ეკონომიკა, პოლიტიკა და COVID-19: ქალები საქართველოში

სამყარო მუდმივად ცდილობს იყოს უფრო მშვიდობიანი, სამართლიანი და თანასწორი. მდგრადი განვითარების მიზნები, რომლებიც 2030 წლამდე უნდა შესრულდეს, უფრო მშვიდობიანი და სამართლიანი მსოფლიოს შექმნის გლობალური ინიციატივაა. მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანი (მიზანი 5) გულისხმობს გენდერული თანასწორობის მიღწევას და ქალთა გაძლიერებას მთელ მსოფლიოში. ქალთა გაძლიერებაში ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები მოიაზრება, როგორებიცაა:  ეკონომიკაში ჩართულობის შესაძლებლობების გაძლიერება და გაფართოება; პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულობა; საკუთარი ცხოვრებისა და სხეულის კონტროლის უფლება და ა.შ. შესაბამისად, ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერება პრიორიტეტულია იმ ხალხისთვის და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც იბრძვიან ამ იდეების გასაძლიერებლად.

მიუხედავად იმისა, რომ თვალსაჩინოა პროგრესი ქალთა გაძლიერების თვალსაზრისით, ბევრი ქვეყანა კვლავ იბრძვის საჭირო მიდგომების მიღწევისთვის, ეფექტური მოქმედებების განხორციელებისთვის და აუცილებელი პრაქტიკების მიღებისთვის, რათა გენდერული თანასწორობა ყველა დონეზე  მიღწევადი გახდეს. მსოფლიოს საზოგადოებები ცდილობენ უფრო მგრძნობიარენი გახდნენ გენდერული უთანასწორობის მიმართ, აქტიურად ჩაერთონ და მხარი დაუჭირონ ინიციატივებს, რომლებსაც პროგრესი მოაქვს. ქართული საზოგადოება ერთ–ერთი მათგანია.

საქართველო

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ქართული საზოგადოება  გაცილებით მგრძნობიარე გახდა გენდერული უთანასწორობის მიმართ. 2013 წელს UNDP-ის მიერ გამოცემული კვლევის  (რომელიც განიხილავს ქართველთა საზოგადოებრივ დამოკიდებულებას გენდერული თანასწორობის მიმართ) და  UNFPA-სა და UNDP-ის მიერ 2019 წელს გამოცემული კვლევის, (რომელიც საქართველოში გენდერული ურთიერთობების ამჟამინდელ სტატუსს მიმოიხილავს) შედარება აჩვენებს, რომ ახლა გაცილებით უფრო მეტი ქალი და კაცი ფიქრობს, რომ საქართველომ ჯერ ვერ მიაღწია გენდერული თანასწორობას. 2013 წელს, ქალთა და კაცთა ნახევარზე მეტი ფიქრობდა, რომ გენდერული თანასწორობა უკვე მიღწეული იყო, ხოლო 2019 წლისთვის,  ქალთა 63%-ი და კაცთა 54%-ი შეთანხმდნენ, რომ ეს მიზანი ჯერ არ განხორციელებულა.

მიუხედავად პროგრესისა, ქალის ცხოვრების გარკვეული ასპექტები კვლავ ავლენს საზოგადოების პრობლემურ დამოკიდებულებებს და ასახავს საზოგადოებრივი მიდგომების ხარვეზებს. ეს ასპექტებია:  ქალთა ლიდერობა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და პოლიტიკური ჩართულობა, ბიზნესის ხელმძღვანელობა, კარიერა და სხვა. გენდერული ნორმები და სტრუქტურული დაბრკოლებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ფაქტორია გენდერული თანასწორობის დამყარების პროცესში. UNDP-ისა და UNFPA-ის 2019 წლის კვლევის სექცია „ქალები და ლიდერობა“ ასახავს დამოკიდებულებებს და შეხედულებებს ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასთან, ქალთა კარიერასა და ლიდერობასთან, ასევე საოჯახო დინამიკასთან დაკავშირებით და გვთავაზობს ღირებულ ინფორმაციას იმ საკითხებისა და ბარიერების შესახებ, რომელთა წინაშეც ქალები დგანან.

