დააჩქარე ცვლილებები!

„Be the Change you wish to see in the world!“
მაჰათმა განდი

ვიწყებ ჩამოთვლას: „ბაბალე“, „იკორთა“, „ეთნოდიზაინი“, „კოდალა“, „ნუკრიანის სახელოსნო“, „მზიურის კაფე“… უკვე მოდის შთაგონება და წერას ვიწყებ…

„იკორთა“ – სოციალური საწარმოა, რომელიც წეროვანის დასახლებაში დევნილ ქალებს ასაქმებს და მინანქრის ტექნიკით ულამაზეს სამკაულებს აწარმოებს.

„ბაბალეში“ ისეთივე თბილი გარემოა, როგორიც სიტყვის გაგონებისთანავე წარმოგიდგებათ, სლოგანიც ასეთივე აქვს „მთელი გულით“, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ახალგაზრდები არიან და ჩვენთვის ულამაზეს სათამაშოებსა და ხის მასალისგან დამზადებულ სუვენირებს ქმნიან.

„კოდალა“ – როგორც ხის ოსტატი, აქაც ხესთანაა დაკავშირებული, ბავშვებისთვის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს ამზადებს.

„ეთნოდიზაინი“ – კონცეპტუალური მაღაზია, რომელიც აერთიანებს მთელ საქართველოს და ორიგინალური, კრეატიული ფორმებითა და ტრადიციული ხერხებით დამზადებულ აქსესუარებსა და სუვენირებს გვთავაზობს.

ჩემი ბლოგი დღეს სოციალურ მეწარმეობაზე და სოციალურ საწარმოებზეა… საწარმოების და მეწარმეების… საწარმოების ისტორია თავად დამფუძნებლების გარეშე ვერ დაიწერება.

და მაინც რა არის სოციალური მეწარმეობა?

განმარტება ასეთია – სოციალური საწარმო ეს არის ბიზნესი… რომელიც ცდილობს, განავითაროს ბიზნესმიდგომა, რის საშუალებითაც დაეხმარება სოციალური, კულტურული და გარემოს დაცვითი საკითხების გადაჭრას. მას აქვს სოციალური მისია და იყენებს ბიზნესის მიდგომებს საზოგადოებრივი პრობლემების მოსაგვარებლად. განსხვავებით ჩვეულებრივი, მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული კომპანიისგან, სოციალურ საწარმოს აქვს ორმაგი მიზანი: ეკონომიკური და სოციალური, აქედან უმთავრესი, სოციალურია. ეკონომიკური მიზანი მხოლოდ საშუალებაა, მეორე უფრო მნიშვნელოვანი – სოციალური მიზნის მისაღწევად და წარმატებაც არ იზომება მხოლოდ ციფრებით, არამედ იმ ზეგავლენით, რასაც საწარმო ახდენს სოციალური კუთხით.

სინამდვილეში ასეა – არიან ადამიანები, ვინც თავისი დროის უდიდეს ნაწილს სხვადასხვა ჯგუფებისთვის ახალი, საინტერესო და სრულიად წარმოუდგენელი მომავლის შენებაში ხარჯავს. ქმნის გარემოს, წერს პროექტებს, ცდილობს მარკეტინგული გამოწვევები მიიღოს მხოლოდ იმისთვის, რომ შექმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი, დაიცვას გარემო, მიაწოდოს განათლება ისეთ ადგილას, სადაც ადრე წარმოუდგენელი იყო… აიღოს ბიზნეს რისკები თავის თავზე და ხშირად ბევრი უძილო ღამეც გაატაროს. სწორედ ამით განსხვავდება სოციალური მეწარმეობა ჩვეულებრივი ბიზნეს საქმიანობისგან.

კიდევ ერთი განსხვავება ბიზნესსა და სოციალურ მეწარმეობას შორის არის ხმის უფლება, დამოუკიდებლად იმისა, რა წილის მფლობელია დამფუძნებელი. თავად სოციალური საწარმოს საქმიანობის სპექტრი მრავალფეროვანია, დაწყებული მომსახურების სფეროდან დამთავრებული გარემოს დაცვითი საწარმოებით.

