მკვლევრებმა ერთ-ერთ ჰაკერულ ვებგვერდებზე Zoom-ის მომხმარებელთა 500,0000-ზე მეტ ანგარიშს მიაგნეს, რომლის შეძენაც რამდენიმე ცენტად ან სრულიად უფასოდ იყო შესაძლებელი.
კვლევაში ჩართულმა კიბერუსაფრთხოების კომპანიამ Cyble 530,000 ანგარიში შეისყიდა, თითოეული – $0,0020 ცენტად.
როგორც აღმოჩნდა, ჰაკერები ანგარიშების ნაწილს უფასოდაც არიგებდნენ, რათა “Zoombombing“-ში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართულიყო. Zoom-ზე შეტევის ბოლო შემთხვევებს შორის იყო ვირტუალურ სინაგოგებში ანტისემიტური განცხადებებით შეჭრა, ფერადკანიანი ქალების შეხვედრაზე რასისტული გამონათქვამების ყვირილი, ანონიმური ალკოჰოლიკების შეკრებაზე მყოფი ადამიანების ბულინგი და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ Zoom-ის სანდოობასთან დაკავშირებით მრავალი ეჭვი არსებობს, აღსანიშნავია, რომ ექაუნთებზე ინფორმაციის გაჟონვა პლატფორმის დაჰაკვის გზით არ განხორციელებულა – ჰაკერებმა წვდომა იმ ადამიანთა ანგარიშებზე მოიპოვეს, რომელთა ელ.ფოსტები და პაროლები მანამდე უკვე სხვა პლატფორმებიდან ჰქონდათ მოპოვებული.
აღსანიშნავია, რომ ანგარიშების უსაფრთხოებისთვის, თითოეულ პლატფორმაზე სხვადასხვა პაროლის გამოყენებაა რეკომენდირებული.
ჰაკერული თავდასხმებისას მოპოვებული მეილების ნახვა ამ ვებსაიტზეა შესაძლებელი.