დეზინფორმაცია პროგრესისა და ინოვაციების პირისპირ

სტრატეგიული კომუნიკაციების როლის უკეთ აღსაწერად მუდმივად ერთ-ერთი ბიოგრაფიული მხატვრული ფილმის სცენა მახსენდება.

სეტ როგანის პერსონაჟი სტივ ვოზნიაკი, მაიკლ ფასბენდერის მიერ განსახიერებულ სტივ ჯობსს ეკითხება: „შენ არ შეგიძლია კოდის წერა, შენ არ ხარ ინჟინერი, არ ხარ არც დიზაინერი, უფრო მეტიც, ჩაქუჩის გამოყენებით ლურსმნის მიჭედებაც არ შეგიძლია… მიუხედავად ამისა, დღეში 10-ჯერ მაინც ვკითხულობ, რომ სტივ ჯობსი გენიოსია. როგორ ახერხებ ამას?

ამ კითხვაზე ჯობსი ვოზნიაკს უპასუხებს: „მე ორკესტრს ვხელმძღვანელობ…“

სტრატეგიული კომუნიკაციების პროფესიონალები არ უკრავენ პიანინოზე, ან ვიოლინოზე,  არამედ – ხელმძღვანელობენ ორკესტრს.

დღევანდელ კორპორაციულ სამყაროში სულ უფრო და უფრო ხშირად მოისმენთ სიტყვებს: „სტრატეგიული კომუნიკაციები“. რატომ გახდა ეს სიტყვები ტრენდული? რატომ  ახლა?

გასული ათწლეულების განმავლობაში ჩვენ დიდი ცვლილების მომსწრენი გავხდით. კლიმატური ცვლილება, გენდერის პოლიტიკა და დემოკრატიული მმართველობა – ეს მცირე ჩამონათვალია იმ მაგალითებისა, რომლებიც თვალნათლივ გვიჩვენებს, თუ როგორ იცვლებოდა და ფორმირდებოდა დისკურსი აღნიშნული თემების გარშემო. ეს ის ცვლილებებია, რომლებიც მხოლოდ კომუნიკაციების გონივრული ინსტრუმენტების გამოყენებით იქნა მიღწეული.

დღეს, ხელისუფლების წარმომადგენლები დიდ ენერგიასა და რესურსს ხარჯავენ, რათა ეფექტურად უპასუხონ ისეთ გლობალურ გამოწვევებს, რომლებმაც სოციალური წყობა შეცვალეს – იქნება ეს ცხელი კონფლიქტები, პოლიტიკური თუ კლიმატური ცვლილება. ამ საკითხებთან დაკავშირებული მესიჯების – სიტყვების, ვიზუალური გამოსახულების, ქმედებისა თუ უმოქმედობის – კონტროლი კი ჩვენ ირგვლივ არსებულ ტურბულენტურ გარემოში დღითიდღე რთულდება… ამ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში წინა პლანზე „კომუნიკაციების პროფესიონალები“ გამოდიან.

სანამ მსჯელობას გავაგრძელებთ, ალბათ სჯობს „კომუნიკაციების“ ოპერაციულ განმარტებაზე შევჯერდეთ – რას ნიშნავს „კომუნიკაციები“, ზმნაა თუ არსებითი სახელი?

ჩემთვის „კომუნიკაციები“ ერთგვარი სივრცეა, რომელშიც ადამიანები ურთიერთობენ და ზემოქმედებენ ერთმანეთის ქცევასა და აზროვნებაზე.

„კომუნიკაციებზე“ ფიქრისას პირველი, რაც მახსენდება ყველასათვის ცნობილი უძველესი მითია ბაბილონის გოდოლის შესახებ. მითის თანახმად, ადამიანებმა ღვთის ნების საწინააღმდეგოდ განიზრახეს მოქმედება. ამ განზრახვის საპირისპიროდ ღმერთმა ადამიანები სხვადასხვა ენაზე აალაპარაკა, მათ არ ესმოდათ ერთმანეთის და მთელი დედამიწის გარშემო მიმოიფანტნენ. შედეგად, მშენებლებს შორის კომუნიკაციაში პრობლემები წარმოიქმნა, გაუგებრობის გამო კი კოშკის მშენებლობა შეჩერდა. ეს ალბათ პირველი წერილობითი წყაროა, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციების ნაკლებობით გამოწვეულ პირველ მარცხს ასახავს. გაკვეთილი, რომელიც ამ მითიდან შეგვიძლია ვისწავლოთ, არის ის, რომ ჩვენ შეიძლება გვქონდეს დეტალური გეგმა და რესურსები იმისათვის, რომ მივაღწიოთ დასახულ მიზნებს, თუმცა, ეფექტური კომუნიკაციის გარეშე ის კრახისთვის არის განწირული.

დღევანდელ სამყაროში თანამედროვე კომუნიკაციების სფეროს ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. ტექნოლოგიები, რომელმაც სრულად შეცვალა დრო და  სივრცე. ტექნოლოგიების მეშვეობით ინფორმაცია დედამიწის გარშემო სულ რამდენიმე წამში შეფერხების გარეშე ვრცელდება და შესაძლებელია საერთაშორისო განხილვის თემადაც ძალიან სწრაფად იქცეს.

თუმცა, ყველაფერი ისევე მარტივად არ არის, როგორც ინტერნეტ ბრაუზერის ერთი დაწკაპუნებით გახსნაა. ინტერნეტსივრცე საკუთარ თავში საფრთხესაც შეიცავს, რადგან სულ რამდენიმე წამია საჭირო არასწორი ინფორმაციის გასავრცელებლად და საზოგადოებაში პოლარიზაციის გასაღრმავებლად.

