ნესტან ნიჟარაძე – ფოტოგრაფიის ენა

ფოტოგრაფია, როგორც იარაღი სოციალური და კულტურული ცვლილებებისთვის, როგორც პლატფორმა მწვავე და მტკივნეული თემების გასაშიშვლებლად.

ნესტან ნიჟარაძე, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის თანადამფუძნებელი და სამხატვრო დირექტორი, განათლებით ჟურნალისტია. შემდეგ პარიზის უნივერსიტეტის ინფორმაციის, კომუნიკაციისა და კინოფაკულტეტის მაგისტრატურა დაამთავრა. ის ამიერკავკასიასა და საქართველოში პირველი ფოტოფესტივალის დამფუძნებელია, რომელსაც წელს 10 წელი შეუსრულდა. გამოფენებს, საჯარო ლექციებსა და ფოტოგრაფიის ღამეს წლიდან წლამდე მოუთმენლად ელოდებიან ფოტომოყვარულები.

2006 წლიდან ნესტანი აქტიურად მუშაობს საქართველოში ფოტოგრაფიის განვითარების ხელშეწყობასა და უცხოეთში ქართული ფოტოგრაფიის პოპულარიზაციაზე. ის მრავალი ფოტოგამოფენის კურატორია. მისი იდეით შექმნილი თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი კი ერთერთი შთამბეჭდავი სივრცეა მათთვის, ვინც სამყაროსთან კომუნიკაციის მთავარ ენად ფოტოგრაფია აირჩია.

ჟურნალისტიკა რატომ აირჩიეთ?

წერა მიყვარდა და ეს იყო მთავარი მიზეზი, თუმცა მსახიობობაზე ვოცნებობდი და ახლაც გული მწყდება, რომ უარი ვთქვი, მეცადა. მახსოვს, სახლში მითხრეს, ჯობია კარგი ჟურნალისტი იყო, ვიდრე საშუალო მსახიობიო და გადავიფიქრე. რატომ ჩათვალეს, რომ მაინცდამაინც საშუალო მსახიობი ვიქნებოდი, არ ვიცი, იქნებ კარგი მსახიობი ვყოფილიყავი?!

უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, 1988 წელი იყო. 1 სექტემბერს მივედით ლექციაზე და 20 სექტემბრიდან მეც, როგორც ჩემი თანატოლების დიდი ნაწილი, პირველი კორპუსის კიბეებზე, მოვლენების ეპიცენტრში აღმოვჩნდი დემონსტრანტებთან ერთად. ეს იყო მღელვარების, პროტესტის, ეროვნული მოძრაობის დასაწყისი. წლები რომ გავიდა, მერე უფრო ცხადად გავაანალიზე, რომ ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემს პიროვნულ და პროფესიულ ფორმირებაზე, ‒ აი, ბეჭედს რომ გასვამს და ხვდები, რომ სხვანაირად ვერასდროს ვეღარ მოხდება; რომ რაც უნდა აკეთო, ის ყოველთვის იქნება დაკავშირებული ძალიან დიდთან და ეს დიდი, რა თქმა უნდა, არის სურვილი ‒ იმ საქმის, რომელსაც აკეთებ და გიყვარს, შენს საზოგადოებასა და ქვეყნას ემსახურო. ამ გამოცდილებამ განსაზღვრა პიროვნული კონტურების ჩამოყალიბება.

და პარიზში როდის და როგორ მოხვდით?

