UNFPA: ყოველ მეორე ქალს არ აქვს უფლება და შესაძლებლობა, თავისი სხეულის ავტონომია დაიცვას

გლობალურად, თითქმის ყოველ მეორე ქალს არ  აქვს უფლება და შესაძლებლობა თავისი სხეულის ავტონომია დაიცვას, აღნიშნულია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ანგარიშში „ჩემი სხეული მე მეკუთვნის“

სხეულის ავტონომიის დარღვევის ფორმებში შედის სექსუალური ძალადობა, ბავშვთა/ადრეული ქორწინება, ღირსების გამო მკვლელობა და სხვა.

57 ქვეყანაში მცხოვრები ქალების თითქმის ნახევარს უფლება არ აქვს, რომ თავად გადაწყვიტოს, ჰქონდეს თუ არა სექსი თავის პარტნიორთან, გამოიყენოს თუ არა კონტრაცეპტივები, ან სამედიცინო დახმარება მოიძიოს, ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) 2021 წლის საფლაგმანო ანგარიშში „მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობა“, რომელიც დღეს გამოქვეყნდება.

პირველად ხდება, რომ გაერო თავის ანგარიშში სხეულის ავტონომიაზე ამახვილებს ყურადღებას; ეს კონცეფცია გულისხმობს საკუთარ სხეულთან დაკავშირებით არჩევანის გაკეთების ძალაუფლებას ძალადობის ან სხვების გადაწყვეტილებების თავს მოხვევის შიშის გარეშე. სხეულზე ავტონომიის ნაკლებობას ყოველი ქალისა და გოგოსთვის სიღრმისეული ზიანი მოაქვს ინდივიდუალურ დონეზე, თუმცა, ზიანი კიდევ უფრო მასშტაბურია: პოტენციურად კლებადი ეკონომიკური პროდუქტიულობა, უნარების დაქვეითება, ასევე ჯანდაცვასა და სასამართლო სისტემებთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების ზრდა.

Artwork by Rebeka Artim

მთავარი მიგნება: სხეული ჩემია, მაგრამ მასთან დაკავშირებული არჩევანი – არა

ამ საეტაპო მნიშვნელობის ანგარიშით, UNFPA ზომავს როგორც ქალების უფლებამოსილებას თავად მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარი სხეულის თაობაზე, ასევე იმასაც, თუ ქვეყნებში არსებული კანონები რამდენად უჭერს მხარს, ან ერევა ქალის უფლებებში, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები მიიღონ. მონაცემები ცხადყოფს, რომ მჭიდრო კავშირი არსებობს გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლებასა და განათლების მაღალ დონეს შორის.

ანგარიშში ნაჩვენებია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მონაცემები ხელმისაწვდომია:

  • ქალების მხოლოდ 55 პროცენტია სრულად უფლებამოსილი გააკეთოს არჩევანი ჯანდაცვასა და კონტრაცეფციასთან დაკავშირებით და ასევე შეუძლია, რომ სექსზე თანხმობა, ან უარი თქვას.
  • ქვეყნების მხოლოდ 71 პროცენტში არის გარანტირებული წვდომა დედათა ჯანმრთელობის მომსახურებაზე.
  • ქვეყნების მხოლოდ 75 პროცენტში არის სამართლებრივ დონეზე უზრუნველყოფილი სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობა კონტრაცეფციაზე.
  • ქვეყნების მხოლოდ 80-მდე პროცენტს აქვს სექსუალური ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ხელშემწყობი კანონები.
  • ქვეყნების მხოლოდ 56-მდე პროცენტში არსებობს კანონები და პოლიტიკა, რომელიც მხარს უჭერს ყოვლისმომცველ განათლებას ადამიანის სექსუალობის შესახებ.

„ყველასთვის შემაშფოთებელი უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ქალების თითქმის ნახევარს ჯერ კიდევ არ შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილების მიღება  იმის შესახებ, ჰქონდეს თუ არა სქესობრივი კავშირი, გამოიყენოს თუ არა კონტრაცეფცია, ან სამედიცინო დახმარება მოიძიოს,“ – აღნიშნავს UNFPA-ს აღმასრულებელი დირექტორი, დოქტორი ნატალია კანემი. „არსებითად, ასობით მილიონ ქალს და გოგონას საკუთარ სხეული თავად არ ეკუთვნის. მათ ცხოვრებას სხვები მართავენ“.

