სმარტფონებს სიმთვრალის გამოვლენა შეუძლიათ

ალკოჰოლისა და ნარკოტიკების შემსწავლელ ჟურნალში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით იმ სმარტფონებს, რომლებიც სიარულს ზომავენ, შეუძლიათ გამოავლინონ იმყოფება თუ არა მათი მფლობელი ალკოჰოლური თრობის ქვეშ.

ადრე ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ სმარტფონების მეშვეობით შესაძლებელია სიმთვრალის დადგენა იმის მიხედვით, თუ როგორ დადის სმარტფონის მფლობელი. ახალი კვლევა კი ცხადყოფს, რომ ამავე მეთოდით შესაძლებელია 92.5%-იანი სიზუსტით დადგინდეს გადააჭარბა თუ სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაციამ ლეგალურ დონეს. ლეგალურ ლიმიტად 0.08%-ია მიჩნეული, რისი გადაჭარბების შემდეგაც ადამიანს საგრძნობლად უქვეითდება კონცენტრაციის უნარი.

აღსანიშნავია, რომ ა.შ.შ-ში ალკოჰოლი სიკვდილიანობის გამომწვევი მესამე მიზეზია, რომლის პრევენციაც შესაძლებელია. ყოველწლიურად დაახლოებით 88,000 ადამიანი იღუპება ალკოჰოლთან დაკავშირებული შემთხვევების დროს.

ეს კვლევა კი შესაძლოა გამოსადეგი აღმოჩნდეს ალკოჰოლურ თრობასთან დაკავშირებული ფატალური შედეგების პრევენციისათვის. ვინაიდან მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხელმისაწვდომია ისეთი სმარტფონები, რომელთა სენსორებსაც შეუძლიათ დაადგინონ ადამიანის სიმთვრალე, გაცილებით მარტივდება ამ პრობლემის აღმოფხვრაზე ზრუნვა. მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონების ამ გზით გამოყენება რეალურ ცხოვრებაში შესაძლოა ხარვეზებს შეიცავდეს, პრევენციის ამ მეთოდის დახვეწა გონივრულია.

No Comments Yet

Comments are closed