საფრანგეთთან სიყვარულის 24-წლიანი ისტორია მაკავშირებს, რომელიც 1995 წლის 3 იანვარს დაიწყო, როდესაც სრულიად ჩაბნელებული თბილისიდან გადანათებულ პარიზში მოვხვდი. მაშინ თბილისში 40 დღის განმავლობაში არ მოგვეწოდებოდა ელექტროენერგია, გამოირთო გაზი. იმ შემოდგომაზე, 1994 წლის ნოემბერში, თბილისისთვის უჩვეულო თოვლი მოვიდა, მინუს ათი გრადუსი იყო. ჩვენ მაშინ ახალგაზრდები ვიყავით, რაღაცნაირად გვახალისებდა კიდეც ეს ახალი გამოწვევები, არადა, პურს, პროდუქტებს ვეღარ ვყიდულობდით, ამიტომ პურს ვაცხობდი, მაგალითად, ბუხარში და ეს საშინლად მომწონდა. სანთლის შუქზე მეგობრების შეკრებებიც ძალიან რომანტიკული და ლამაზი იყო. ჯერ იმდენად გაზრდილები არ ვიყავით, რომ პასუხისმგებლობა ჩვენზე ყოფილიყო. თუმცა, არც მინდა წარმოვიდგინო იმ დროს ჩვენი მშობლები რას ფიქრობდნენ და რას გრძნობდნენ, როცა მათ ჰქონდათ პასუხისმგებლობა თავიანთ ოჯახებსა და შვილებზე. ჩვენ
ეს პასუხისმგებლობა არ გვამძიმებდა, ახალგაზრდული უდარდელობის პერიოდი იყო და, შესაბამისად, ეს საყოფაცხოვრებო კოლაფსი ძალიან საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა ჩვენთვის. მოკლედ, ასეთი თბილისიდან მივდიოდი. ყველა ჩემი მეგობარი მოვიდა გასაცილებლად, მეტიც, ჩემი მეგობრების მშობლებიც კი მოვიდნენ. მითოლოგურ წასვლას ჰგავდა, შეიძლება იმიტომ, რომ მე ვიყავი პირველი ჩემს მეგობრებში, რომელიც სასწავლად უცხოეთში წავიდა. თან პარიზში. რაღაცნაირი ლამაზი ისტორია იყო.

არადა, შემთხვევით მოხდა ეს ამბავი. სულ ვამბობ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ფრანგული ენისადმი სიყვარულმა და ინტერესმა განსაზღვრა. ვფიქრობ, რომ სინამდვილეში ადამიანს თავისუფლების მოსაპოვებლად სჭირდება ის, რომ ინტერესი ჰქონდეს. თუ ინტერესი გაქვს, ნებისმიერი შესაძლებლობების პირობებში შენ თვითონ განივითარებ იმას, რაც მართლა გინდა, გაინტერესებს.

ფრანგულის სწავლა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, კერძო პედაგოგთან ‒ ვალერი სახაროვთან დავიწყე, მანამდეც სულ მიზიდავდა ფრანგული ენა. იმ ჩაბნელებულ, ცივ თბილისში ფრანგულის კერძო გაკვეთილებზე დავდიოდი. საათობით ვისხედით, სიცივისგან ვკანკალებდი, მერე სამზარეულოში გავდიოდით, იქ ცხელი სუპით მიმასპინძლდებოდა ჩემი პედაგოგი და ისევ ცივ ოთახში ვბრუნდებოდით. სახლში, მეცადინეობის დროს, დედა მახურავდა თავის ქურთუკს, ხელთათმანები მეცვა და სანთლის შუქზე გაუთავებლად ვიმეორებდი ახალ სიტყვებს. ჩაბნელებულ, გაყინულ, სრულიად უიმედო, ახალი რეალობისგან გაოგნებულ თბილისში სულ სხვა სამყარო იხსნებოდა ჩემ წინ და ამ სამყაროსთან ბმა ჩნდებოდა.

მერე შემთხვევით მომეცა შესაძლებლობა საფრანგეთში ენის კურსებზე წავსულიყავი ‒ ალბათ, ყველაზე დიდი საჩუქარი იყო, რომელიც მშობლებმა გამიკეთეს. ძალიან უცნაური იყო პირველი შეგრძნებები. მახსოვს, პარიზში რომ ჩავფრინდი და ღამე აეროპორტიდან ქალაქში შემოვედით, ვიფიქრე, აქ ხომ ყოველთვის ვიყავი ‒ მეთქი. შეიძლება იგივეს გრძნობს ყველა, ვინც პარიზში პირველად ჩადის. არადა, მაშინ არც ისე კარგად ვფლობდი ფრანგულს, არ იყო მარტივი კომუნიკაცია ‒ ფრანგებს არ უყვართ სხვა ენაზე ლაპარაკი უცხოელებთან, მაგრამ ძალიან აფასებენ მათ, ვინც ფრანგულს ფლობს.

