მეცნიერება და ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის ‒ ინტერსექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები

გასული ათწლეული მნიშვნელოვანი გარდამტეხი წერტილი იყო ბიზნესისა და მეცნიერების თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით – გლობალური კომპანიები ღიად აღიარებენ იმ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ექსპერტიზას, რომელიც კვლევით დაწესებულებებსა და უმაღლეს სასწავლებლებშია კონცენტრირებული, შესაბამისად, ბიზნესი ცდილობს ნაყოფიერი თანამშრომლობის დახმარებით სამეცნიერო სექტორში ჩამოყალიბებული იდეები თუ ინოვაციები სწრაფად აქციოს პროდუქტად, საკუთარი ეკონომიკური საქმიანობა კი უფრო სრულყოფილი და მდგრადი გახადოს. ეს თავისთავად სასარგებლოა მეცნიერებისთვის ‒ ხელს უწყობს მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვას, კვლევის მასშტაბურობასა და თავად სფეროს პრესტიჟულობის ზრდას.

ამგვარი თანამშრომლობის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. ქვეყნის მომავალი ეკონომიკური პროგრესი მეტწილად სწორედ იმგვარ ინოვაციებსა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას დაეფუძნება, რომლებიც გაზრდის ბიზნესის წარმადობას, გააუმჯობესებს პროდუქტების ხარისხს და შეამცირებს დანახარჯებსა და გავლენას გარემოზე.

სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება ევროკავშირის დაძმობილების პროექტი „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“.

Forbes Woman პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე, ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გუნდსა და პროექტის რეზიდენტ მრჩეველს ესაუბრა.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

დღეს საქართველოში მეცნიერების ძირითადი სპონსორი რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდია. რა ძირითად პროგრამებს და ინსტრუმენტებს სთავაზობთ მკვლევრებს და ზოგადად, რამდენად ძლიერია დღეს კავშირი ინდუსტრიასა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუციებს შორის?

ქეთევან გაბიტაშვილი, სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი – ჩვენთან მეცნიერებაში ინვესტირების ორი ნაკადი არსებობს: საბაზისო და კონკურენციაზე დაფუძნებული. საგრანტო კონკურსების გზით კონკურენტუნარიანი სამეცნიერო პროექტების გამოვლენასა და დაფინანსებაზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი მუშაობს. 2021-2022 წლებისათვის ფონდის მიერ გრანტების სახით გაცემული ინვესტიცია შეადგენს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0.055%-ს. ეს ძალიან ცოტაა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. მიუხედავად ამისა, ქართული მეცნიერების პოტენციალი მაღალია.

ფონდში 30-მდე საგრანტო დაფინანსების სქემაა შემუშავებული და ყოველწლიურად 15-მდე კონკურსს ვუწევთ ადმინისტრირებას. თუკი დეტალურად განვიხილავთ, ფონდი აფინანსებს კვლევას, კვლევისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვას, მკვლევართა კარიერულ განვითარებას, ცოდნის ცირკულაციასა და ცოდნის გავრცელებას. ტექნოლოგიების ტრანსფერის ვექტორის მიხედვით კი ფონდი ინვესტიციას ახორციელებს სამეცნიერო ჰიპოთეზისა და ახალი მიგნების გამოყენებადობის შესწავლაში.

დღეისათვის ფონდი ქართული მეცნიერების მთავარი და რიგ მიმართულებებში ერთადერთი ინვესტორიც კია. განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში სახელმწიფოსთან ერთად მეცნიერებას აფინანსებს ბიზნესსექტორიც და მე ვიტყოდი, უხვადაც. იქ მეცნიერებასა და განვითარებაზე (R&D) გაწეული ინვესტიციების 50-70% ბიზნესსექტორიდან მოდის. უცნობია და ვერ შევადარებთ, თუ რა მოცულობისაა ბიზნესის ინტერესი ქართულ მეცნიერებაში. ფონდი ძალისხმევას არ იშურებს, დავეხმაროთ ამ ორი სექტორის წარმომადგენლებს იპოვონ ინტერესთა გადაკვეთის წერტილი. ეს შეიძლება იყოს ინდუსტრიული ფელოუშიპის სახით მკვლევრების მასპინძლობა ან კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული კვლევების თანადაფინანსება, ასევე, კვლევის შედეგების ტექნოლოგიური ტრანსფერის პოტენციალის რეალიზება.

მარიამ ბეციაშვილი და ქეთევან გაბიტაშვილი | ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

რომ გავაგრძელოთ ეს თემა – გამოყენებითი კვლევებისთვის გამოყოფილი დაფინანსების ინსტრუმენტი ერთ-ერთი ბიძგია ინდუსტრიისა და მეცნიერების დაახლოებისთვის. როგორია შედეგები და რა გამოწვევებს ვხვდებით ამ მიმართულებით?