ქალები და პოლიტიკა

ქალთა შესაძლებლობების აღიარება იზრდება. თუმცა, ეს ცნება უმეტესად პროგრესირებს იმ მოცემულობის ხარჯზე, რომ თავად ქალები აცნობიერებენ თავიანთ შესაძლებლობებს ლიდერობაში, ხოლო კაცების პატრიარქალური შეხედულებები ამ მხრივ უფრო ნელა იცვლება. 2013 წელს ჩატარებული კვლევისგან განსხვავებით, ცხადია, რომ დღეს ქალები უფრო არსებითად არიან დაკავებულნი, აცნობიერებენ მიმდინარე ბარიერებს და მზად არიან შეცვალონ გარკვეული ნორმები. ეს ცვლა განსაკუთრებით აშკარაა პოლიტიკასთან მიმართებაში, (სფერო, რომელსაც კაცები დომინირებენ) სადაც ჩანს ქალების უფრო მეტი ჩართულობის ინტერესი – დღეს გამოკითხულთა 60%-ი და ქალთა 72%-ი ირწმუნება, რომ პოლიტიკაში მეტი ქალების ჩართვა ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ქალის ცხოვრებისეული როლების საზოგადოებრივ აღქმაში პროგრესი შეიმჩნევა, გადასალახი მაინც ბევრი სირთულეა. დაახლოებით 10 კაციდან 4 არ ეთანხმება იმას, რომ როდესაც ქალს კაცის თანაბარი გამოცდილება  აქვს, მას შეუძლია იგივე საქმის კეთება თანაბრად კარგად. პოლიტიკის დარგში ქალების გაზრდილი ჩართულობის მიმართ დიდი მხარდაჭერაა, მაგრამ თითქმის 2-დან 1 გამოკითხული ირწმუნება, რომ კაცი უკეთესი პოლიტიკურ ლიდერია ვიდრე ქალი. 2013 წლის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61%-ი იზიარებდა ამ რწმენას. 2019 წელს გამოკითხულთა შემთხვევაში ეს პროპორცია შემცირდა და ახლა 49%-ია, რაც ძირითადად ქალთა რწმენის ცვლილებითაა გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ ქალის პოლიტიკური ხელმძღვანელობის შესაძლებლობებისადმი დამოკიდებულების გარდაქმნის ცვალებადობა პროგრესის ნიშანია, მონაცემები აჩვენებს, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის გასაკეთებელი და შესაცვლელი, განსაკუთრებით აუცილებელია მუშაობა კაცებთან, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ქალთა სამუშაო შესაძლებლობები კაცთან შედარებით სუსტია.

სურათზე ნაჩვენებია პროცენტული მაჩვენებელი რესპონდენტებისა, რომლებიც სრულიად დაეთანხმნენ ან დაეთანხმნენ თითოეულ დებულებას.  მითითებული პროცენტული მაჩვენებელი  გულისხმობს, რომ დარჩენილი რესპონდენტები არ დაეთანხმნენ ან სრულიად არ დაეთანხმნენ მოცემულ დებულებებს. მაგალითად, ქალების 37 პროცენტი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ კაცები უკეთესი პოლიტიკური ლიდერები არიან ვიდრე ქალები. აღნიშნული გულისხმობს, რომ ამ დებულებას არ ეთანხმება ქალების 63 პროცენტი.

2019 წლის კვლევის თვისებრივმა ნაწილმა გამოავლინა ცხოვრების გარკვეული ასპექტები, რომლებსაც ქალები აღიქვამენ უმძიმეს ბარიერებად და დაბრკოლებებად, რაც მათ ხელს უშლის უფრო აქტიური პოლიტიკური ცხოვრების გატარებაში. ამ ასპექტების უმეტესი ნაწილი ოჯახში ქალთა პასუხისმგებლობას უკავშირდება. ქალების ჩართულობით ჩატარებულმა თვისებრივმა კვლევამ აჩვენა, რომ ისინი საოჯახო შრომასა და მოვლის სამუშაოს ტვირთს აღიქვამენ იმ მთავარ ბარიერად, რომელიც მათ ხელს უშლის აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების გატარებაში. კაცის დამოკიდებულება ქალთა შრომის მიმართ (აუნაზღაურებელი საოჯახო სამუშაოების ან სოფლის მეურნეობის სამუშაოს მიღმა) ასევე აღიქმება საკმაოდ უარყოფითად და მოქმედებს როგორც შემაკავებელი ფაქტორი. პოლიტიკაში მონაწილეობა აღიქმება როგორც “ფუფუნება”, რომელიც სულ რამდენიმე ქალს აქვს.