ძალიან მჯერა, რომ ცხოვრებაში ბევრ რამეს განსაზღვრავს ხოლმე გარდაუვალი შეხვედრები; ადამიანი, რომელიც შეგხვდება და გარკვეულ გეზს მისცემს ამბავს. აი, ასეთი ადამიანი შემხვდა, საოცარი ქალი, წარმოშობით ქართველი, ემიგრანტების შვილი, მხატვარი, ჟურნალისტი ივლიტა მუჯირი. ჩემი მეგობრის მამამ წერილი გამატანა თბილისიდან მასთან, თვითონაც არ იცნობდა პირადად, მაგრამ მითხრა, იქნებ რამეში დაგეხმაროსო. დავურეკე ივლიტას, ვუთხარი, წერილი მაქვს თქვენი ბიძაშვილისგან და გადმოგცემთმეთქი. მაშინვე დავმეგობრდით. მისი იდეა იყო, რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა. მას შემდეგ ვსწავლობდი, დროდადრო ჩამოვდიოდი, ისევ მივდიოდი. საბოლოოდ თბილისში სამი წლის წინ დავბრუნდი.

ფოტოგრაფიით როგორ დაინტერესდით?

ფოტოგრაფიით ჩემი დაინტერესება სწორედ პარიზის დამსახურებაა. იქ უნივერსიტეტში ძალიან კარგი ლექტორი გვყავდა ფოტოგრაფიაში. განათლების სისტემაც ისეთია, რომ კარს გიხსნიან და მერე რამდენად შორს მოგინდება წასვლა, შენზეა დამოკიდებული.

ზოგადად, ფოტოგრაფია თუ გაინტერსებს და ამ დროს პარიზში ცხოვრობ და სწავლობ, ჩათვალე, ეპიცენტრში ხარ. იქ ყველაფერი ფოტოგრაფიის ირგვლივ ტრიალებს, 25 წლის წინაც და ახლა ‒ მით უმეტეს. ამიტომ დავიწყე შესწავლა, ძიება, ფოტოგრაფებთან შეხვედრები ‒ ვკითხულობდი გაუთავებლად, დავდიოდი გამოფენებზე, ვსწავლობდი როგორ მოქმედებენ ინსტიტუციები. რა თქმა უნდა, დასაწყისში იყო პერიოდი, როდესაც სურვილი მქონდა, რომ ფოტოგრაფი გავმხდარიყავი, მაგრამ თუ ცხოვრება შეცდომებისა და გონივრული ნაბიჯების ერთგვარი თანმიმდევრობაა, აი, აქ გამიმართლა და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ჭკვიანური, რაც ცხოვრებაში გავაკეთე, ისაა, რომ არასდროს მიფიქრია სერიოზულად პროფესიონალ ფოტოგრაფობაზე. ფოტოგრაფია ჩემთვის გახდა ერთგვარი პლატფორმა, რომელიც მოქმედების, ქმედების სივრცეს მიქმნის და თან ისე, რომ არ მჭირდება ვიყო ფოტოგრაფი.

ძალიან მალე მივხვდი, რომ ისეთი ფოტოგრაფიის საკეთებლად, რაც მე მომწონდა, საჭიროა მთელი შენი ცხოვრება ამ საქმეზე გადააწყო. თან ყოველთვის დიდი ფოტოგრაფების სიახლოვეს ვიყავი, ვმეგობრობდი მათთან და ვხედავდი, რომ მათ თავი აბსოლუტურად მიძღვნილი ჰქონდათ საქმისთვის. მე ამის არც მზაობა მქონდა და არც პირობები. სტუდენტი ვიყავი და რაღაცნაირ სუროგატულ ვარიანტზე წასვლა აღარ მომინდა. სამაგიეროდ, ჩემთვის ძალიან კომფორტული და მისაღები აღმოჩნდა რეალობასთან გამოსახულების მეშვეობით ურთიერთობა. ამან გაცილებით მეტი რამ გახადა გასაგები. მივხვდი, რომ უნდა ვიყო ფოტოგრაფიაში, მაგრამ უნდა ვაკეთო რაღაც სხვა და ეს „რაღაც სხვა“ არ ითხოვს ჩემგან ფოტოგრაფობას.