მარიამ ბეციაშვილი, სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – ზოგადად, გამოყენებითი კვლევა განისაზღვრება, როგორც ორიგინალური კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ცოდნის შექმნას ან არსებული ცოდნის ახლებურად გამოყენებას პრაქტიკული ამოცანების ან პრობლემების გადასაჭრელად და ამასთან ორიენტირებულია ინდუსტრიალიზაციაზე. ამდენად, გამოყენებითი კვლევების განვითარებისათვის კავშირი მეცნიერებასა და ინდუსტრიას შორის ნამდვილად არსებითია.

ამ მიმართულებით ფონდი დაფინანსებას 2011 წლიდან გასცემს. ჩვენი მიზანია, საქართველოში გამოყენებითი მეცნიერებების სფეროში არსებული პოტენციალის გამოვლენა. ამ მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება იმ ორიგინალური და ინოვაციური კვლევების შერჩევას, რომელთაც გააჩნიათ ტექნოლოგიური განვითარებისა და გადაცემის მაღალი პოტენციალი. თუმცა, როგორც არსებული გამოცდილება გვიჩვენებს, მეცნიერებასა და ინდუსტრიას შორის კავშირის დამყარების პროცესი კვლავ საჭიროებს დამატებით ძალისხმევას, აგრეთვე ინფორმირებულობის უკეთეს დონეს ორივე მხარის წარმომადგენლებს შორის და ითხოვს დამატებით წამახალისებელ მექანიზმებს ასეთი კავშირების ინიცირებისა და დამყარებისათვის.

ამ გამოწვევის საპასუხოდ, ფონდში აქტიურად ვმუშაობთ გამოყენებითი კვლევების არსებული საკონკურსო დოკუმენტების განახლებაზე, მათ შორის სამეცნიერო პროექტების შეფასების სქემისა და შეფასების კრიტერიუმების დახვეწაზე, რომ მომავალში კონკურსის საფუძველზე დასაფინანსებლად შეირჩეს ისეთი სამეცნიერო კვლევები, რომელთაც რეალურად გააჩნიათ მაღალი ინოვაციური და კომერციული პოტენციალი.

ამავდროულად, განახლებული კონკურსის პირობებში ჩადებული იქნება მეცნიერებისა და ბიზნესსექტორებს შორის თანამშრომლობის განვითარების და პროექტებში ახალგაზრდა მეცნიერების ჩართულობის წამახალისებელი მექანიზმებიც. ამისათვის ვითვალისწინებთ ორივე სექტორის წარმომადგენლებისა და ქართველი ექსპერტების რჩევებს, აგრეთვე დაძმობილების პროექტის ექსპერტების რეკომენდაციებს და ვიმედოვნებთ, რომ დაინტერესებულ საზოგადოებას უახლოეს დროში წარვუდგენთ განახლებულ, შედეგზე ორიენტირებულ გამოყენებითი კვლევების კონკურსს.

ქართული სამეცნიერო სივრცე ბოლო წლებში უფრო აქტიურად უახლოვდება საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასა და ქსელებს – რა გავლენა აქვს ამ პროცესებს ინოვაციების განვითარების მიმართულებით?

რუსუდან ჯობავა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი – დიახ, ქართული სამეცნიერო სივრცის დაახლოება საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან ნამდვილად მზარდია. ქართველი მეცნიერების კვლევითი უნარების განვითარებასა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის პროცესში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს დიდი წვლილი მიუძღვის. ჩვენ სპეციალური ბილატერალური პროგრამების მეშვეობით ქართველ მეცნიერებს და მეცნიერთა ჯგუფებს ყოველწლიურად ვაძლევთ საშუალებას, აიმაღლონ ცოდნა და გაიღრმაონ გამოცდილება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში.

გლობალურად არსებული კონკურენტული გარემოს პარალელურად, საქართველოსთვის განსაკუთრებულ როლს იკავებს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან დაახლოება და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება. ფონდის ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა სწორედ მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობაა ‒ ეს თავისთავად მოიაზრებს მეცნიერთა მობილობასა და გლობალური ცოდნის გაზიარებას, ახალი მეცნიერული ცოდნისა და აღმოჩენების გაცნობას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო, ტექნოლოგიურ-ინოვაციური ეკო-სისტემის განვითარებისათვის.