ყველანი ვამჩნევთ, რომ ინტერნეტის როლის ზრდასთან ერთად გაიზარდა „ფეიკ“ ნიუსების გავლენაც და „სიმართლე“, თუ გსურთ მას „ჭეშმარიტება“ ვუწოდოთ, საფრთხის ქვეშ ხშირად ექცევა.

ჩვენ, ადამიანები, დეზინფორმაციასა და არასწორ ინფორმაციას ხშირად ისეთ ფენომენად აღვიქვამთ, რომელიც მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში არსებობს და ვფიქრობთ, რომ ეს კონსპირაციული თეორიები რეალურ ცხოვრებაზე ნაკლებად ახდენს ზეგავლენას. მიზეზი მარტივია – ჩვენ „ცრუ ამბებს“ უფრო მეტად „ციფრულ“ საფრთხეებად აღვიქვამთ და სათანადოდ ვერ ვაფასებთ იმ ზიანს, რომლის მოტანაც მათ რეალური სამყაროსთვის შეუძლიათ.

„ცრუ ინფორმაციას“ დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანების ქცევასა და მათ მიერ ინფორმაციის აღქმის პროცესზე. საუკეთესო შემთხვევაში, ის საზოგადოებაში მხოლოდ დაბნეულობას იწვევს. თუმცა, ხშირად დეზინფორმაცია ადამიანების მიერ მეცნიერების, ფაქტებისა და ექსპერტების მოსაზრებების მიმართ ნდობას აქვეითებს, რაც ინდივიდების მიერ არარაციონალური გადაწყვეტილებების მიღებას განაპირობებს.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტისა და ბიზნეს სკოლის კვლევითი ლაბორატორიის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, იმისათვის რომ სიმართლემ 1,500 ადამიანს მიაღწიოს,  მას ექვსჯერ უფრო მეტი დრო ესაჭიროება, ვიდრე „ფეიკ“ ამბავს.

სწორედ ყალბი ამბების გავრცელების სწრაფი ტემპის შედეგად იზრდება მედია პოლარიზაცია, რომლის გაღრმავებას ხელს უწყობს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური თუ სოციალური ცვლილებები და, რაც მთავარია, COVID-19-ის პანდემია.

შედეგად, მოსახლეობამ არ იცის, სად ეძიოს სიმართლე. ყალბი ამბებით გამოწვეული დაბნეულობა ადამიანების მხრიდან მეცნიერების, ფაქტებისა და ექსპერტების მოსაზრებების მიმართ უნდობლობას იწვევს, რაც საბოლოოდ მათ გადაწყვეტილებებზე აისახება და ხშირ შემთხვევაში, ნეგატიური შედეგების მომტანი ხდება არა მხოლოდ ინდივიდებისთვის, არამედ სოციუმისთვისაც.

უნდობლობა ხშირია ინოვაციების, განსაკუთრებით კი თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის როლის მიმართ. დღეს ჩვენ დეზინფორმაციის ნეგატიური შედეგების შეფასება თვალნათლივ შეგვიძლია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე თამბაქოს ინდუსტრიას ეხება. „ცრუ ინფორმაცია“ ხელს უწყობს საზოგადოებაში თამბაქოს ინდუსტრიის მიმართ უნდობლობის გაღრმავებას, რაც თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში საზოგადოების მხრიდან თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მიმღებლობაზე უარყოფითად აისახება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყალბი ამბები ახალი ცნება არ არის. ის კაცობრიობის მუდმივი თანამგზავრია და ამაზე ჩვენი გამოცდილებაც მეტყველებს. ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვქონია შემთხვევა, როდესაც ცრუ ინფორმაციის გავლენის შედეგად ჩვენს გადაწყვეტილებასა თუ შეხედულებებში დავეჭვებულვართ და კითხვის ნიშნის ქვეშ დაგვიყენებია საკუთარი დამოკიდებულებები. სწორედ ეს დაეჭვება არის ნდობის ეროზია, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის საფრთხის შემცველია. სასწორის პინაზე კი შესაძლოა საზოგადოებრივი კეთილდღეობა იდოს.

დღეს დეზინფორმაცია მნიშვნელოვნად აფერხებს პროგრესს და ჩვენ, როგორც საზოგადოებას, რეგრესისკენ გვიბიძგებს. მცდარი ინფორმაციის გლობალურ „პანდემიასთან“ გამკლავება კი მხოლოდ მედიის მიერ გამოვლენილი სიმართლისა და სიყალბის გამოვლენის სურვილით არის შესაძლებელი.

იმ შემთხვევაში, თუ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველი მეცნიერული მტკიცებულებები და ფაქტები გახდება, მაშინ დეზინფორმაციის უარყოფითი ზეგავლენის შემცირება და სამეცნიერო მიგნებებისა და მიღწევებისადმი ნდობის ეროზიის შეჩერება შესაძლებელი გახდება.

მჯერა, რომ ინფორმაციის გავრცელების ინოვაციური ტექნოლოგიები შესაძლებლობას გვაძლევს უკეთესობისკენ შევცვალოთ სამყარო. თუმცა, ამ ტრანსფორმაციას დეზინფორმაცია აფერხებს. „ცრუ ინფორმაციასთან“ ბრძოლით და მეცნიერულად დადასტურებულ ფაქტებზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ პროგრესს და მივაღწიოთ უფრო მეტს, უფრო სწრაფად.

 

ავტორი: მარიამ ხოხობაია

„ფილიპ მორის საქართველო“-ს კომუნიკაციების ხელმძღვანელი