როგორ გაჩნდა თბილისის ფოტოფესტივალის იდეა?

თბილისში რომ დავბრუნდი, ფოტოგრაფიაში არაფერი ხდებოდა. პირველი მცდელობები იყო გაგვეკეთებინა დიდი ღონისძიებები, გამოფენები და ა. შ. მერე მივხვდი, დრომ და გამოცდილებამაც მაჩვენა, რომ ფოტოგრაფიაში ჩემი საქმიანობა ჩემივე ინტერესის დაკმაყოფილების სივრცეც უნდა ყოფილიყო და, გარდა ამისა, ფოტოგრაფია როგორც იარაღი შემეძლო ძალიან საინტერესოდ და ეფექტიანად გამომეყენებინა. ეს მედიუმი რეალურად შეიძლება გახდეს იარაღი, როცა შენ იცი რა გავლენა შეიძლება მას ჰქონდეს დიდ პუბლიკაზე. სწავლობ და ხვდები, რომ ყველაზე მწვავე, ყველაზე მძაფრი, ყველაზე რთული, ყველაზე ტაბუირებული თემების ირგვლივ ამ მედიუმის საშუალებით დიდ პუბლიკასთან შეგიძლია კომუნიკაცია. თუმცა, ეს პუბლიკა მაშინ აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო იმისთვის, რომ ჩვენ ერთ დღეს ფოტოგრაფიის ენით უაღრესად მწვავე თემებზე ავლაპარაკებულიყავით.

2013 წლის 27 მაისს თბილისის ფოტოფესტივალის მეოთხე სეზონი გაიხსნა, სულ ათი დღე იყო გასული 17 მაისის „პოგრომის“ შემდეგ. პროგრამაში გავიტანეთ ისეთი თემები, როგორიცაა ქალების უფლებები, უმცირესობებისა და, მათ შორის, სექსუალური უმცირესობების უფლებები. თუმცა, ფაქტობრივად, ერთი წლით ადრე დავგეგმეთ პროგრამა. უბრალოდ, ვგრძნობდით, რომ ეს ის თემებია, რომლებიც მწვავე და აქტუალური იყო და არის ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს გახლდათ ერთ-ერთ ყველაზე თამამი პროგრამა
ფესტივალის არსებობის 10 წლის განმავლობაში. მაშინ გამოფენებზე სულ იმის მოლოდინი გვქონდა, რომ ვიღაც მოვიდოდა და დაარბევდა საგამოფენო სივრცეს, იმდენად თამამი და მწვავე იყო ის, რასაც ვაჩვენებდით და იმდენად დაზაფრული იყო საზოგადოება 17 მაისის მოვლენების შემდეგ. მაგრამ გამოსახულებას აქვს საოცარი უნარი, გაიძულოს შეხედო იმასაც კი, რისი დანახვაც არ გინდა. არადა, გამოსახულების მიღმა რეალობაა. გინდა, არ გინდა, დოკუმენტური ფოტო რეალობის ამსახველი გამოსახულებაა.

ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი რა მიზნით შეიქმნა?

ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაშიც ისაა, რომ თანამედროვე გამოსახულება სოციალური და კულტურული ცვლილებებისთვის გამოვიყენოთ. მუზეუმის პროექტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მისი შექმნა შესაძლებელი გახადა ძალიან კარგმა და სამაგალითო ტანდემმა, რომელმაც გააერთიანა შემოქმედებითი ჯგუფი, მძლავრი საერთაშორისო ორგანიზაცია და ადგილობრივი კერძო სექტორი. უფრო ზუსტად კი: მუზეუმი შეიქმნა ამიერკავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისთვის“ ფარგლებში; ხოლო სივრცე მუზეუმის განსათავსებლად პროექტს სასტუმროში „სტამბა“ „აჭარა ჯგუფმა“ გადასცა. „აჭარა ჯგუფმა“ ამ მხარდაჭერით, ვფიქრობ, წარმოუდგენლად დადებითი მაგალითი მისცა სხვა პოტენციურ დონორებს კერძო სექტორიდან, რომ მსგავსი პროექტებით დაინტერესდნენ. ასევე გვეხმარება საერთაშორისო ძალიან დიდი სააგენტო ‒ შვეიცარიის მხრიდან, რომელიც მოწოდებულია სოციალური ნიშნით მნიშვნელოვან პროექტებს დაუჭიროს მხარი. ჩვენი პროექტით უკვე დაინტერესდნენ სახელწიფო სტრუქტურები და პროექტი განვითარების ძალიან საინტერესო გზაზე დგას. მით უმეტეს, რომ მუზეუმის პროექტი სწორედ საზოგადოების განვითარების ხელშეწყობაზეა ორენტირებული.

არის თემატიკა, რომელიც უცვლელად აქტუალურია ამ წლების განმავლობაში?

ჩვენს შემთხვევაში საინტერესოა ისიც, რომ ჩვენ არა მხოლოდ საქართველოს ვფარავთ, ამიერკავკასიის მასშტაბითაც ძალიან აქტიურები ვართ. ახლახანს, მაგალითად, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გავაკეთეთ ძალიან დიდი, უმნიშვნელოვანესი მულტიმედიური გამოფენა, რომელმაც 25-მდე ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ფოტოგრაფი და არტისტი გააერთიანა. ეს იყო სამხრეთ კავკასიური თანამედროვე ფოტოგრაფიის გამოფენა, რომელიც თბილისის ფოტოფესტივალის ფარგლებში შედგა. ჩვენი მიზანი იმ თემების წინ წამოწევა იყო, რომლებიც რეგიონის მასშტაბით ყველაზე მწვავედ დგას. ჩვენ ხომ ფოტოგრაფიის საშუალებით ვეწევით სოციალური ნიადაგის მონიტორინგს და ეს თვალსაჩინოს ხდის იმ უცვლელი პრობლემური თემების აქტუალურობას, როგორიცაა რელიგიური, ეთნიკური თუ სექსუალური უმცირესობების პრობლემები. ასევე ქალების უფლებებისა და ქალებზე ძალადობის თემა, რაც, სამწუხაროდ, ისევ აქტუალურია.

რაში ხედავთ ქალების ძალას?

გარდა იმისა, რომ კაცობრიობის ისტორია ლაპარაკობს ქალების განსაკუთრებულ ძალაზე, მე ამ კითხვაზე ჩვენი ლოკალური ან რეგიონული ფოტოგრაფიის მაგალითზე გიპასუხებთ. ამიერკავკასიის სამივე ქვეყანაში ქალებს სხვადასხვა სიმწვავით, მაგრამ მაინც ჯერ კიდევ უწევთ თავიანთი ბაზისური უფლებებისთვის ბრძოლა. ამის ფონზე კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ სწორედ ქალები არიან ის ფოტოგრაფები თუ ფოტოჟურნალისტები, რომლებიც ყველაზე მწვავე თემატიკას ეჭიდებიან და ხშირ შემთხვევაში ურთულეს პირობებშიც მუშაობენ. რაც მთავარია, პატრიარქალურ, მასკულინურ საზოგადოებებში ქალისთვის ხელოვნურად შექმნილ, სუროგატულად გამოყვანილ „ფუნქციებში“ ფოტოგრაფია ჯერ კიდევ არაა მოაზრებული ამ სქესისთვის სასურველ პროფესიად. არადა, 21-ე საუკუნის დასაწყისიდან ახალგაზრდა, ძალიან ენერგიული და აქტიური ფოტოგრაფები ქმნიან ამ სფეროში ამინდს. და ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. მათ ხშირად
რისკის, შეურაცხყოფის, რთული სამუშაო პირობების მიუხედავად, აქვთ ძალა და უნარი ჩვენ, ყველას, გვაჩვენონ, სად არის ყველაზე მწვავე, ყველაზე რთული თემები და რეალობა სად პოულობს თავის ყველაზე დიდ გამწვავებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამის ცოდნა, ‒ ეს თუ არ გვეცოდინება, არ გვექნება შესაძლებლობა ძალისხმევა გამოვიჩინოთ სიტუაციის შესაცვლელად. და მერე უკვე შემოდის ფოტოგრაფია, როგორც იარაღი, რომელსაც ამ ცვლილებების ინიცირება შეუძლია.