ფონდის მიერ გამოცხადებული ბილატერალური პროგრამები ყველა მიმართულებით აძლევს საშუალებას სამეცნიერო საზოგადოებას მოიპოვოს დაფინანსება. ეს ცალსახად უხსნის გზას სამეცნიერო ჯგუფებს მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო ჯგუფებთან ერთად აწარმოონ კვლევები და შექმნან ტექნოლოგიურ-ინოვაციური პროდუქტი, რაც გაზრდის ინდუსტრიის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს საქართველოში.

დღევანდელი მონაცემების მიხედვით, საქართველოს უნივერსიტეტები და კვლევითი ცენტრები 93 ინოვაციური კვლევითი პროექტის კონსორციუმის წევრები არიან. მათი უმრავლესობა HORIZON 2020 პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. აღნიშნული საშუალებას აძლევს ქართველ მეცნიერებს განავითარონ კავშირების ქსელი მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებთან, შექმნან საფუძველი სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად და გამორჩეული ხარისხის ინოვაციური კვლევითი პროექტების შედეგები დანერგონ საქართველოში. ამ პროცესს კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმება, რომელსაც 2021 წლის 7 დეკემბერს მოეწერა ხელი.

რუსუდან ჯობავა და მაკა ქაჯაია | ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ინდუსტრიის და მეცნიერების კოლაბორაციის გაუმჯობესებისთვის ეფექტიანი სამეცნიერო კომუნიკაცია აუცილებელი წინაპირობაა – რა ფორმით შეიძლება ამ კომუნიკაციის გაძლიერება და თანამშრომლობის გაღრმავება?

მაკა ქაჯაია, მეცნიერების პოპულარიზაციის სამსახურის უფროსი – ინდუსტრიასა და მეცნიერებას შორის არსებული დამოკიდებულება რეალურად ასახავს ქვეყნის დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობას. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა ინდუსტრიისა და მეცნიერების კოლაბორაციის გასაუმჯობესებელი ეფექტიანი მყარი სამეცნიერო კომუნიკაციის შექმნა, რაც გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებასაც და ასევე მეცნიერებაში საჭირო ფინანსების შემოდინებას ‒ უახლესი, ინოვაციური ტექნოლოგიების შესაქმნელად.

კერძო და აკადემიურ სექტორებს შორის მჭიდრო კოლაბორაციული ურთიერთობების ჩამოყალიბება და მისი განვითარება ორმხრივად მომგებიანი, წარმატებული და ეფექტიანი თანამშრომლობის საწინდარია.

ჩვენი პრიორიტეტია, ინდუსტრიასა და მეცნიერებას შორის თანამშრომლობითი კომუნიკაცია განვითარდეს. ამ მიმართულებით რუსთაველის სამეცნიერო ფონდი თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ევროკავშირის Twinning-ის პროექტი − „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“, სწორედაც რომ მიმართულია მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის, სამეცნიერო კომუნიკაციების, მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

ამ მიმართულებით უაღრესად მნიშვნელოვანია, სამეცნიერო კვლევის პროცესში ახალი თაობის მოზიდვა, მათი დაინტერესება მეცნიერებით; ასევე, ახალგაზრდა მკვლევართა თაობების გამოვლენა და მათი საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა.

ინდუსტრიისა და მეცნიერების კოლაბორაციის გაღრმავების კუთხით, უაღრესად მნიშვნელოვანია კვლევით უნივერსიტეტებსა და ცენტრებში არსებული სამეცნიერო აპარატურის, აღჭურვილობის, პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, შენახვის, ოპერირებისა და გამოყენების საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებისა და მიდგომების დანერგვა. კვლევითი პოტენციალის გაძლიერება, ასევე ისეთი მექანიზმის შექმნა და ამოქმედება, რომელიც შესაბამისობაში მოიყვანს მეცნიერებისა და ბიზნესის საერთო მიზნებსა და ინტერესებს. ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ფონდის გუნდი და საერთაშორისო პარტნიორები ამ მიმართულებით მნიშვნელოვან წინსვლას ვაჩვენებთ. 

ინეს, თქვენ პროექტის საერთაშორისო ექსპერტი ხართ. როგორ აფასებთ დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას – რა გამოწვევების წინაშეა მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობა და რა აქტივობებით გააძლიერებს ამ მიმართულებას ტვინინგის პროექტი?