„ქალებს, რომლებსაც ერთდროულად ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, აქვთ ძლიერი ხასიათი: ჰყავთ ოჯახები, ზრუნავენ შვილებზე და მუშაობენ. მაგრამ მხოლოდ რამდენიმეა, ვისაც შეუძლია ამ ყველაფრის ერთდროულად მართვა. ასეთი ქალები ყოველთვის იქნებიან ლიდერები, მაგრამ ყველას არ შეუძლია ამის გაკეთება, სწორედ ამიტომ არის სულ რამდენიმე მათგანი ლიდერი.“ – ქალთა ფოკუს-ჯგუფი

ეს შედეგები მოითხოვს ტრანსფორმაციულ ცვლილებებს გენდერულ როლებში, ასევე საოჯახო დინამიკაში, რომელიც მოიცავს საოჯახო საქმეების სამართლიანად დაყოფასა და განაწილებას.

საოჯახო დინამიკა

კვლევის შედეგად, ოჯახური საქმიანობა მკაფიოდ არის დაყოფილი სქესობრივი ნიშნით, რადგან საჭმლის მომზადებას, დასუფთავებასა და ბავშვზე ზრუნვას ქალები უზრუნველყოფენ. 4 ადამიანიდან 3 ამბობს, რომ თითქმის ყოველთვის, სწორედ ქალები ასრულებენ ბავშვის მოვლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან დავალებებს. ამის მიუხედავად, კვლევამ დამატებით დაადგინა, რომ უმეტესობა, როგორც ქალი, ასევე კაცი ემხრობა იმ კანონის არსებობას და ფუნქციას, რომელიც, როგორც ქალებს ისე კაცებს დეკრეტული შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. 2013 და 2019 წლებში ჩატარებული კვლევების დასკვნების შედარება, მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს იმისთვის, რომ დავასკვნათ – საზოგადოებრივ აღქმაში, აღმზრდელობითი დავალებები ჯერ კიდევ მხოლოდ ქალის პასუხისმგებლობაა. ამ შინაარსის განცხადებაზე თანხმობის რიცხვი კაცებისთვის 12%-ით, ხოლო ქალებისთვის 22% -ით შემცირდა.

ასევე პოზიტიურად შეიცვალა მიდგომები ოჯახში გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით. 2013 წელს, კაცების 87%-ი და ქალების 70%-ი თანახმა იყო, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიმღები ძალა კაცებს ეკუთვნოდათ, ხოლო 2019 წელს ეს შეხედულებები შეიცვალა. აღნიშნული განცხადების შინაარსის მომხრე კაცთა წილი ახლა უკვე 68%-ია, ხოლო ქალთა 34%-ი. ეს აღმოჩენა კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ე.წ “ოჯახში შემომტანის” ანუ ოჯახის ფინანსური თუ სხვაგვარი უზრუნველყოფის მთავარი გარანტი, უმეტესწილად კაცები აღარ არიან. ფინანსურმა და ეკონომიკურმა ფაქტორებმა განაპირობა როლის ცვლა ქალებისთვის, რომლებმაც ახლა უკვე თავად უნდა უზრუნველყონ თავიანთი ოჯახის ფინანსური თუ სხვაგვარი მხარდაჭერა. 