რა არის ამ დიდი შრომის კომპენსაცია?

დამცინიან ხოლმე, ფესტივალის ყველა გამოშვების შემდეგ ვამბობ, რომ დამთავრდა, ეს არის ბოლო! მაგრამ ყველაფერი მავიწყდება, როცა ვუყურებ ჩვენს გუნდს და მათ შორის იმ ახალგაზრდებს, რომლებიც შემოგვიერთდნენ. თაობა, რომელიც თურმე გაზარდა ფესტივალმა. იმ მიზანს, რაც ჩავიფიქრეთ, რომ ფესტივალის მეშვეობით გახსნილობა შეგვექმნა, ‒ თურმე მივაღწიეთ. ეს იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ როდის, როგორ, სად და რატომ ჩატარდა გამოფენა. ამაზე როცა ვფიქრობ ხოლმე, მგონია, რომ ბევრი რამაა გამართლებული, ‒ სიმწარე, მართლა არაადამიანური შრომა.

კიდევ ერთი ამბავია, რომელიც ამ კომპენსაციის საკითხს ეპასუხება. წელს გახდა ხუთი წელი, რაც ჩვენი კოლეგა, ერაყელი ქურთი ფოტოგრაფი კამარან ნაჟმი ისლამური სახელწიფოს ტყვეობაშია. 2012 წელს კამარანი და მისი კოლეგები პირველი ერაყული ფოტოსააგენტო „მეტროგრაფიდან“ თბილისის ფოტოფესტივალის მესამე გამოშვების მონაწილეები იყვნენ. გასულ ზაფხულს, მისი ტყვედ ჩავარდნიდან ხუთი წლის თავზე, კამარანის მეგობრებმა ყველანაირი აუდიომასალა შეაგროვეს და დიდი დოკუმენტური რადიო ესსე მოამზადეს მის შესახებ, სადაც თავად კამარანიც ბევრ რამეს ჰყვება, მასზეც საუბრობენ და დოკუმენტურად აღდგენილია ის ბოლო ბრძოლაც, სადაც ფოტოგრაფი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჩავარდა ტყვედ. ჟურნალისტი, ვისთან ერთადაც ის მუშაობდა, თურმე იწერდა რაღაცებს. ძალიან ბევრი გულისამაჩუყებელი რამაა. მოკლედ, ვუსმენდი ამ რადიო ესსეს და უცებ მესმის ასეთი ჩანართი, ‒ თვითონ კამარანი ჰყვება, რომ 2012 წლის მაისში ის და მისი მეგობრები სრულიად შემთხვევით მოხვდნენ თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, და გადმოსცემს თავის შთაბეჭდილებებს, როგორი ლამაზია თბილისი, ქართველი ხალხი, როგორი ზღაპრულია ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც მათ თავიანთი სააგენტოს ნამუშევრების საერთაშორისო პუბლიკისთვის ჩვენების საშუალება პირველად მიეცათ. იქვე ამბობს, რომ ამ ფესტივალმა გაამართლა ყველა ის შეურაცხყოფა, რომელიც მან ფოტოგრაფის პროფესიის არჩევის დღიდან გადაიტანა. ჰყვება, როგორ ეჩხუბებოდა მამა, გვარცხვენ, რას ჰქვია, ფოტოგრაფი უნდა იყოო! ამბობს, ვერასდროს ვერავის ვუხსნიდი, რამდენად მნიშვნელოვანია ვიყო ფოტოგრაფი, რომ რაც ხდება, ის გადავიღოო. და ამბობს, ჩვენი ჩვენება შედგა, ეს კი იმის დამსახურებაა, რომ თბილისის ფოტოფესტივალმა დაგვპატიჟაო.