ინეს გავარანე, ევროკავშირის დაძმობილების პროექტის რეზიდენტი მრჩეველი ‒ გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია ამ მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ თითქმის ორი წელია ვადევნებ თვალს, თუ როგორ ვითარდება ეკოსისტემები და ქსელები საქართველოში. მთავარი გამოწვევაა კვლევის შედეგების გადატანა ეკონომიკაში და კვლევასა და ინდუსტრიულ პოლიტიკას შორის არსებული უფსკრულის გადალახვა. ვფიქრობ, საჭიროა მოქნილი, მრავალსექტორული პარტნიორობა და ღია საუბარი საზოგადოებასთან. ეს ნიშნავს მდგრადი ეკოსისტემების ჩამოყალიბებას და კავშირების დამყარებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ ‒ ეს ხელს შეუწყობს დარგში ჩართული ადგილობრივების ეფექტურ საქმიანობას. ჩვენი დაძმობილების (Twinning) პროექტი აძლიერებს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის შესაძლებლობებს მეცნიერებასა და ბიზნესსექტორებს შორის დიალოგის გასაძლიერებლად, საერთო სამეცნიერო პრიორიტეტებისა და სტრატეგიული თემების დასახვის მიზნით.

ინეს გავარანე | ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ინეს, ინვესტიციები მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში მდგრადი განვითარების ერთ-ერთ წინაპირობაა – რა გზა უნდა გაიაროს ბიზნესსექტორმა და მეცნიერებამ საქართველოში ამ მიზნის მისაღწევად?

მკვლევრებმა იციან, რამდენად ძვირადღირებული, რთული, გაურკვეველი და სარისკო შეიძლება იყოს კარიერა მეცნიერებაში, თუ არ იქნება განსაზღვრული მიმართულება, რომელიც ყველას მოერგება. ბევრი დაბრკოლებაა, რომელთა გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ გუნდური მუშაობით და მეწარმეებთან თანამშრომლობით. მიუხედავად იმისა, რომ მეწარმეებისთვის და მკვლევრებისთვის შეიძლება რთული იყოს ერთმანეთის პრიორიტეტების დაფასება, ინოვაციების ბაზარზე შემოტანის საჭიროების და მნიშვნელობის გაცნობიერებამ შესაძლოა ორივე მხარე დააახლოოს. მნიშვნელოვანია, ყურადღების გამახვილება პროცესების დროულად განხორციელებაზე, საზოგადოების აღქმასა და დიალოგის გაძლიერებაზე, როგორც მეცნიერებთან, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან, საერთო სარგებლის მისაღებად.

თქვენი გამოცდილებით, საუკეთესო პრაქტიკა როგორია ამ მიმართულებით?

მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად ეფექტიანია კვლევისა და განვითარების სახელმწიფო დაფინანსების ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებიც წარმოადგენს მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების პირდაპირ დაფინანსებას ან საგადასახადო შეღავათების მინიჭებას, ან უპროცენტო სესხების გაცემას. მე ვფიქრობ, რომ მეცნიერებს, რომლებიც უფრო მეტად აცნობიერებენ თავიანთი კვლევის შედეგების კომერციულ პოტენციალს და იციან როგორ გამოიყენონ ეს პოტენციალი, გააჩნიათ თანამშრომლობის უფრო ღია კულტურა და მეწარმეებთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მეტი შესაძლებლობა. მეცნიერებასა და ბიზნესს შორის გაცვლისა და კომუნიკაციის პლატფორმებს შეუძლიათ უწყვეტი დიალოგის უზრუნველყოფა. თუ შევხედავთ ინოვაციების დარგში წამყვან მოთამაშეებს – სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები, სოციალური პარტნიორები, ინოვაციებზე მომუშავე პირები, აგრეთვე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, გავაცნობიერებთ, რომ ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ჰოლისტური მიდგომა.

და ბოლოს, ინეს, რა შედეგს ველით ამ თანამშრომლობისგან?

თანამშრომლობა შეიძლება დაიწყოს, მაგრამ როგორ შევინარჩუნოთ შედეგების აქტუალობა? აუცილებელია არ ჩამოვრჩეთ მოვლენებს და მუდამ წინა ხაზზე ვიმყოფებოდეთ. თანამშრომლობას შეუძლია გააერთიანოს ინოვაციების დარგში მომუშავე პირები თანამედროვე საზოგადოების რთული პრობლემების გადასაჭრელად. პრაქტიკული კითხვები ხელს უწყობს კვლევის ახალი მიდგომების წარმოშობას. ამრიგად, მეწარმეებს შეუძლიათ ბევრი სარგებელი მიიღონ იმის ცოდნით, თუ რას ქმნიან და ავითარებენ მეცნიერები, რადგან ეს აფართოებს მათი აზროვნების და ასევე ინოვაციური საქმიანობის არეალს. რაც დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობა ხელს უწყობს ეკონომიკური წარმატების ზრდას. იმედია, სწორედ ეს შედეგი გვექნება ამ თანამშრომლობის შემდეგ.