2021 წელს ვენჩურული კაპიტალი გაიზარდა, თუმცა ქალების მიერ მართულმა სტარტაპებმა მცირე დაფინანსება მიიღეს

2021 წელი ევროპული სტარტაპებისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მათ, საერთო ჯამში, 100 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის ვენჩურული კაპიტალის ინვესტიცია მოიზიდეს. თუმცა, როგორც European Women in VC-ის მიერ მომზადებულ ახალ ანგარიშშია ნათქვამი, სტარტაპებმა, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ, ბევრად მცირე მოცულობის დაფინანსება მიიღეს.

ფოტო: jproco.medium.com

2021 წელს, სტარტაპებმა, რომლებსაც მთლიანად ქალები ხელმძღვანელობენ, განხორციელებული ვენჩურული კაპიტალის ინვესტიციებიდან მხოლოდ 2% მიიღეს, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია. მაშინ ამ მონაცემმა 3% შეადგინა. რაც შეეხება შერეულ გუნდებს, მამაკაცებისა და ქალების ხელმძღვანელობით, მათი დაფინანსება 2020 წლის 8%-დან 2021 წელს 9%-მდე გაიზარდა. თუმცა ორივე მაჩვენებელი ჩამორჩება 2019 წლის მონაცემს – 11%-ს.

ამის პარალელურად, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გუნდები, რომლებსაც მხოლოდ ქალები ხელმძღვანელობენ, ან სტარტაპების მმართველ პოზიციებზე გენდერული მრავალფეროვნებაა, უფრო მაღალ შემოსავალს იღებენ.

ასევე ირკვევა, რომ, ჩვეულებრივ, გენდერულად მრავალფეროვან გუნდებში ინვესტიციების განხორციელებისას ქალები აქტიურობენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ისინი VC-მენეჯერების მხოლოდ 15%-ს შეადგენენ.

ქალების რაოდენობის გაზრდა VC-ფირმებში პირველი ნაბიჯია. შემდეგი ნაბიჯი კი ის არის, რომ მათ კაპიტალის უფრო დიდი ნაწილის განკარგვის საშუალება მიეცეთ, რაც, ზემოთქმულიდან გამომდინარე, გენდერულად მრავალფეროვან სტარტაპებში ინვესტიციების ზრდას განაპირობებს. ანგარიშის თანახმად, ამჟამად, ქალები მსგავსი ფინანსების მხოლოდ 9%-ს განკარგავენ, რადგან ისინი შედარებით მცირე ფონდებს მართავენ.

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.