მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქვეყანა დაახლოებით 3-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა – უმეტესად ქალებმა, ბავშვებმა და მოხუცებმა. ამის საპირისპიროდ, გადაადგილება უკრაინის მიმართულებითაც შეინიშნება. თუკი აქამდე რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვით ბრძოლაში ქვეყნის დასახმარებლად უცხოელი მოხალისეები და უკრაინელი ემიგრანტი მამაკაცები მიემართებოდნენ, ახლა მათ რიგებს ის ქალებიც უერთდებიან, რომლებმაც სამშობლო ცოტა ხნის წინ დატოვეს.
ამ ქალებს სურთ, გასაჭირში მყოფი ახლობლების დახმარებაში, ქვეყნისა და თანამოქალაქეების დაცვასა და გადარჩენაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. მათ შორის მხოლოდ ლტოლვილები არ არიან. მათ რიგებში ასევე არიან უკრაინელი ქალები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. აღსანიშნავია, რომ ქალების ნაწილმა, ომის მიუხედავად, სამშობლოში დარჩენა გადაწყვიტა, თუმცა საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების მარაგების ამოწურვის შემდეგ, იძულებულნი გახდნენ, ქვეყნის საზღვრები დაეტოვებინათ.
„უკან უნდა დავბრუნდე და დავეხმარო. ჯანდაცვის მუშაკი ვარ, საავადმყოფოებს კი დახმარება სჭირდებათ. მე იქ ბოლომდე დავრჩები“, – განაცხადა 50 წლის ირინა ორელმა, რომელიც ბარგით ხელში პოლონეთის სასაზღვრო ქალაქ ფშემიშლიდან უკრაინის ქალაქ ლვივისკენ მიმავალ მატარებელში ავიდა.
„თუ ეს საჭიროა, ამას გავაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის, ნათესავებისა და მეგობრებისთვის. კაცი არ ვარ, არ შემიძლია მოვკლა. მე ქალი ვარ, ჩემი საქმეა დავიცვა წონასწორობა, დავეხმარო, ვიყო კეთილი და ვიზრუნო ნათესავებზე, ოჯახზე, მეგობრებსა და მთლიანად უკრაინაზე. ახლა ვგრძნობ, რომ ყველა უკრაინელი ჩემი ნათესავია. იმედი მაქვს, რომ მსოფლიო საზოგადოება დაეხმარება უკრაინელებს, ყველა უკრაინელს, რადგან ეს ჩემი ოჯახია“, – განაცხადა მარია ჰალიგანმა, რომელიც მშობლიურ ქალაქ კიევისაკენ მიემართებოდა.
ფრონტის ხაზთან ახლოს უკვე იყო 40 წლის ტატიანა ვერემიჩენკო. მან პოლონეთში ორი ქალიშვილი ჩაიყვანა და თვითონ უკან, აღმოსავლეთ უკრაინაში დაბრუნება გადაწყვიტა. ტატიანას თქმით, უკრაინიდან შორს ყოფნის გამო სიცარიელეს გრძნობს.
„ეს ჩემი სამშობლოა. ვფიქრობ, მას უფრო მეტად დავეხმარები უკან დაბრუნებით, ვიდრე აქ [პოლონეთში] დარჩენით. უკრაინა თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც კაცებისთვის, ისე ქალებისთვის…“, – განაცხადა ტატიანამ.
უკრაინის მთავრობამ მამაკაცებს ქვეყანაში დარჩენა და სამშობლოს დასაცავად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა უბრძანა. როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა ძირითადად ქალებმა, ბავშვებმა და მოხუცებმა დატოვეს. ისინი, ვისაც ქვეყნის დატოვება არ შეუძლიათ ან მას საკუთარი სურვილით არ ტოვებენ, უდიდესი საფრთხის წინაშე არიან, ვინაიდან რუსეთს ობიექტებზე იერიში განურჩევლად მიაქვს. ამის ნათელი მაგალითია მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვა. თავდასხმის გამო ორსული ქალი დაიჭრა და ცოტა ხნის შემდეგ გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ექიმებმა ვერც ახალშობილის გადარჩენა შეძლეს.
უკრაინელი ქალების სწრაფვა ფრონტის ხაზისკენ და სამშობლოს დასაცავად საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღების სურვილი გასაკვირი სულაც არ არის. ჯარისკაცი ქალები, ჯერ კიდევ ომამდე, უკრაინის სამხედრო ძალის გამორჩეულ ნაწილს წარმოადგენდნენ. თუმცა უკრაინაში ბევრია ისეთი ქალი და კაცი, რომელსაც რუსეთის სამხედრო თავდასხმისაგან თავის, ახლობლებისა და საკუთარი ქვეყნის დასაცავად იარაღის ხელში აღება პირველად მოუწია.