აი, ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს ფესტივალმა. სამყაროს იმ ნაწილში, რომელიც ინგრევა, იქცევა, სისხლიანი ომებისა და ბრძოლების ველია და რომელიც ასე იქნება, ალბათ, კიდევ დიდხანს, ‒ მეეჭვება ერაყმა სწრაფად მოახერხოს განვითარებულ ქვეყნად გადაქცევა, ‒ ადამიანების ჯგუფს სჯერა ფოტოგრაფიის ძალის და მათთვის ჩვენი ფესტივალი ხდება ის პლატფორმა, რომელიც ყველა წვალებას ამართლებს! აი, მაშინ ერთმნიშვნელოვნად ვთქვი, რომ მარტო ამისთვის მაინც ღირდა ეს ათი წელიწადი!

რომელია უფრო ფოტოგენური – თბილისი თუ პარიზი?

არაა მარტივი შეკითხვა, მაგრამ არის ერთი კანონზომიერება: ფოტოგრაფები, რომლებიც პარიზში ცხოვრობენ, თავიანთი ქალაქიდან შორს გარბიან იმისთვის, რომ რამის გადაღება შეძლონ. პარიზში საინტერესოს ვერაფერს ხედავენ, რაღაც სხვა უნდათ. ეს „რაღაც სხვა“ ძალიან ბევრია თბილისში. ზოგადად, საქართველოში. მე სულ მესმის არაქართველი ფოტოგრაფებისგან: რა ლამაზები არიან ქართველები, რა ლამაზია ქუჩა! ჩვენთვის კი იგივე ქუჩა მოსავლელია, არაა საკმარისად სუფთა. ვფიქრობ, თბილისში არაა გაპრიალებული ის ზედაპირი, რომელზეც ცვლილებების, დროის სვლის, რეალობისა და ისტორიის ანაბეჭდები ჯერ კიდევ ცოცხალია. ალბათ, ეს აინტერესებს იმას, ვინც აქ მოდის. ჩვენმა ფოტოგრაფებმა იციან თქმა, მე რომ ახლა იქ ვიყო, ისე მაგრად გადავიღებდიო, მაგრამ რეალურად ის გარემო, რომელიც ასე მრავალფეროვანი და შთამბეჭდავია ჩვენთან, თავისი დადებითითა და უარყოფითით, დიდ სიმდიდრეს ქმნის და საოცარი მასალაა. ამ მასალას გარედან მოსული, თუნდაც ძალიან საინტერესო, ფოტოგრაფი ისე სიღრმისეულად ვერ დაინახავს, როგორც ადგილობრივი პროფესიონალი. ქართველ ფოტოგრაფებს ვურჩევდი, ნახონ როგორი უზარმაზარი სკივრი აქვთ საგანძურით სავსე და რა მარტივად შეუძლიათ ამ მასალით ისარგებლონ.

ძალიან შორიდან მოდიან ფოტოგრაფები იმისთვის, რომ დააკვირდნენ ამ რეალობას. საფრანგეთშიც იგივეა მნიშვნელოვანი. ტრიუმფალური თაღი უკვე ათასგზის გადაღებულია და სავსეა მსოფლიო მისი გამოსახულებიანი ღია ბარათებით. რაც შეიძლება ასახო, ესაა ქვეყანაში მიმდინარე სოციალური ცვლილებები, რაც ძალიან რთული და კომპლექსური გადასაღებია.

იდეა, რომელის ერთგულიც იყავით და ხართ

პასუხისმგებლობა იმაზე, რომ რამე თუ არ მოგწონს, უნდა სცადო და გამოასწორო.

 

ავტორი: მაკა ცხვედიანი

ფოტო: ანა ბოკო