უმცროსი ქალები კატეგორიულად არ ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ქალის ძირითადი მოვალეობები უფრო ოჯახთან დაკავშირებულია ვიდრე პროფესიულ მისწრაფებებთან. 18–24 წლამდე ასაკის ქალების 84%–ზე მეტი არ ეთანხმება იმ განცხადებას, რომ ქალის მთავარი პასუხისმგებლობა ოჯახზე ზრუნვაა. 18-დან 24 წლამდე ასაკის კაცთა 52%-ი ასევე არ ეთანხმება ამ განცხადებას.

როგორც 2013 და 2019 წლების მონაცემების შედარებისას შეიმჩნევა, აშკარაა, რომ  ტრადიციულმა გენდერულმა როლებმა გავლენა მოახდინეს ოჯახში გადაწყვეტილების მიღების დინამიკის აგებაზე.  გარდა ამისა, უფრო მეტ ქალს და კაცს სჯერა სამართლიანად განაწილებული საოჯახო საქმიანობისა სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების ტენდენციის.

ქალები და ბიზნესი

აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ბიზნესის მართვის მხრივ გენდერული როლების აღქმაშიც. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს გამოკითხულთა 58%-მა განაცხადა, რომ ბიზნესში კაცები უკეთესი ლიდერები არიან, ვიდრე ქალები, 2019 წლისთვის ეს წილი შემცირდა 39%-მდე.

ამავდროულად, ქალების 85%-ი და კაცთა 58%-ი აცხადებს, რომ ქალებს უწევთ ბევრად მეტი ბარიერის გადალახვა მათი პროფესიულ განვითარების გზაზე, ვიდრე კაცებს. ქალები აქტიური ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ქონის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად, ოჯახურ პასუხისმგებლობებს ასახელებენ. გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებისთვის კაცები და ქალები თანაბრად კომპეტენტურები არიან. თუმცა, ამას უფრო მეტად ქალები ფიქრობენ ვიდრე კაცები. 2013 წელთან შედარებით, როდესაც გამოკითხულთა მხოლოდ 33% -მა თქვა, რომ ქალებს და კაცებს ერთნაირი შესაძლებლობები აქვთ ბიზნესის ლიდერობაში, 2019 წელს, გამოკითხულთა 55% ფიქრობს, რომ როგორც ქალებს, ისე კაცებს აქვთ თანაბარი შესაძლებლობები იყვნენ ბიზნეს-ლიდერები.

ყველაფრის მიუხედავად რჩება სირთულეები სქესთა შორის თანაბარი კომპეტენციის აღქმასა და აღიარებასთან დაკავშირებით. სამუშაოს პოვნის შემდეგ, ქალებს უფრო მეტი ბარიერი აქვთ გადასალახი კარიერული წინსვლისთვის. მიუხედავად ამისა, გენდერთან დაკავშირებული საკითხების აღქმაში პროგრესია. პროგრესი შეიმჩნევა გაზრდილ ცნობიერებაში ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა ეკონომიკურ საქმიანობაში გენდერული უთანასწორობა, პოლიტიკური ჩართულობა, საოჯახო დინამიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება. როგორც ჩანს სიტუაცია უკეთესი მომავლის შედეგებისთვის იმედისმომცემია.

COVID-19– ის ეფექტები

როგორც ყველამ ვიცით, მსოფლიო გლობალური პანდემიის შუა ეტაპზეა. სხვა დამანგრეველ ეფექტებს შორის, კორონავირუსი ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს გლობალურ მდგრადობაზე და საფრთხის ქვეშ დააყენებს ადამიანების ფინანსურ, ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას. გამონაკლისი არც საქართველოა. მიუხედავად იმისა, რომ გაკეთდა გარკვეული პროგნოზები იმის შესახებ, თუ როგორ ზიანს მიაყენებს პანდემია საქართველოს ეკონომიკას, ჯერ კიდევ ნაადრევია იმის გარკვევა, თუ რა იქნება კორონავირუსის ზუსტი ეფექტები. PMCG წარმოადგენს ოპტიმისტურ და ნაკლებად პესიმისტურ სცენარებს საქართველოს ეკონომიკის შესახებ. ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, საქართველოს რეალური ეკონომიკა 4,3% -ით შემცირდება. ნაკლებად პესიმისტური სცენარის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკა სავარაუდოდ 8% -ით შემცირდება.

კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური სტრესი ოჯახში, სხვა საკითხებთან ერთად, უზარმაზარ საფრთხეს ქმნის ქალებზე ძალადობის გაზრდილი რისკის სახით. კვლევებმა აჩვენა, რომ 5 ქალიდან დაახლოებით ერთმა განიცადა პარტნიორისგან ეკონომიკური ძალადობა და 3 კაცში დაახლოებით ერთმა კაცმა განაცხადა, რომ ეს ჩაიდინა. ეკონომიკური ძალადობა ეხება იმ ქალებს, რომლებსაც თავიანთი პარტნიორები შემოსავალს ართმევენ, მუშაობას უკრძალავენ და სახლიდან აძევებენ.

კიდევ ერთი საგანგაშო კომპონენტია ემოციური ძალადობა. ოთხიდან ერთ ქალს, როდესღაც განუცდია ემოციური ძალადობა ინტიმური პარტნიორის მხრიდან. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ჩადენილი ინტიმური პარტნიორის მიმართ ემოციური ძალადობის მრავალი ფორმა, მათ შორის, სხვის თვალწინ პარტნიორის შეურაცხყოფა, ოჯახის წევრის ან საყვარელი ადამიანის დაზიანებაზე მუქარა, ან ერთ ოთახში დაძინებაზე უარის თქმა – კაცების 25%-მა თქვა, რომ მათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუკეთებიათ ეს. კრიზისის დროს, მათ შორის ეპიდემიის დროს, იზრდება ქალთა მიმართ ძალადობის ტენდენცია. ამჟამინდელი მონაცემებით, კორონავირუსის პერიოდში, გლობალურად ოჯახში ძალადობის შემთხვევები  მესამედით გაიზარდა. ძალადობის მსხვერპლ ქალთა რიცხვი გაიზარდა თითქმის ყველა ქვეყანაში. საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ ამ პერიოდში მათ მეტმა ქალმა მიმართა ძალადობასთან გამკლავებისთვის საჭირო იურიდიული დახმარების მიღებისთვის. ეს მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა და ანაზღაურებისა ან სამუშაოს დაკარგვის შედეგად გამოწვეულმა სტრესმა, შეიძლება ერთდროულად გაზარდოს ქალებზე პარტნიორების მიერ განხორციელებული ემოციური, ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობის სიხშირე.

ზემოხსენებული განწყობები, რომლებიც ქალების როლს და შესაძლებლობებს მხოლოდ საოჯახო და აღმზრდელობითი საქმიანობით საზღვრავს, უკვე საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში და შეიძლება კიდევ უფრო გამყარდეს ეკონომიკური სიმწირის პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ პოტენციურად დადებითი გავლენა შეიძლება იყოს იმაში, რომ მამებს პოტენციურად მეტი დრო და შესაძლებლობა აქვთ, წვლილი შეიტანონ ბავშვზე ზრუნვაში და შვილებთან ემოციური კავშირები დაამყარონ, მაინც სავარაუდოა, რომ რუტინული სააღმზრდელო აქტივობებისა და საოჯახო სამუშაოს ტვირთი მასობრივად გაიზრდება და ქალებზე არაპროპორციულად იმოქმედებს.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო და საქართველო ელოდება მეტ ინფორმაციას პანდემიის გრძელვადიანი ეფექტების შესახებ, საქართველოში ქალთა და კაცთა გენდერულ ურთიერთობებში ცვლილების შესახებ შეგვიძლია ერთი დასკვნა გავაკეთოთ. მკვლევარების აზრით, საქართველოში უსამართლო დამოკიდებულებები და ქცევები არსებობს, თუმცა არსებობს ახალ გახსნილობასა და თანასწორობისკენ შეცვლის პოტენციალთან ერთად. 2013 და 2019 წლების მონაცემებს შორის შედარებები ხაზს უსვამს პერსპექტიულ ცვლილებებს, მაგრამ ავლენს, რომ საჭიროა პროგრესის შენარჩუნება და დაჩქარება.  

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.