ახალი დანადგარი წყლის გასაფილტრად მზის ენერგიას იყენებს

ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში გამოიგონეს ეფექტური ორთქლის გენერატორი, რომელიც მზის ენერგიის გამოყენებით წყალს ასუფთავებს.

გამოგონების ავტორებმა მუშაობის პროცესში შექმნეს ორთქლის გენერატორის რამდენიმე ვერსია, რომლებიც ერთმანეთისგან ეფექტიანობით განსხვავდებოდნენ. ემპირიული დაკვირვებების შედეგად, მათ მოახერხეს შეექმნათ მოწყობილობა, რომელიც შთანთქავს ენერგიას, ატარებს სითბოს, ამარტივებს წყლის მოძრაობასა და აორთქლებას.

გენერატორის პირველი შრე ხისგანაა აწყობილი, ვინაიდან ამ მასალას ფოროვანი სტრუქტურა აქვს, გენერატორში მარტივად ხდება წყლის ტრანსპორტაცია. დანადგარის შემდეგ შრეზე ნანობოჭკოვანი ცელულოზის გამომყოფი ბაქტერიების ფერმენტაციითა და მინის ბუშტებთან ურთიერთქმედებით ჰიდროგელი მიიღება. დანადგარის ზედა ნაწილზე ნახშირორჟანგის მილაკების დამაგრებით კი სინათლის შთანთქმისთვისა და წყლის აორთქლებისთვის საჭირო გარემო იქმნება. მზის ენერგიის ზემოქმედების შედეგად წყალი ორთქლდება, შემდეგ კი კონდენსირდება და გარდაიქმნება გაფილტრულ წყლად.

აღსანიშნავია, რომ ახალი დანადგარი აქამდე არსებულ სოლარულ ორთქლის გენერატორებთან შედარებით გამოირჩევა აორთქლების მაღალი დონითა და ეფექტიანობით.

ინოვაციური დანადგარის გამოგონება დიდ მნიშვნელობას ატარებს, ვინაიდან სასმელი წყლის დეფიციტის გლობალური პრობლემის გადაჭრა თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი გამოწვევაა. მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 1/5 ნაწილი წყლის დეფიციტის მქონე ქვეყნებში ცხოვრობს. 

წყლის გასაფილტრად მზის ენერგიის გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და დამაიმედებელი ტექნოლოგიაა, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ზღვის, ტბისა და დაბინძურებული წყლის სასმელ წყლად გადაქცევა.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.