

მნიშვნელოვანია, გუნდის ახალ წევრებს, სწორი მაგალითი მივცე. ისინი უნდა ხედავდნენ, რომ პირველ რიგში საკუთარი თავისგან ვითხოვ მაქსიმუმს და მხოლოდ შემდეგ – გუნდის წევრებისგან. ბუნებრივია, შემდეგ ეს განწყობა და საქმისადმი მიდგომა მათაც გადაეცემათ.

გუნდის თითოეულ წევრში ყველაზე მეტად გუნდურობას, გახსნილობასა და ახალი შესაძლებლობებისთვის მზადყოფნას ვაფასებ. ჩემი, როგორც ლიდერის პასუხისმგებლობაა, რომ თითოეულ ამ ადამიანს მათ ინტერესებსა და განვითარების საჭიროებებზე მორგებული შესაძლებლობების აღმოჩენაში დავეხმარო.

როგორც მენეჯერს, ქალთა გაძლიერების გჯერათ?

ბუნებრივია მჯერა, ვინაიდან იმ გუნდის წევრი ვარ, სადაც დასაქმებულების უმრავლესობა ქალები არიან. მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, თიბისიში მმართველ საბჭოსა და ლიდერულ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობა დაახლოებით 44%-ია. ამასთან, თიბისიში შუა რგოლის მენეჯერების 41% ქალები არიან, კონკრეტულად კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო ბიზნესში კი ეს მაჩვენებელი 70%-მდეა.

თიბისიში არსებული გარემო და კულტურა, ქალებს და კაცებს თანაბარ შანსს გვაძლევს, რომ საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით განვვითარდეთ და წარმატებას მივაღწიოთ. 14 წლის განმავლობაში, ჩემი კარიერის არც ერთ ეტაპზე, ჩემ მიმართ დამოკიდებულების, ასევე ჩემი არც ერთი წარმატების ან წარუმატებლობის განმსაზღვრელი არ ყოფილა ჩემი სქესი. მჯერა, რომ საბოლოოდ მხოლოდ ასეთი ჯანსაღი გარემო ქმნის თანასწორ შესაძლებლობებს.

რას ნიშნავს თქვენთვის წარმატება და რა არის საჭირო დღეს, ცხოვრების უკიდეგანოდ აჩქარებულ ტემპში, წარმატების მისაღწევად?

ვფიქრობ, თანამედროვე ადამიანი მაშინაა წარმატებული, როდესაც ოჯახზე და კარიერის განვითარებაზე ზრუნვა სწორად აქვს გადანაწილებული. წარმატებაა აკეთებდე ისეთ საქმეს, რომელიც გიყვარს, მუდმივად გქონდეს ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა და გყავდეს ბედნიერი ოჯახი.

რადგან თანამედროვე ცხოვრების ტემპი ასეთი ჩქარია და სტრესის დონეც – გაზრდილი, მიმაჩნია, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია ადაპტაციის, ახალ რეალობაზე ეფექტურად მორგებისა და სწორი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.

და ბოლოს, ჩემთვის წარმატებაა, როდესაც ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტისა თუ პროექტის სახით, იმ არაერთ ხელშესახებ შედეგს ვხედავ, რომლის უკანაც ვიცი, რომ ჩემი გუნდის თავდაუზოგავი ძალისხმევა დგას.

მთელი ამ ინტერვიუს განმავლობაში ყურადღებით გისმენთ და ისევ იმით მინდა, დავასრულოთ ჩვენი ინტერვიუ, რითაც დავიწყეთ – 14 წელი თიბისიში. მითხარით, რას ნიშნავს თქვენთვის თიბისელობა და დღეს ამით დაგემშვიდობებით…

თიბისელობა ნიშნავს, რომ შენზე ზრუნავენ და შენც ზრუნავ სხვებზე – გუნდის წევრებზე, გარე პარტნიორებზე თუ მომხმარებლებზე. სწორედ ზრუნვისა და მხარდაჭერის შედეგია, რომ უმცროსი ანალიტიკოსობიდან, დღეს აქ ვარ. და სწორედ ჩვენი ზრუნვისა და მხარდაჭერის შედეგია, რომ ქვეყანაში, სხვადასხვა სექტორში, ასობით წარმატებული ბიზნესი ოპერირებს. ჯამურად, თიბისელობა ნიშნავს, რომ წარმატების მონაწილე და შემოქმედი ხარ.