პირველად სოციალურ საწარმოებთან შეხება 2016 წელს მქონდა, როცა მუშაობა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში დავიწყე. მაშინ ვფიქრობდით, რომ ბიზნეს სექტორის ყურადღება სოციალური საწარმოებისკენ მოგვემართა და ამისთვის, პირველი B2B გამოფენისთვის მზადება დავიწყეთ. ბიზნესისა და სოციალური საწარმოების თანამშრომლობა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ქველმოქმედებით და ერთჯერადი შესყიდვით. ჯანსაღი ურთიერთობა გულისხმობს ორ კომპანიას შორის თანაბარ პასუხისმგებლობაზე დამყარებულ საქმიან ურთიერთობებს. პირველმა გამოფენამ თავის შედეგი გამოიღო და თანამშრომლობის პირველი ძაფებიც გაიბა. B2B გამოფენა 2017 და 2018 წლებში მოეწყო. ერთი წლის განმავლობაში ზრდა როგორც მონაწილეების მხრიდან დაფიქსირდა (2017 წელს – 21 საწარმო იღებდა მონაწილეობას გამოფენაში, ხოლო 2018 წელს – 42), ასევე გაიზარდა ბიზნესის მხრიდან დაინტერესებაც და მხარდაჭერაც, რომელიც ხშირად ციფრებზე უფრო მეტის მთქმელია.

ჩემთვის მეორე გამოწვევა გააზრება იყო – სანამ კარგად გავერკვეოდი საკითხში, ბუნდოვანი იყო განსხვავება პასუხისმგებელ ბიზნეს კომპანიასა და სოციალურ საწარმოს შორის. თქვენც, საქმე რომ გაგიადვილოთ, ამიტომ აქვე მოვყვეთ, რა განსხვავებაა მათ შორის – ორივე მიმართულება ბიზნესის კეთების განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს, თუმცა, კორპორატიული სოციალური პასუხიმგებლობა CSR-ი ბიზნეს კორპორაციების მხრიდან გარემოსა და საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობით მოკიდებას გულისხმობს და მისთვის უმთავრესი, მაინც კომერციული მიზნებია, თუმცა საქმიანობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უდგება. სოციალური საწარმო კი კონკრეტული სოციალური პრობლემის მოსაგვარებლადაა შექმნილი, რომელსაც ბიზნეს საქმიანობის საშუალებით ახერხებს.

როდესაც ანა გოგუაძე (ახალი მზიურის დამფუძნებელი) მზიურის გამოცოცხლებისთვის იბრძოდა (ბრძოლა ახლაც გრძელდება და ეს საქმიანობის თანმდევი პროცესია და არა საბოლოო მიზანი), ძალიან ბევრი რამ სცადა, ყოველწლიური ფესტივალები, გამოფენები და კონცერტების მთელი ციკლი. თუმცა, საუკეთესო გადაწყვეტილება მაინც სოციალური კაფეს დაფუძნება აღმოჩნდა. კაფე შუაგულ მზიურშია და წმინდა ბიზნესის კუთხით სულაც არ არის დიდი შემოსავლების მომტანი. თუმცა, სოციალური გავლენა დიდია. ეს იქცა ადგილად, სადაც მშობლები შვილებს უშიშრად ასეირნებენ, სადაც ახალგაზრდები კინო ჩვენებას ესწრებიან, ერთმანეთს ჭიქა ყავაზე ხვდებიან (ყავა, მართლაც საუკეთესო აქვთ) და სადაც იცი, რომ ყოველთვის საინტერესო და სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ. ასე რომ, ანას ახლა ორმაგი მისია აქვს შესასრულებელი, წარმატებული ბიზნესი აწარმოოს და, ამავდროულად, რაც ყველაზე მთავარია, მზიურს მოუაროს. სარგებელს კი მთელი ქალაქი ნახულობს.

ასევე, მთელი საქართველო ნახულობს სარგებელს სოც. საწარმო „ჩირდილით“, როცა ნინო არაბულმა ხევსურეთში კემპინგის სივრცე შექმნა, მიზნად ადგილობრივი თემის გაძლიერება და მათი დასაქმება დაისახა; ახალა ყველა მსურველს თამამად შეუძლია ხევსურეთის მონახულება. ადგილზე კი სრულყოფილი სერვისი დახვდება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 80-ზე მეტი მოქმედი სოციალური საწარმოა, მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და ცნებაც ნელ-ნელა პოპულარული ხდება: დღეს სოციალურ საწარმოებს საქართველოში კანონით განსაზღვრული არანაირი სტატუსი არ გააჩნიათ.

ბოლოს კი, ისევ მაჰათმა განდის სიტყვებით მინდა დავამთავრო – „თავად გახდი ის ცვლილება, რომელიც გინდა მსოფლიოში დაინახო“

შენ, ვინც კითხულობ, შეგიძლია განვითარების თანამონაწილე გახდე, მხარი დაუჭირე კამპანიას „დააჩქარე ცვლილებები!“

 

ავტორი: ნათია მეტრეველი