Artwork by Rebeka Artim

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, სადაც მონაცემები ხელმისაწვდომია, ქალებს უფრო მეტად აქვთ სხეულზე ავტონომია. თუმცა წილი იმ ქალებისა, რომლებიც არ არიან საკმარისად გაძლიერებული იმისთვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები ჯანდაცვაზე, კონტრაცეფციაზე და არ აქვთ შესაძლებლობა, განაცხადონ თანხმობა ან უარი სექსზე, კვლავაც მნიშვნელოვნად მაღალია: 19 პროცენტი უკრაინაში, 23 პროცენტი ყირგიზეთში, 31 პროცენტი ალბანეთში და 34 პროცენტი სომხეთში. ტაჯიკეთში ქალების 67 პროცენტს არ შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება ამ ფუნდამენტურ საკითხებზე.

ანგარიშში ასევე დოკუმენტირებულია ბევრი სხვა გზა, თუ როგორ ირღვევა ქალების, მამაკაცების, გოგოების და ბიჭების ავტონომია თავიანთ სხეულზე:

  • ოც ქვეყანაში თუ ტერიტორიაზე მოქმედებს კანონი „მოძალადეზე დაქორწინების შესახებ“, სადაც მამაკაცს შეუძლია სისხლისსამართლებრივ დევნას გაექცეს, თუ ის დაქორწინდება იმ ქალზე ან გოგოზე, რომელიც გააუპატიურა.
  • ორმოცდასამ ქვეყანაში არ არსებობს კანონმდებლობა დაქორწინებულ პირებს შორის გაუპატიურების შესახებ (გაუპატიურება მეუღლის მიერ).
  • 30-ზე მეტ ქვეყანაში შეზღუდულია ქალების უფლება გადაადგილდნენ სახლის გარეთ
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოები და ბიჭები თითქმის სამჯერ უფრო მეტი ალბათობით შეიძლება დაექვემდებარონ სექსუალურ ძალადობას და ამ თვალსაზრისით, გოგოები ყველაზე დიდი რისკის წინაშე დგანან.
Artwork by Hülya Özdemir

გამოსავალი: ძალაუფლება, რომ ვთქვათ „დიახ“ და უფლება, რომ ვთქვათ „არა“

ანგარიშში ნაჩვენებია, თუ როგორ შეიძლება, რომ ძალადობის აღმოფხვრაზე მიმართულმა ქმედებებმა კიდევ უფრო მეტად გამოიწვიოს სხეულის ავტონომიის შემდგომი დარღვევა. მაგალითად, გაუპატიურების საქმის გამოსაძიებლად, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემა შეიძლება მოითხოვდეს, რომ ძალადობაგამოვლილმა პირმა ინვაზიური, ე.წ. ქალწულობის შემოწმება გაიაროს.

ანგარიშის თანახმად, ყველა ქმედება, მიმართული რეალური გამოსავლის მისაღწევად, დაზარალებულთა საჭიროებებს და გამოცდილებებს უნდა ითვალისწინებდეს.

„სხეულის ავტონომია არის საფუძველი ადამიანის ყველა უფლებით, მათ შორის, ჯანმრთელობისა და ძალადობისგან თავისუფალი ცხოვრების უფლებით სარგებლობისთვის,“ ამბობს ალანა არმიტაჯი, გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი.

„ქალი, რომელიც საკუთარ სხეულს თავად აკონტროლებს, უფრო მეტ ძალაუფლებას ფლობს თავისი ცხოვრების სხვა სფეროებშიც. ის უფრო მეტს აღწევს არა მარტო ავტონომიის კუთხით, არამედ ასევე ჯანმრთელობის და განათლების, შემოსავლის და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ წარმატებული იყოს ქალი და ასევე მისი ოჯახიც,“ აღნიშნავს გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ნატალია კანემი.

Artwork by Hülya Özdemir

„მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობის“ ანგარიში UNFPA-ს ყოველწლიურ საფლაგმანო გამოცემას წარმოადგენს, რომელიც 1978 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. მასში გაშუქებული და წინა პლანზე წამოწეულია სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროში წამოჭრილი ახალი საკითხები, ასევე გამოკვლეულია ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რაც მათ საერთაშორისო განვითარების თვალსაზრისით მოაქვთ.